კრემლის "გადამალული" კატასტროფები... - კვირის პალიტრა

კრემლის "გადამალული" კატასტროფები...

ახალი კორონავირუსის პანდემიის კატასტროფულ შედეგებს კრემლი "საუკეთესო" საბჭოთა ტრადიციის მიხედვით ჩქმალავს და სხვა ქვეყნებს აბრალებს დაინფიცირებულთა რიცხვის განზრახ შემცირებას...

პანდემია უკვე თითქმის ნახევარი წელია, მძვინვარებს მთელ პლანეტაზე და მას 300 ათასამდე ადამიანი შეეწირა, 4 მილიონამდე კი დაავადდა, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მსოფლიოში დაინფიცირებულთა რაოდენობა შეიძლება ორჯერ მეტიც იყოს.

ასეთი განსხვავება, ძირითადად, გამოწვეულია უსიმპტომო ავადმყოფების ძნელად გამოვლენით (რასაც შეიძლება მხოლოდ საყოველთაო ტესტირებამ უშველოს) და დაინფიცირებულთა რაოდენობის განზრახ შემცირებით, რასაც ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფალნი აკეთებენ.

ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი - ამა თუ იმ ქვეყნის ოდიოზურ პოლიტიკურ ლიდერებს არ სურთ, მსოფლიოს დაანახვონ, რომ მათი ხელისუფლება მოუმზადებელი შეხვდა პანდემიის დაწყებას, მეორე მიზეზი კი "შიდა მოხმარებისაა", ანუ არ უნდათ, უხილავ ფრონტზე პანდემიასთან ბრძოლაში წარუმატებლობის გამო საკუთარ მოსახლეობას პანიკის საბაბი მისცენ.

საქართველოს ხელისუფლებას შეიძლება აღრიცხვისას რამდენიმე ათეული უსიმპტომო დაინფიცირებული გამორჩეს (რაც მეტ-ნაკლებად გამოსწორდება მასობრივი სწრაფი ტესტირებით), მაგრამ ოფიციალური თბილისისთვის იმის დაბრალება, რომ ის განზრახ მალავს და ამცირებს ინფიცირებულთა რაოდენობას, არასერიოზულია, თუმცა სწორედ ამაში გვდებს ბრალს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. რუსეთი, რომელიც ყველაფერს საქართველოს აბრალებს, ისევ ლუგარის ლაბორატორიას ესხმის თავს და "ვერ იჯერებს", რომ კორონავირუსმა ასე ცოტა ქართველი დააავადა.

რუსეთში დღე-ღამეში დაინფიცირებულთა რაოდენობა 10 ათასზე მეტია და პიკი იქ ჯერ წინაა, რისი მთავარი მიზეზიც ის არის, რომ კრემლმა თავიდანვე სცადა მიეჩქმალა ახალი კორონავირუსის მთელ რუსეთში კატასტროფული ტემპით გავრცელების საფრთხე. თუმცა ეს ხომ ახალი არ არის?! კრემლში საბჭოთა პერიოდშიც ყოველთვის ცდილობდნენ ან საერთოდ მიეჩქმალათ, ან მინიმუმამდე შეემცირებინათ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მომხდარი კატასტროფების მასშტაბები და ამ "ტრადიციას" ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს "ღირსეულად" აგრძელებენ კრემლის დღევანდელი ბინადარნი.

ჩვენ ვეცდებით, გავიხსენოთ საბჭოთა კავშირსა და რუსეთის ფედერაციაში მომხდარი რამდენიმე რეზონანსული კატასტროფა, რომელთა მასშტაბს მოსკოვი განსაკუთრებული მონდომებით ამცირებდა, რითაც საფრთხეს უქმნიდა მილიონობით მოქალაქეს, მათ შორის - საბჭოთა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებთაც.

საშინელ კატასტროფას ნიღბავდნენ "ჩრდილოეთის ნათებად"...

1957 წლის 29 სექტემბერს ჩელიაბინსკის ოლქში, ქიმიურ კომბინატ "მაიაკში", სადაც ბირთვულ მუხტებს ამზადებდნენ, ძალზ ე სახიფათო რადიაციული ინციდენტი მოხდა, რომელიც თავისი მასშტაბით დღემდე მესამე ადგილზეა ჩერნობილისა და ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგურების ავარიების შემდეგ, მაგრამ თუკი ამ ორი კატასტროფის შესახებ მსოფლიომ მაშინვე შეიტყო (კრემლმა სცადა, ჩერნობილის ატომური ავარიის მასშტაბი შეემცირებინა, თუმცა არ გამოუვიდა), "მაიაკის" რადიაციული ინციდენტი კრემლმა ოფიციალურად მხოლოდ...

