"10 კმ-მდე მოგიშვებთ, სამაგიეროდ, მთელი საქართველოს თავზე უნდა ვიფრინოთ..." - კვირის პალიტრა

"10 კმ-მდე მოგიშვებთ, სამაგიეროდ, მთელი საქართველოს თავზე უნდა ვიფრინოთ..."

"იმის გამო, რომ რუსეთი "ღია ცის" ხელშეკრულების ფარგლებში ამერიკულ სადაზვერვო თვითმფრინავებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს სიახლოვეს არ აკარებს, აშშ "ღია ცის" ხელშეკრულებას ტოვებს, მის შესაჩერებლად კი მოსკოვი თითქოს რაღაცას თმობს..."

პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ, რომ აშშ ტოვებს "ღია ცის" ხელშეკრულებას, რუსეთის ხელისუფლების ვნებათაღელვა გამოიწვია. Aამის შედეგი იყო გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი თანახმაა, დათმოს და "ღია ცის" ხელშეკრულების ფარგლებში კავკასიაში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის 10 კმ-იან ზონაში სადამკვირვებლო ფრენებზე შეზღუდვას აუქმებს, სამაგიეროდ კი კატეგორიულად მოითხოვს, საქართველომ რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავს "ღია ცის" ფარგლებში ჩვენი ქვეყნის მთელი ტერიტორიის საჰაერო მონიტორინგის უფლება მისცეს.

რა გამოდის? რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი იფრენს მთელი საქართველოს თავზე, ჩვენ კი, პარტნიორებთან ერთად, მხოლოდ რუსეთის საზღვრის ათკილომეტრიან ზონაში გვექნება მონიტორინგის უფლება?!

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთი კავკასიაში, კერძოდ, საქართველოსთან, 894 კმ-ია, რომლის ნაწილს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გასწვრივ ქართველი მესაზღვრეები ვერ აკონტროლებენ. ნიშნავს თუ არა რუსეთის ფედერაციის "დათმობა" იმას, რომ ვთქვათ, ნატოს წევრი რომელიმე ქვეყნის სადაზვერვო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ქართველი სამხედროები შეძლებენ რუსეთის საზღვრის მომიჯნავე ოკუპირებული ტერიტორიების საჰაერო მონიტორინგს და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თავზე ფრენას? თუ რუსეთის საგარეო უწყება ამ ათკილომეტრიან ზონაში რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრის მხოლოდ იმ მონაკვეთებს გულისხმობს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გადის?

ფაქტია, რუსმა დიპლომატებმა ამ ვითომ დათმობაშიც ნელი მოქმედების ნაღმი ჩადეს და ალბათ, ეცდებიან, ქართულ ცაში სადაზვერვო ფრენის უფლება ოფიციალურად მოიპოვონ, ოღონდ ამავე მიზნით ოკუპირებული ქართული მიწების თავზე ნატოს თვითმფრინავების გამოჩენას კვლავ ხელს შეუშლიან.

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საჰაერო მონიტორინგი მნიშვნელოვანია არამარტო რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზებისა და სეპარატისტების სამხედრო ნაწილების დასაფიქსირებლად. არანაკლებ საინტერესოა იმ ქართული სოფლების დეტალურად გადაღება, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ სეპარატისტებმა რუსულ საოკუპაციო ძალებთან ერთად გადაწვეს.

მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, გააუქმოს 2012 წლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად "ღია ცის" ხელშეკრულების ფარგლებში უარი ვუთხარით რუსეთს ქართულ ცაში საჰაერო მონიტორინგზე, რადგან მოსკოვი საშუალებას არ გვაძლევს, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ასეთივე მონიტორინგი განვახორციელოთ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თავზე.

ამერიკული მხარის უკმაყოფილებას ისიც იწვევს, რომ კრემლი ნატოს ქვეყნებს უკრძალავს, "ღია ცის ხელშეკრულების" ფარგლებში სადამკვირვებლო ფრენები განახორციელონ ჩეჩნეთისა და კალინინგრადის ოლქის თავზე, რომელიც აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და ყირიმის ნახევარკუნძულის მსგავსად, დღეს აღმოსავლეთ ევროპის ჩრდილოეთსა და სამხრეთში ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ ტერიტორიად ითვლება... "ღია ცის" ხელშეკრულებას აშშ ექვს თვეში დატოვებს, რაზეც პენტაგონში მაინცდამაინც არ დარდობენ, რადგან ამერიკული კოსმოსური სადაზვერვო აპარატები თითქმის ათსანტიმეტრიანი გარჩევადობის ფოტოებს იღებს დედამიწის ნებისმიერ კუთხეში და თეთრი სახლი ასეთი სადაზვერვო ინფორმაციის ნაკლებობას არ განიცდის, მაგრამ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების ყოფილი და მოქმედი გენერლები შეშფოთებული არიან. "თუკი აშშ გამოვა "ღია ცის" ხელშეკრულებიდან, ამერიკელები ვეღარ განახორციელებენ სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის თავზე, რუსეთი კი შეინარჩუნებს უფლებას, ევროპაში, ნატოს ქვეყნებისა და იქ დისლოცირებული ამერიკული სამხედრო ბაზების თავზე სადაზვერვო ფრენა განაგრძოს," - თვლიან ისინი. მათი აზრით, აშშ-მა რომც დატოვოს "ღია ცის" ხელშეკრულება, ნატოს ევროპული ქვეყნები მაინც უნდა დარჩნენ და განაგრძონ სადამკვირვებლო ფრენები რუსეთისა და ბელორუსიის თავზე და საპასუხო სადამკვირვებლო ჯგუფები მიიღონ რუსეთიდანაც, რადგან ეს ხელშეკრულება ამცირებს სამხედრო-პოლიტიკურ დაძაბულობას მეზობელ ქვეყნებს შორის.

ორი ათეული წლის წინ მე მომეცა შესაძლებლობა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დეტალურად დამეთვალიერებინა "ღია ცის" ხელშეკრულების ფარგლებში ჩამოფრენილი ნატოს ერთ-ერთი წევრი ქვეყნის თვითმფრინავი, რომელიც სპეციალური რადიოელექტრონული და ფოტო-ვიდეო აპარატურით იყო აღჭურვილი ქართულ ცაში სადამკვირვებლო ფრენების განსახორციელებლად... საქართველო, როგორც "ღია ცის" ხელშეკრულების მონაწილე ქვეყანა, სისტემატურად იღებს სტუმრად ასეთ თვითმფრინავებს, ოღონდ არა - რუსეთის დროშით, რადგან მართლაც მეტისმეტია, ოკუპანტმა სახელმწიფომ შენი ქვეყნის ორი რეგიონი დაიპყროს და თან შენს ცაში სადაზვერვო ფრენის უფლება კატეგორიულად მოითხოვოს!