"მშვიდობის მტრედმა" ოქრუაშვილმა რამდენჯერ დაგვაყენა ომის წინაშე?! - კვირის პალიტრა

"მშვიდობის მტრედმა" ოქრუაშვილმა რამდენჯერ დაგვაყენა ომის წინაშე?!

"კოლჩუგების" მაგალითი მხოლოდ წვეთია "ოტკატების" ზღვაში, როცა ქართულიარმიის გადაიარაღებისა და გაძლიერების მოტივით ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობისას უზარმაზარი თანხები მოიპარეს"

"მაქსიმალურად ვცდილობთ, ბუნებრივად ვითამაშოთ "მშვიდობის მტრედების" როლი და ჩვენში მართლაც შინაგანად ზის ეს" - განაცხადა "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი". ამას აცხადებს ადამიანი, რომლის ქმედებებმა მაღალ თანამდებობებზე ყოფნისას საქართველოს არაერთი პრობლემა შეუქმნა და რასაც არაერთი ადამიანი შეეწირა.

ყოველთვის თავს ვიკავებდი იმ პოლიტიკური ბაკქანალიის კომენტირებისგან, რომელშიც ათწლეულებია, ჩაფლულია ჩვენი ქვეყანა, მაგრამ არსებობს უტიფრობის ზღვარი, როდესაც თეთრის შავად მონათვლაზე თვალს ვერ დახუჭავ...

რობაქიძის ტრაგედიის "შეფუთვა" მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გარეშე რომ არ მოხდებოდა, ამას მაშინვე მიხვდა ყველა, ვისაც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის ხანმოკლე გამოცდილება მაინც ჰქონდა. დღეს უკვე იმ მოწმეებმაც მისცეს აღიარებითი ჩვენება, ვინც რობაქიძის საქმე იარაღის ჩადებით გააყალბეს და ძნელად მისახვედრი არ არის, ეს ბრძანება რომელი მინისტრისგან გაიცა, მაგრამ ერთია თუნდაც ახალშექმნილი პატრულის იმიჯის გადასარჩენად საკუთარი უდანაშაულო მოქალაქის შემთხვევითი მკვლელობის გაყალბება და მეორე - ომის წამოწყების ინიცირება.

რა როლიც კიტოვანს მიუძღვის 1992 წლის აფხაზეთის ომის დაწყებაში, იმავე როლს ასრულებდა 2004 წლის ზაფხულის საბრძოლო მოქმედებების გააქტიურებაში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ორივე ომით მხოლოდ ერთიანი საქართველოს ინტერესები დაზარალდა და ვინ მოიგო? იმ რუსეთმა ხომ არა, რომლის დედაქალაქში კიტოვანი დღესაც არხეინად ცხოვრობს, ოქრუაშვილის მოსკოვში საიდუმლო ვოიაჟებზე კი ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლება გაჰკიოდა?! 2004 წლის აგვისტოში ძლივს გადავურჩით იმას, რაც 2008 წლის აგვისტოში მაინც დაგვემართა, თუმცა ეს ტრაგედია 2005 ან 2006 წელსაც შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან უკვე თავდაცვის მინისტრად დანიშნული ოქრუაშვილი საქვეყნოდ გვპირდებოდა ახალი 2006 წლის ცხინვალში საზეიმოდ აღნიშვნას.

მაშინ ერთ-ერთი მთავარი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სტუმრობისას დავიწყე იმის ახსნა, რომ სამხედრო ოპერაციის მიმართულების წინასწარ გაცხადება და კონკრეტული თარიღის დასახელება სახელმწიფო დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა და მაგალითიც მოვიყვანე - რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გრაჩოვმა ათასობით ჯარისკაცი შეაკლა, როცა 1995 წელს, ახალი წლის ღამეს მოინდომა გროზნოს აღება. აზრი დამთავრებული არ მქონდა, რომ ამ ტელევიზიის ანგაჟირებულმა წამყვანმა მიკროფონი ხელიდან გამომტაცა ლამის კივილით - როგორ, თქვენ ვიღაც გრაჩოვს ადარებთ ჩვენს თავდაცვის მინისტრ ბატონ ირაკლი ოქრუაშვილსო? მერე კულუარებში ამიხსნეს, თურმე რა "საშინელი შეცდომა" დამიშვია, როცა იმ ჟურნალისტის პირადი სიმპათია შევადარე "ვიღაც" გრაჩოვს, რომელმაც აფხაზეთში ომიც მოგვიგო და ენგურის აქეთ ის რუსი "ცისფერჩაფხუტიანებიც" ჩაგვიყენა, რომლებმაც 15 წლის შემდეგ, აგვისტოს ომის დროს, სენაკიდან ქართული არმიის შეიარაღება ალაფად წაიღეს. ასე გადაწონა კოლეგიალობა პირადმა ურთიერთობამ... მაშინ ოქრუაშვილს, საბედნიეროდ, არ დასცალდა ცხინვალისთვის ახალი წლის "მილოცვა", მაგრამ 2005 წლის 20 სექტემბერს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი შემთხვევა მოხდა - ცხინვალში ოსი და აფხაზი სეპარატისტების ლიდერები ზეიმობდნენ, როდესაც ქალაქში 120 მმ კალიბრის ნაღმსატყორცნის ოთხი ნაღმი ჩავარდა და შვიდი მოსახლე დაჭრა, მათ შორის - ორი ბავშვი. ეუთოს წარმომადგენლებმა აფეთქებული ნაღმების კორპუსების სტაბილიზატორების მიწაში ჩარჭობის კუთხის გაზომვით მალევე დაადგინეს, რომ ისინი ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გაშვებული...

საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ოფიციალურად უარყო მომხდარში მონაწილეობა, მაგრამ გულზე ხელი დაიდოს და სიმართლე თქვას იმდროინდელმა თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც მთვრალმა, თავის გენშტაბის "რიჟა" უფროსთან ერთად ბიჭები დიდ შარში გახვია და ნაღმსატყორცნის გამოტანა უბრძანა... იმ ნაღმების ცხინვალში აფეთქებით მაშინ საქართველომ ძალიან ბევრი დაკარგა, რადგან ქართული მხარე ცხინვალში სეპარატისტთა სამხედრო აღლუმის გამო საერთაშორისო დონეზე პროტესტს აპირებდა, ამის მაგივრად კი თავის მართლება მოუხდა იმ დაბომბვის გამო, რომლის სამხედრო აუცილებლობა არ არსებობდა და ასეთი პროვოკაცია სწორედ რუსეთისა და ადგილობრივი სეპარატისტების წისქვილზე ასხამდა წყალს...

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ოქრუაშვილმა კიდევ ერთი დიდი "გმირობა" შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის საზღვარგარეთ შესყიდვისა და საბრძოლო ტექნიკის რემონტის დროს ჩაიდინა, როცა ქვეყანამ რამდენიმე ასეული მილიონი ლარი იზარალა. კეთილი ინებონ პროკურორებმა და 2005-2006 წლებში თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მითვისებული სახელმწიფო თანხების კვალი ეძებონ, მე კი გავიხსენებ ერთ უდიდეს აფიორას, რომელზეც თავის დროზე "კვირის პალიტრისთვის" ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარე.

უკრაინამ პასიური რადიოტექნიკური დაზვერვის კომპლექსის, "კოლჩუგას" შეძენა შემოგვთავაზა 15 მლნ დოლარად. იქ ჩასულმა საქართველოს მაშინდელი სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა დიდი ვაჭრობის შემდეგ ეს თანხა ჯერ 11 მლნ დოლარამდე შეამცირებინა, მერე კი, ის იყო, ლამის 9 მლნ-ზეც ითანხმებდა, რომ მოულოდნელად თბილისში გამოიძახეს და "მიახარეს", რომ თანამდებობიდან გათავისუფლებული იყო. მან თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას ყველა საჭირო დოკუმენტი გადასცა და მოახსენა, რომ "კოლჩუგას" ფასი 15-დან 11 მლნ-მდე შეამცირებინა, თან დაამატა, შეიძლება ჩემმა შემცვლელმა 9 მლნ-ზეც კი დაითანხმოსო...

