ვიდეოკამერით დაფიქსირებული ტერაქტი - კვირის პალიტრა

ვიდეოკამერით დაფიქსირებული ტერაქტი

24 იანვარი მორიგ ტრაგედიად იქცა მოსკოვისათვის, როცა "დომოდედოვოს" აეროპორტის მგზავრების გამოსასვლელ ფოიეში მძლავრი აფეთქება მოხდა.

აფეთქებამ 35 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 150-ზე მეტი დაიჭრა, თუმცა მომხდარი ჩამოუვარდება 2004 წლის 24 აგვისტოს ტერაქტებს, როდესაც ამ აეროპორტიდან აფრენილი ორი სამგზავრო თვითმფრინავი ორმა ჩეჩენმა ქალმა თითქმის ერთდროულად ააფეთქა (აფეთქებები 9 წმ-ის ინტერვალით მოხდა), რის შედეგადაც 90 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ. "დომოდედოვოში" მომხდარი 24 იანვრის აფეთქება უკვე კვალიფიცირებულია, როგორც ტერაქტი, რომელიც ტერორისტმა-კამიკაძემ განახორციელა.

ეს ერთ-ერთი იმ  ტერაქტთაგანია, რომელიც სათვალთვალო ვიდეოკამერამ სრულად დააფიქსირა.

გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ ტერორისტი აფეთქებამდე 15 წთ-ით ადრე შევიდა მოფრენის დარბაზში. მას შავი ქურთუკი ეცვა და კეპი ეხურა. იგი ერთ ადგილზე იდგა, არც არავის დალაპარაკებია და არც მობილურ ტელეფონზე უსაუბრია. აფეთქების მომენტში მის გარშემო არცთუ ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, რაც გამოძიებას საშუალებას აძლევს, ივარაუდოს, რომ აფეთქება წინასწარ განსაზღვრულ დროს მოხდა და ტერორისტი-კამიკაძე არ დალოდებია ხალხის დიდი მასის მოგროვებას დარბაზში.

მართალია, აფეთქებამ გაანადგურა სათვალთვალო ვიდეოკამერა, მაგრამ მთავარ სერვერზე დარჩენილი ვიდეოკადრებიდან გამოძიება ასკვნის, რომ ტერორისტი-კამიკაძე რაღაცით წააგავს ჩრდილოკავკასიელს.

ფაქტია, რომ ამ ტერაქტის დამგეგმავებმა კარგად შეისწავლეს რუსული აეროპორტების, მათ შორის - "დომოდედოვოს" უსაფრთხოების სისტემა და მიაგნეს ყველაზე სუსტ წერტილს. როგორც წესი, აეროპორტში გასაფრენად მოსულ მგზავრებსა და მათ ბარგს სერიოზულად ამოწმებენ მეტალის მძებნელებისა და სპეციალურად დაგეშილი ძაღლების საშუალებით, რათა თვითმფრინავში არავინ აიტანოს იარაღი ან ასაფეთქებელი მოწყობილობა (2004 წლის 24 აგვისტოს შემდეგ, როდესაც ორმა ჩეჩენმა კამიკაძე-ქალმა ეს მაინც შეძლო, "დომოდედოვოში" ამ მხრივ განსაკუთრებული კონტროლია), თუმცა უყურადღებოდ რჩებოდა მოფრენის დარბაზი, რომელშიც სასაზღვრო და საბაჟო კონტროლგავლილი მგზავრები გამოდიან და დამხვდურებს ხედავენ, მათ კი მოფრენის დარბაზში შესვლის წინ არავინ ამოწმებს...

სწორედ ამით ისარგებლა ტერორისტმა-კამიკაძემ და აეროპორტის ერთ-ერთ ნაწილში თავისუფლად შეაღწია. გამოძიებას მიაჩნია, რომ მას ტანზე ჰქონდა დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა (ნაპოვნია ამ მოწყობილობის ელექტრონული სქემის ნაწილებიც), რომელიც არანაკლებ 5კგ ტროტილის ეკვივალენტ ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, შეიცავდა წინასწარ გამზადებულ მეტალის დამაზიანებელ ელემენტებს, რომლებითაც აფეთქების დროს ახლომდგომები დაიჭრნენ. ძლიერმა აფეთქებამ ტერორისტი-კამიკაძისგან მხოლოდ დამახინჯებული თავი დატოვა, რომლის მიხედვითაც შედგა ფოტორობოტი. ეს სურათი, მისი ამოცნობის მიზნით, რუსეთის სპეცსამსახურებმა ჩრდილო კავკასიაში გაავრცელეს.

მოსკოვის აეროპორტში მომხდარი ტერაქტი სერიოზულ დარტყმად იქცა რუსული სპეცსამსახურებისა და პირადად პუტინისთვის, რომელიც ყველა ტერორისტს "სარტირში" ჩარეცხვას ჯერ კიდევ ათი წლის წინ შეჰპირდა...