მოსკოვი ცხინვალში წვევამდელებს გზავნის, შვეიცარიაში კი სამთო მსროლელებს ამზადებს... - კვირის პალიტრა

მოსკოვი ცხინვალში წვევამდელებს გზავნის, შვეიცარიაში კი სამთო მსროლელებს ამზადებს...

შვეიცარიის ალპებში მომზადებულ სამთო დანაყოფებს კრემლი კავკასიის ქედზე გამოიყენებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცხინვალთან, მე-4 საოკუპაციო ბაზაში, ახალწვეულების გამოგზავნას აპირებს.

ვისაც ახსოვს ჩეჩნეთის პირველი ომი, დაგვეთანხმება, რომ გროზნოს ქუჩები მაშინ რუსი ახალწვეულების სასაკლაოდ იქცა. ჩეჩნეთის მეორე ომში, 1999 წლის ბოლოდან რუსეთის გენერალიტეტი ცდილობდა, ომში მხოლოდ კონტრაქტით მომსახურეები და კადრის ოფიცრები გაეგზავნა და არა - სავალდებულო სამსახურის ახალწვეულები, რათა საბრძოლო დანაკარგი შეემცირებინა.

2008 წლის აგვისტოში როკის გვირაბიდან, ფსოუდან და ზღვის სანაპიროდან ქართულ მიწაზე შემოჭრილი რუსეთის რეგულარული საბრძოლო დანაყოფების  ძირითად ნაწილს კონტრაქტით მომსახურეები შეადგენდნენ, დღეს კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მე-4 საოკუპაციო ბაზის პირადი შემადგენლობის როტაციას იწყებს და კონტრაქტით მომსახურეებს სავალდებულო სამსახურის სერჟანტებითა და ჯარისკაცებით ჩანაცვლებას უპირებს. ცალკეული გვარდიული საარტილერიო დივიზიონის პირადი შემადგენლობის ამ სახით როტაცია  უკვე დაწყებულია; სხვათა შორის, ეს სწორედ ის დივიზიონია, რომელიც ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით - "სმერჩებითაა" აღჭურვილი და პირველ რიგში საქართველოს დედაქალაქს ემუქრება.

წესით, ჩვენთვის, როგორც ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყნისთვის, მცირე შვება მაინც უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ოკუპანტ ქვეყანას ჩვენს მიწაზე შედარებით გამოცდილი კონტრაქტით მომსახურეების პირტიტველა ჯარისკაცებით ჩანაცვლება სურს. მართალია, ოკუპანტი ოკუპანტია, მაგრამ მისი გამოუცდელობა რაღაც იმედს მაინც ტოვებს.

არავის ეგონოს, რომ მოსკოვში რაიმეს ჩვენთვის სასიკეთოს ფიქრობენ, უბრალოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცის შენახვა ბევრად იაფი უჯდება, ვიდრე კონტრაქტით მომსახურისა. ამასთან, ჩანს, რუსეთის გენშტაბში ნაკლებად ელოდებიან საბრძოლო მოქმედებების დაწყებას ახალგორისა თუ ცხინვალის რაიონებში და ამიტომაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე პირტიტველა ჯარისკაცებს "გვიგზავნიან".

სამაგიეროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აპირებს, შვეიცარიელ კოლეგებთან გააფორმოს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რუს სამთო მსროლელებს შვეიცარიის ალპებში მდებარე სამთო მომზადების ბაზებში გადაამზადებენ.

ის ფაქტი, რომ რუსული მხარე ყურადღებას ამახვილებს მაღალი დონის სამთო მსროლელების მომზადებაზე, მხოლოდ ერთს მიუთითებს - რუსეთის გენშტაბის უახლოეს გეგმებში ისევ შედის კავკასიის (და არა მარტო კავკასიის) მთებში საბრძოლო მოქმედებების წარმოება...

სხვათა შორის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების (მათ შორის - უკრაინის, სომხეთის თუ ბალტიისპირეთის) სამხედრო მოსამსახურეები ბოლო წლებში გადიოდნენ სპეციალურ სამთო მომზადებას საქართველოში, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. რა თქმა უნდა, საჩხერის სკოლა ათწლეულების განმავლობაში მოქმედი შვეიცარიული სამთო მომზადების ცენტრების დონის არ არის, მაგრამ მონდომების შემთხვევაში საჩხერეშიც მოხერხდება სერიოზული სამთო სპეციალისტების მომზადება, რომლებიც კავკასიის მთებში ჩრდილოელი, აგრესიული მეზობლის სამთო სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების შეჩერებას შეძლებენ...