ატომური კორონავირუსი - ანუ რატომ იზრდება ბირთვული ინციდენტების საფრთხე
ატომური კორონავირუსი - ანუ რატომ იზრდება ბირთვული ინციდენტების საფრთხე
ახალი კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო მოიცვა და ყველა ფენის საქმიანობა შეცვალა. გამონაკლისი არც სამხედროები არიან, რადგან კორონავირუსი სხვადასხვა ქვეყნის არმიების პირად შემადგენლობაში მეტ-ნაკლებად უკვე გავრცელდა და მსოფლიოში დაინფიცირებულ სამხედროთა რაოდენობა ისევე იმატებს, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეების. თუმცა თუკი არქიტექტორს ან ეკონომისტს შეუძლია დისტანციურად აკეთოს თავისი საქმე, სამხედრო საგუშაგოს ვირტუალურად ვერ დაიცავს და ვერც ტანკს დაქოქავს დისტანციურად. სამხედრო სამსახური მოსამსახურეთა მჭიდრო კონტაქტს მოითხოვს ყაზარმაშიც, სასადილოშიც, სატვირთო ავტომობილშიც, ჯავშანტრანსპორტიორის სადესანტო ნაკვეთურშიც და სამხედრო ხომალდის
კუბრიკებშიც, ეს კი, ბუნებრივია, ზრდის ახალი კორონავირუსის გადადების საფრთხეს. შედეგად ავადდება მთელი სამხედრო დანაყოფი და თვით ატომური ავიამზიდის ეკიპაჟიც კი, რაც მათ საბრძოლო მზადყოფნას გამორიცხავს.

წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როცა ატომური ავიამზიდის ან ატომურ წყალქვეშა ნავის ეკიპაჟს კორონავირუსი შუა ოკეანეში "მოცელავს"! ვინ უნდა იზრუნოს ატომური რეაქტორების
უსაფრთხო ფუნქციონირებასა და ამ მცურავი საშუალებების ბორტებზე განლაგებული ბირთვული ქობინების დაცვაზე?
არანაკლებ საგანგაშოა შახტებში განთავსებული საკონტინენტთაშორისო ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების ბედიც, თუკი მათ მომსახურე პერსონალს ახალი კორონავირუსის პანდემია შეუტევს.

ასეთივე პრობლემაა ატომური ელექტროსადგურების სპეციალისტთა დაინფიცირებაც. ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს განსაკუთრებული და მუდმივი კონტროლი სჭირდება, რადგან მსოფლიოს მწარედ ახსოვს ჩერნობილისა და ფუკუსიმას ტრაგედიები. და აი, ასეთ ურთულეს დროს მოქმედების ვადა ეწურება აშშ-სა და რუსეთს შორის 2010 წელს ხელმოწერილ მესამე ხელშეკრულებას სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ. თუკი ვადა არ გაგრძელდა, ეს ხელშეკრულება ცხრა თვეში გაუქმდება, მისი გახანგრძლივების ალბათობა კი ძალიან მცირეა, რადგან აშშ ითხოვს, ამ ხელშეკრულებაში ჩინეთიც ჩაერთოს და ბირთვული შეიარაღების შეზღუდვა მასაც შეეხოს, რასაც პეკინი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ამასთან, ორიოდე თვის წინ პენტაგონმა ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების, "ტრაიდენტების", ნაწილზე შემცირებული ძალის ახალი ტაქტიკური ბირთვული ქობინების დამონტაჟება დაიწყო, რამაც კრემლის განსაკუთრებული შეშფოთება და გაღიზიანება გამოიწვია.

ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ახალი ამერიკული ტაქტიკური ბირთვული ქობინის სიმძლავრე მხოლოდ 5-6 კილოტონაა (ჰიროსიმაში აფეთქებული ატომური ბომბის სიმძლავრე 15 კილოტონას აღემატებოდა), რაც თეთრი სახლის განცხადებით, შესაძლებელს ხდის, აშშ-მა რომელიმე კონფლიქტის ზონაში ეს ბირთვული ქობინები შეზღუდულად გამოიყენოს ისე, რომ სიტუაცია გლობალურ ბირთვულ ომში არ გადაიზარდოს.

თეთრი სახლის ამ პოზიციას კრემლიდან მკაცრად უპასუხეს, რომ ნებისმიერი სიმძლავრის ამერიკული ბირთვული იარაღის გამოყენებას აუცილებლად მოჰყვება რუსეთის ბირთვული პასუხი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები