მობილურმა ტელეფონებმა 100-მდე გვარდიელი უმუშევარი დატოვა - კვირის პალიტრა

მობილურმა ტელეფონებმა 100-მდე გვარდიელი უმუშევარი დატოვა

ახალი წლის დადგომიდან რამდენიმე დღეში ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეები სასწავლო ცენტრ "კრწანისში" საველე სწავლებებზე გაიყვანეს.

ცოტა ხანში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვარდიიდან ერთბაშად 100-მდე სამხედრო მოსამსახურე დაითხოვეს, რომლებსაც მობილური ტელეფონების გამოყენება დასდეს ბრალად.

თვითმხილველთა თქმით, სასწავლო ცენტრში თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა მივიდა; სამხედრო მოსამსახურე ქალები ყაზარმის სხვა ნაწილში გააყვანინეს, ხოლო მამაკაც გვარდიელებს საკმაოდ უხეში ფორმით სამსახურის დატოვება და წერილობით იმის დადასტურება მოსთხოვეს, რომ ისინი, აკრძალვის მიუხედავად, სამსახურის დროს მობილური ტელეფონებით საუბრობდნენ. დღის განმავლობაში, სამუშაო პერიოდში (დილის 9-დან საღამოს 6სთ-მდე) სამხედრო მოსამსახურეებს მართლაც ეკრძალებათ მობილური ტელეფონების გამოყენება. ასეთი ბრძანება აგვისტოს ომის შემდეგ გამოვიდა და მის თანახმად, სამსახურში მისული სამხედრო მოსამსახურე გამორთულ მობილურ ტელეფონს სამორიგეოში ტოვებს, სამუშაო დღის ბოლოს კი - იღებს.

თავად სამხედროები არ მალავენ, რომ ეს აკრძალვა თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პერსონალზე არ ვრცელდება და რა თქმა უნდა, არც მაღალჩინოსან სამხედროებზე.

მობილური ტელეფონები ქართული არმიის "შეიარაღებაში" პირველად 1998 წლის მაისში, გალის რაიონში საბრძოლო მოქმედებების დროს გამოიყენეს, როდესაც მოწინააღმდეგე ახშობდა ქართული რადიოსადგურების სიხშირეებს.

2004 წლის ზაფხულში ცხინვალთან შეტაკებისას ქართული მხარე უკვე ინტენსიურად იყენებდა მობილურებს და მათი საშუალებით სამხედრო დანაყოფებსაც კი მართავდა; 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი მობილურმა ტელეფონებმა კარგი საქმის გარდა, ერთი ძალიან ცუდი მისიაც შეასრულა - უშუალოდ ბრძოლაში ჩართულ სამხედროებში მობილური ტელეფონების საშუალებით ვრცელდებოდა პანიკა, რაც უარყოფითად მოქმედებდა მათ საბრძოლო სულისკვეთებაზე.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მობილური ტელეფონების მოსმენა არა მარტო "მშობლიურ" შსს-ს ძალუძს, არამედ ცხინვალსა თუ გალის რაიონში მოკალათებულ რუსული რადიოდაჭერის სპეცდანაყოფებსაც მშვენივრად შეუძლიათ და არც ქართულის მცოდნეები აკლიათ.

ამიტომ ერთი შეხედვით გამართლებულიც უნდა იყოს, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები სამხედროებს სამუშაო დღის განმავლობაში მობილურის გამოყენებას უკრძალავენ - რაში სჭირდება მობილური კაპრალს, რომელიც სროლაში ვარჯიშობს ან ტაქტიკურ წვრთნებს გადის ტყეში?!

თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს - თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს "ჯეოსელის" კორპორატიული ნომრები მისცეს. ამის მიზანი თავის დროზე ის გახლდათ, რომ სამსახურებრივი საქმეები სხვადასხვა დონის მეთაურებს უფრო ოპერატიულად და უფასოდ მოეგვარებინათ. მაგრამ თითქმის მთელი დღის განმავლობაში გამორთული კორპორატიული ნომერი, სახლში მყოფ სამხედროს მხოლოდ განგაშზე გამოსაძახებლად თუ გამოადგება.

სასწავლო ცენტრ "კრწანისში" მომხდარი ინციდენტის შედეგად ეროვნული გვარდიის 97 სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლეს. ზოგი მათგანი პირად საუბარში აცხადებს, რომ მობილური ტელეფონებით საუბარი არაფერ შუაშია: "თავდაცვის სამინისტროს სურს, დაშალოს ეროვნული გვარდია და მიზეზს ეძებს გვარდიელების გასაყრელად".

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ ეროვნული გვარდიის სერიოზული რეფორმირება აქვთ დაგეგმილი - თავის დროზე თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საარმიო  რეზერვს მთლიანად რეგულარული საბრძოლო დანაყოფები მოამზადებენ, ხოლო რეფორმირებულ  ეროვნულ გვარდიას სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურის მოწყობა დაევალება.

მობილურების მიზეზით სამსახურიდან დათხოვნილ გვარდიელთა ნაწილს მიაჩნია, რომ მათი დასჯა სხვაგვარადაც შეიძლებოდა, მაგალითად, გამოეცხადებინათ საყვედური ან დაექვითათ ხელფასის ნაწილი, მაგრამ როგორც ჩანს, ასეთი გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტრომ თავიდან აიცილა გათავისუფლებულ გვარდიელთა დაკმაყოფილება, რაც მათი საკადრო შემცირების შემთხვევაში აუცილებელი იქნებოდა, ისევე, როგორც ორი თვის ხელფასის გადახდა კადრების განკარგულებაში ოთხთვიანი ყოფნის პერიოდში.

ისე, საოცარი ტრადიცია მკვიდრდება - 2010 წლის დადგომისას თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ შეიარაღებული ძალებიდან 200 პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი დაითხოვა ისე, რომ ზოგიერთ მათგანს დამსახურებულ სამხედრო პენსიამდე ერთი-ორი თვეღა აკლდა.

2011 წლის საახალწლო დღესასწაულს კი უკვე 100 გვარდიელის სამსახური შეეწირა. გასული წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები რამდენჯერმე ასევე მასობრივად გაათავისუფლეს სამსახურიდან; მათ შორის იყო 90-მდე არტილერისტი, რომლებიც ვაზიანის პირველ საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდნენ მაშინ, როდესაც იქ ერთმა კაპრალმა ავტომატის ჯერით დაცხრილა მეორე.

სამხედრო სამსახურიდან ასე მოულოდნელად და ერთბაშად რამდენიმე ათეული ოფიცრის, სერჟანტის ან თუნდაც კაპრალის გათავისუფლება მაშინ, როდესაც მათ მომზადებაზე საქართველოს ბიუჯეტიდან ათიათასობით ლარია დახარჯული (ოფიცერთა ნაწილს ძვირად ღირებული სამხედრო განათლება აშშ-სა და ევროპაში აქვთ მიღებული), სერიოზული დანაკლისია ქართული არმიისათვის და სამწუხაროდ, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურეების საქმეებს ინდივიდუალურად კი არ განიხილავენ,   არამედ ჯგუფურად უშვებენ სამსახურიდან...