32 წლის შემდეგ, 1989 წელს აღიარა! "მაიაკის" მიწისქვეშა საცავში, სადაც მაღალრადიაქტიური ნარჩენები ინახებოდა, გ აგრილების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო ათობით ტონა ტროტილის აფეთქების ეკვივალენტური სიმძლავრის აფეთქება მოხდა; შედეგად ატმოსფეროში 2 კმ სიმაღლეზე აიტყორცნა სტრონციუმ-90-ისა და ცეზიუმ-137-ის რადიაქტიური იზოტოპების შემცველი ღრუბელი, რასაც ნარინჯისფერ-წითელი ნათება ახლდა. უცნაურად განათებულმა ღამის ცამ ათიათასობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო და იმისთვის, რომ კატასტროფის ნამდვილი მიზეზი დაემალათ (იმ დროს ბირთვული მუხტების დამამზადებელი "მაიაკი" ერთ-ერთი უმთავრესი საბჭოთა საიდუმლო იყო), მაშინდელმა ხელისუფლებამ ხმა გაავრცელა, თითქოს ეს "ჩრდილოეთის ნათება" იყო, არადა სამხრეთ ურალის თავზე ამ ბუნებრივი მოვლენის გამოჩენა შეუძლებელი იყო... Kკრემლმა მაშინ შეძლო ამ ტექნოგენური კატასტროფის მიჩქმალვა, თუმცა ავარიის შედეგად გამოტყორცნილ მაღალრადიაქტიურ ღრუბელში მოხვდა არანაკლებ 30 ათასი ადამიანისა, რამაც უარყოფითად იმოქმედა როგორც მათ, ისე მათი შთამომავლობის ჯანმრთელობაზე.

ბაიკონურზე რაკეტის აფეთქებისას დაფერფლილი საბჭოთა მარშალი

1960 წლის 24 ოქტომბერს ყაზახეთში, ბაიკონურის კოსმოდრომიდან ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაფრენის მომზადებისას, სტარტამდე 15 წუთით ადრე, მოულოდნელად ამუშავდა 34 მ სიგრძისა და 141 ტონა მასის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის მეორე საფეხურის ძრავა, რამაც პირველი საფეხურის აზოტის მჟავის შემცველი საწვავის ავზები ააფეთქა და რაკეტის სტარტის გარშემო მყოფი ასამდე ადამიანი ცეცხლში გაახვია. მათ შორის იყო საბჭოთა კავშირის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სარდალი, მარშალი ნედელინიც, რომელიც სასტარტოდ გამზადებული რაკეტიდან ოციოდე მეტრში, სკამზე იჯდა და სპეციალისტებს აჩქარებდა, რათა ხრუშჩოვისთვის დროულად მოეხსენებინა იმ ახალი ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გამოცდის შესახებ, რომელსაც ნიუ-იორკამდე შეეძლო მიღწევა.

საშინელი აფეთქების შედეგად საბჭოთა მარშლის სხეული გაქრა და ბეტონის საფარზე მხოლოდ მისი ნაკვალევი დარჩა.

კრემლმა, რა თქმა უნდა, ეს კატასტროფაც დამალა, ხოლო საბჭოთა მარშლის "გაქრობა", რაც ვერ მიიჩქმალებოდა, საავიაციო კატასტროფაში მისი დაღუპვით ახსნა.

ვლადივოსტოკს შეიძლებოდა ჰიროსიმის ბედი გაეზიარებინა...

1985 წლის 10 აგვისტოს საბჭოთა კავშირის შორეული აღმოსავლეთის უდიდესი ქალაქი ვლადივოსტოკი ბეწვზე გადარჩა, რომ ჰიროსიმას ან ნაგასაკს არ დამსგავსებოდა.