გადის დრო და კიევში ჩასული საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელს აწერს დოკუმენტს, რომლის თანახმად უკრაინული "კოლჩუგების" კომპლექსს ვყიდულობთ... 16,5 მლნ დოლარად!!!

ამ ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ოქრუაშვილმა ხელის დაბანა სცადა - მე რას მერჩით, ამ თანხად "კოლჩუგების" ყიდვას ხელი ხომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოაწერაო... ხელი კი პრეზიდენტმა მოაწერა, მაგრამ ხელშეკრულება ხომ თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა მინისტრის დასტურით?! ვერ გამოვრიცხავთ, რომ უკრაინულ "კოლჩუგებზე" "მოტეხილი" 4-5 მლნ დოლარით მაშინ თავდაცვის მინისტრის გარდა პრეზიდენტმაც იხეირა, მაგრამ სამწუხაროდ, ამის გამოსარკვევად მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიება არ კმარა...

"კოლჩუგების" მაგალითი მხოლოდ წვეთია "ოტკატების" ზღვაში, როცა ქართული არმიის გადაიარაღებისა და გაძლიერების მოტივით ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობისას უზარმაზარი თანხები მოიპარეს, განსაკუთრებით - საწვავის მომარაგების (ერთსა და იმავე პერიოდში ერთი და იმავე ხარისხის ბენზინს ერთი და იმავე კომპანიებისგან თავდაცვის სამინისტრო რატომღაც შსს-ზე რამდენიმე თეთრით ძვირად ყიდულობდა), ყაზარმების მშენებლობისა და პირადი შემადგენლობის საკვების ყიდვისას.

აღარ შევეხები "ზილების" თემას - სააკაშვილის გუნდმა ხელისუფლებიდან განდევნილი ოქრუაშვილი საქართველოში სატვირთო "ზილით" იარაღის გადმოზიდვაში რომ დაადანაშაულა, ეს მათ სინდისზე იყოს, მაგრამ როგორ ავხსნათ, რომ ოქრუაშვილის ქმედებები ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს უფრო ხშირად შეესაბამება, ვიდრე საქართველოსას?!

1992 წელს კრემლს საქართველოს ომში ჩათრევა კიტოვანის ხელით გამოუვიდა, 2004 წელს ეს ლამის გაიმეორა უკვე ოქრუაშვილის აქტიური მონაწილეობით და 2007 წელს ამას ვერ ავცდებოდით, მაშინ სააკაშვილს თავისი "თანამებრძოლი" რომ არ მოეთოკა, თუმცა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებაში მაინც აღმოჩნდნენ გავლენიანი ძალები, რომელთაც 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ჩათრევას ხელი არ შეუშალეს, თითქოს აფხაზეთის ომის მწარე გამოცდილება არ გვქონდა...

კიდევ შეიძლებოდა რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ფაქტის გამომზეურება, რომლებიც მაინცდამაინც კარგად არ გაგვახსენებდა ოქრუაშვილის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრობის პერიოდს და შეიძლებოდა საერთაშორისო სასამართლომდეც კი მიეღწია, მაგრამ ამას აუცილებლად თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ ჩვენი მოწინააღმდეგეები, რითაც საქართველოს იმიჯი შეილახება, ერთი რამ კი მაინც უნდა ვთქვათ - ადამიანი, რომელიც ასე ხშირად იცვლის პოზიციას, ახასიათებს იმპულსური და ხშირად ავანტიურისტული ქმედებები, რაც არაერთხელ გამოჩნდა მაღალ თანამდებობებზე მისი ყოფნისას, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში დიდი საფრთხეა ქვეყნისთვის, მით უმეტეს, რომ ის შურისძიების სურვილს ვერ მალავს.

არ გამოვრიცხავ, კრემლის ბინადართ კვლავ სურდეთ საქართველოს ომში ჩათრევა, რათა ოკუპაციის საზღვრები გააფართოონ, ამისთვის კი სჭირდებათ ყველაფრის მკადრებელი, პროვოკაციების დიდოსტატი ავანტიურისტი პოლიტიკოსები.