ამერიკა-ჩინეთის "კორონაომის" დასაწყისი
18-05-2020
ამერიკა-ჩინეთის "კორონაომის" დასაწყისი
"ორ თვეში ტრამპი ჩინელებს აშშ-ში აღარ შეუშვებს, თუ მანამდე..."

ორ ბირთვულ სახელმწიფოს - აშშ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ახალი დაპირისპირება ყოველდღიურად ღრმავდება, რაც იმოქმედებს მთელ მსოფლიოსა და, ცხადია, საქართველოზეც, რომელიც, ერთი მხრივ, სტრატეგიულად თანამშრომლობს ვაშინგტონთან და, მეორე მხრივ, წარმატებული და მზარდი სავაჭრო ურთიერთობა აქვს პეკინთან.

ამერიკა-ჩინეთის ეკონომიკური "ომები" არახალია, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ამ ორ ზესახელმწიფოს შორის ეკონომიკურ-პოლიტიკური დაპირისპირება უკიდურესად მწვავდება, რაც შეიძლება ორმხრივი უმკაცრესი სანქციების დაწესებაშიც კი გადაიზარდოს.

თუკი ჩინეთის ხელისუფლება 60 დღეში არ გამოაქვეყნებს კორონავირუსის წარმოქმნისა და თავდაპირველი გავრცელების ყველა დეტალს, არ აკრძალავს გარეული ეგზოტიკური ცხოველებისა და ფრინველების ხორცის გაყიდვას და არ გაათავისუფლებს პანდემიის დროს დაპატიმრებულ ჰონკონგელ აქტივისტებს, აშშ ჩაკეტავს საზღვარს ჩინეთის მოქალაქეებისთვის, გაყინავს მათ საბანკო ანგარიშებს ამერიკულ ბანკებში და აკრძალავს ჩინური
საწარმოებისთვის კრედიტის გაცემას.

ეს ულტიმატუმი ასახულია კანონპროექტში, რომელიც რესპუბლიკელი სენატორების ერთმა ჯგუფმა მოამზადა. მართალია, სანამ პრეზიდენტის ოვალური კაბინეტის მაგიდაზე ხელმოსაწერად აღმოჩნდება, ამ დოკუმენტმა ჯერ აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის მოწონება უნდა დაიმსახუროს, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე მიანიშნა, რომ კანონპროექტს უსათუოდ გაეცნობა, რაც ბადებს ეჭვს, რომ რესპუბლიკელ სენატორებს სანქციების შემოღების აზრი შეიძლება სწორედ რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა მიაწოდა.

დაჰყვება თუ არა პეკინი ამერიკელების ასეთ კატეგორიულ მოთხოვნებს? ალბათ, არა. და არა იმიტომ, რომ ჩინეთის ხელისუფლებას არ სურს ბაზრებში ღამურებისა თუ ქვეწარმავლების ხორცის გაყიდვის აკრძალვა (რამდენიმე ქალაქში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ისედაც აკრძალა); არც ჰონკონგელი აქტივისტების ციხეში დაბერებას ესწრაფვის ვინმე. საქმე ის არის, რომ ოფიციალური პეკინი არავითარA შემთხვევაში არ აღიარებს უხანის რომელიმე ლაბორატორიიდან ახალი კორონავირუსის გავრცელების ფაქტს (ასეც რომ იყოს).

ცხადია, ოფიციალური პეკინისგან კორონავირუსის წარმოშობის მიზეზის გახმაურების მოთხოვნა პრეზიდენტ ტრამპისთვის ჩინეთზე ზემოქმედების ძირითადი პოლიტიკურ-ეკონომიკური ბერკეტია, რომლის საშუალებით თეთრი სახლის ადმინისტრაცია კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, როდესაც მსოფლიო და მათ შორის ამერიკული ეკონომიკაც ურთულესი გამოცდის წინაშე დგას, ცდილობს, ჩინეთთან ეკონომიკური უპირატესობა მოიპოვოს, რადგან ამის უკან ჩინეთის მზარდი სამხედრო ძლიერების საფრთხე იკვეთება.

შარშანდელ სამხედრო აღლუმზე ჩინეთმა თავისი სამხედრო შეიარაღების უახლესი ნიმუშები გამოფინა, რაც პენტაგონის ანალიტიკოსებისთვის გაფრთხილებად უნდა ქცეულიყო, რადგან აშშ-ის უპირველეს მოწინააღმდეგეს - რუსეთის ფედერაციას თავისი მზარდი სამხედრო შესაძლებლობებით მალე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა შეცვლის.

სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც აშშ, ალბათ, აღარ გააგრძელებს რუსეთთან ორმხრივ ხელშეკრულებას სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ, რომელსაც 2021 წლის 5 თებერვალს გასდის ვადა. პრეზიდენტი ტრამპი დაჟინებით ითხოვს, რომ ახალ ხელშეკრულებაში მესამე მხარედ აუცილებლად ჩაერთოს ჩინეთი და მანაც შეზღუდოს ბირთვული შეიარაღება, რასაც პეკინი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. სამაგიეროდ, მოსკოვი ბრიტანული ბირთვული შეიარაღების გაკონტროლების მომხრეა, რაც უკვე ლონდონისა და ვაშინგტონისთვის არის მიუღებელი.

პრეზიდენტ პუტინს შორს გამიზნული განზრახვა ჰქონდა, როდესაც ჩინეთისთვის იმ უახლესი გამანადგურებელი თვითმფრინავებისა და საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიყიდვას დასთანხმდა, რომლებითაც ჯერ რუსეთის არმია იწყებდა გადაიარაღებას.

ჩინეთისთვის ახალი რუსული სამხედრო ტექნოლოგიების მიყიდვით კრემლმა დააჩქარა პეკინის სამხედრო ამბიციების ზრდა და ის, გარკვეულწილად, აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ მიმართა (დაახლოებით იმავეს ცდილობდა პუტინი, როცა ერდოღანს უახლესი - С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მიჰყიდა, რითაც ბზარი გაუჩინა თურქეთ-აშშ-ის დიდი ხნის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას და განხეთქილება ჩამოაგდო თურქეთისა და ნატოს ურთიერთობაში).

სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებული ჩინეთის აშშ-ის წინააღმდეგ ამხედრება კრემლის უდავო წარმატებაა, ოღონდ მედალს მეორე მხარეც აქვს და რუსეთის სამხედრო-საექსპერტო წრეებში ტყუილად როდი ეშინიათ, რომ შეიძლება მომძლავრებულმა ჩინეთმა მეზობელი რუსეთის "ბოსტანში" - ახლო აღმოსავლეთის რეგიონშიც - "გადაიხედოს", მით უმეტეს, რომ ბოლო წლებში იქ ჩინეთის მოქალაქეთა ბიზნესის მოცულობა გაათმაგდა.
კორონავირუსის პანდემიამ შეიძლება წარმოშვას "კორონაომების" დაწყების აუცილებლობა, რადგან მსოფლიოს ეკონომიკა და პოლიტიკა ახალი გადაჯგუფების სტადიაშია და მოიგებს ის, ვინც მეტ გავლენის ბერკეტს ჩაიგდებს ხელში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?