არ მინდა, ქართველი პატრული ასეთ ამერიკელ პოლიციელს დაემსგავსოს... - კვირის პალიტრა

არ მინდა, ქართველი პატრული ასეთ ამერიკელ პოლიციელს დაემსგავსოს...

დღეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო სამოქალაქო ომის ზღურბლზე დგას. შეიძლება ეს ნათქვამი ცოტა გაზვიადებული მოგეჩვენოთ, მაგრამ აშშ-ის დიდ ქალაქებში ყოველდღიურად იზრდება ნაპრალი, რომელიც ამ ქვეყნის ხელისუფალთ მოსახლეობის გაჭირვებული ფენებისგან, უპირველესად კი - ათეულობით მილიონი აფროამერიკელისგან ჰყოფს. დაპირისპირების პიკად შეიძლება ქუჩებში ცეცხლსასროლი იარაღის ორმხრივი სროლა გახდეს, მით უმეტეს, რომ აშშ-ის აფროამერიკულ დასახლებებში დიდძალი "შავი" იარაღია.

ამ დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ახალი კორონავირუსის პანდემიაც იყოს, რომელმაც მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი უმუშევარი დატოვა. მათ შორის მოხვდა მილიონობით ის აფროამერიკელიც, რომლებიც, სიმართლე რომ ითქვას, არც მანამდე იკლავდნენ თავს სამუშაოს ძებნით და სახელმწიფოს "კისერზე ჯდომას" მიჩვეულნი იყვნენ, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ის ისტორიული პრობლემაა, რომელიც აფროამერიკელებს აშშ-ში 60-70 წლის წინ ჯერ ისევ ჰქონდათ - მათ თეთრკანიანებთან ერთად ავტობუსში ასვლისა და ბარებში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა ბარაქ ობამას ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ ძნელია, აფროამერიკელებმა რასისტულ შევიწროებაზე ილაპარაკონ. პირიქით, ბოლო წლებში ხშირად თეთრკანიანები ხდებიან რასისტული თავდასხმის მსხვერპლნი, თუკი შემთხვევით აფროამერიკელებით დასახლებულ იმ უბნებში აღმოჩნდებიან, სადაც შესვლა პოლიციელებსაც არ ეხალისებათ კი არა, ეშინიათ კიდეც (ისე, შორს რომ არ წავიდე, 2004 წლის იანვარში ვაშინგტონში ყოფნას გავიხსენებ. ქართველი ჟურნალისტების ჯგუფი მარტინ ლუთერ კინგის დღის აღსანიშნავად აფროამერიკელებით დასახლებულ უბანში წაგვიყვანეს მასპინძლებმა და იქ ადგილობრივების ისეთი მზერა დაგვაცილებდა!..).

დღევანდელი დაპირისპირების საბაბი ქალაქ მინესოტაში ამერიკელი პოლიციელების მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის ძალისმიერი დაკავება გახდა, რასაც იგი შეეწირა.

ყოველწლიურად აშშ-ში პოლიციელების მიერ დაკავების ოპერაციების დროს არანაკლებ ათასი ადამიანი იღუპება, რაც ხშირად იმითაც არის გამოწვეული, რომ ეჭვმიტანილები პოლიციას შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ და ამერიკელი პოლიციელებიც მიჩვეული არიან ხისტად მოქმედებას, მაგრამ ჯორჯ ფლოიდის შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა დაკავების ადგილზე გადაღებული ვიდეოკადრების საქვეყნოდ გავრცელებამ, რომელშიც კარგად ჩანს, რომ ასფალტზე დაგდებულ აფროამერიკელს თეთრკანიანი პოლიციელი კისერზე მუხლებით აწვება და მიუხედავად ფლოიდის არაერთი თხოვნისა, სუნთქვის საშუალება მისცეს, ამას არ აკეთებს...

ეს ამაზრზენი ვიდეოკადრები ამერიკული პოლიციის იმიჯსა და პროფესიონალიზმზე უარყოფითად მეტყველებს და ნამდვილად არ მინდა, რომელიმე ქართველი პოლიციელი ამ ამერიკელ კოლეგებს დაემსგავსოს.

აშშ-ში უპეცედენტო შემთხვევა მოხდა - 11 მლნ-მა მოქალაქემ მოაწერა ხელი პეტიციას ამ ტრაგიკულ შემთხვევაში მონაწილე ოთხივე პოლიციელის მკაცრად დასჯის თაობაზე. ეს პოლიციელები უკვე დაკავებული არიან და თითოეულ მათგანს შეიძლება ოთხ ათეულ წლამდე ციხეც კი ელოდეს, მაგრამ ამით ამერიკულ ქალაქებში მასობრივი არეულობები არ შეჩერებულა. პირიქით, როგორც მოსალოდნელი იყო, არეულობით ისარგებლეს ათასი ჯურის მაროდიორებმა, რომლებმაც მაღაზიების ძარცვა დაიწყეს, რასაც ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა - ზოგიერთ ქალაქში პოლიციის დასახმარებლად ეროვნული გვარდიის დანაყოფების შეყვანა გადაწყდა, თუმცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უფრო რადიკალური ზომების მომხრეა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების ნაწილებისა და ჯავშანტექნიკის ქუჩებში გამოყვანას მოითხოვს...

პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნას, რომ ვაშინგტონისა თუ ნიუ-იორკის ქუჩებში "აბრამსებმა" ჩაიხრიგინონ, ცათამბჯენების თავზე კი "შავმა ქორებმა" იფრინონ, ძალზე ნეგატიურად ხვდებიან არა მარტო მისი ტრადიციული პოლიტიკური მოწინააღმდეგეები დემოკრატების ბანაკიდან, არამედ თანაპარტიელი რესპუბლიკელების ნაწილიც. ყველა ხვდება, რომ ქუჩაში ერთმანეთის პირისპირ მდგარი ჯარისკაცი და ფერადკანიანი მოქალაქე ერთმანეთს თუ ესვრიან, ეს სამოქალაქო ომის დაწყების ნიშანი გახდება.