ქალაქის სიახლოვეს მდებარე გემთსარემონტო ქარხნის პირსთან მიმდინარეობდა ატომური წყალქვეშა ნავის ატომური რეაქტორების საწვავის გადატვირთვა. ამ დროს მის გვერდით სწრაფად გაცურა სამხედრო კატარღამ, წარმოქმნილმა ტალღამ კი აატორტმანა მცურავი ამწე, რომელსაც ატომური რეაქტორის დამცველი ხუფი ჰქონდა აწეული. ამან გამოიწვია რეაქტორის აქტიური ზონიდან შთანმთქმელი ღეროების ამოწევა, ატომურ რეაქტორში დაიწყო ბირთვული რეაქცია და მოხდა სითბური აფეთქება, რის შედეგადაც რამდენიმეტონიანი დამცველი ხუფი ათეულ მეტრზე ავარდა და ისევ წყალქვეშა ნავის კორპუსს დაეცა, ჩაამტვრია, ოღონდ, საბედნიეროდ, არ დააზიანა წყალქვეშა ნავის მეორე რეაქტორი, რაც კიდევ ერთ დიდ აფეთქებას გამოიწვევდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვლადივოსტოკი ბირთვულ აფეთქებას გადაურჩა, დაზიანებული ატომური რეაქტორიდან ამოტყორცნილმა მაღალრადიაქტიურმა ღრუბელმა მთელ ქალაქს გადაუარა და ათასობით ის ადამიანი დაასხივა, რომლებსაც ამ საშიში ბირთვული ინციდენტის შესახებ ინფორმაცია დაუმალეს, ხიფათი კი მართლაც უდიდესი გახლდათ, რადგან სითბური აფეთქების ეპიცენტრში მყოფი ოფიცრის (რომლის ნეშტიც ვერ იპოვეს) ოქროს ბეჭდის რადიაციული ფონი 90 ათასს რენტგენ/სთ-ს შეადგენდა!

კრემლის პრესტიჟს შეწირული ატომური "კომსომოლეცი" და "კურსკი"

"კომსომოლეცი" 1989 წლის 7 აპრილს ჩაიძირა ნორვეგიის ზღვაში, "კურსკი" კი - 2000 წლის 12 აგვისტოს ბარენცის ზღვაში და მიუხედავად იმისა, რომ პირველ შემთხვევაში კრემლში მიხეილ გორბაჩოვი იჯდა, მეორე ინციდენტის დროს კი - ვლადიმირ პუტინი, ორივე ატომურ კატასტროფას ერთი რამ აერთიანებს - არც გორბაჩოვმა და არც პუტინმა დასახმარებლად თავიდანვე არ მიმართეს ავარიის რაიონში მყოფ უცხო ქვეყნის ხომალდებს (რომლებსაც შეიძლებოდა გადაერჩინათ ამ ატომური წყალქვეშა ნავების ეკიპაჟების ნაწილი მაინც), რადგან ტრადიციულად, უნდოდათ ამ ტექნოგენური კატასტროფების დამალვა. "კურსკის" ტრაგედიიდან ზუსტად 19 წლის შემდეგ, 2019 წლის 8 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა არ უღალატა კრემლის ბინადართა ტრადიციას და გაასაიდუმლოა არხანგელსკის ოლქში, ნიონოქსას სარაკეტო პოლიგონზე მომხდარი ბირთვული ინციდენტი, რომელსაც შვიდი რუსი სამხედრო მეზღვაური შეეწირა, თუმცა დასავლეთის კოსმოსური დაზვერვისა და მუდმივი რადიაციული მონიტორინგის მეოხებით ამჯერად კრემლმა ვერ შეძლო, დაემალა, რომ მისმა ახალმა იარაღმა - ბირთვულძრავიანმა ფრთოსანმა რაკეტამ ავარია განიცადა.

ეს ჩამონათვალი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ტექნოგენური თუ ბუნებრივი კატასტროფებისა, რომელთაც ჯერ საბჭოთა კავშირის ხელისუფლება ასაიდუმლოებდა, ახლა კი რუსეთის მმართველები ჩქმალავენ და სხვა ქვეყნებს სდებენ ბრალს სიმართლის დამალვაში.

P.S. ძალიან ძნელია ამის დამტკიცება, მაგრამ ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, 1970-იანი წლების ბოლოს თბილისთან, ვაზიანის ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე მსხვილი საბჭოთა სამხედრო შენაერთი იყო დისლოცირებული, ბირთვული ინციდენტი მოხდა მიწისქვეშა ბუნკერში, სადაც მაშინდელი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის განკუთვნილი ტაქტიკური ბირთვული იარაღი - ატომური ნაღმები, საარტილერიო ჭურვები და ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების ქობინები ინახებოდა. მაგრამ ვინ გვეტყვის სიმართლეს?