"კოსმოსური ფარი" საქართველოსთვის... - კვირის პალიტრა

"კოსმოსური ფარი" საქართველოსთვის...

"რეალურია თუ არა, საქართველომ კოსმოსური ტექნოლოგიები ორმაგი დანიშნულებით - თავდაცვისთვის და სამოქალაქო, ექსტრემალური სიტუაციების მართვისას გამოიყენოს?"

ილონ მასკმა დაამტკიცა, რომ წარმატებული კოსმოსური პროგრამების განხორციელება 21-ე საუკუნის ოციან წლებში არათუ პატარა ქვეყნებს, უკვე კერძო ფირმებსაც შეუძლიათ.

დღეისათვის დედამიწის ორბიტაზე ათასობით ხელოვნური თანამგზავრი მოძრაობს, რომელთა ნაწილი საქართველოზე არცთუ დიდ და მდიდარ ქვეყნებს ეკუთვნის, რაც მათ დიდ ფინანსურ მოგებას აძლევს თუნდაც ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის მათი სეგმენტების მიქირავებით.

მაგალითად ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიც კმარა, რომლის ხელოვნური თანამგზავრი დედამიწის ორბიტაზე ფუნქციონირებს. ეს აზერბაიჯანს 202 მილიონი დოლარი დაუჯდა, მაგრამ უცხოური კომპანიების ტექნიკური, ტექნოლოგიური, სამეცნიერო და ორგანიზაციული უზრუნველყოფით ის გახდა კოსმოსური სახელმწიფო და თანამგზავრის 15-წლიანი ფუნქციონირების განმავლობაში 600 000 000 აშშ დოლარს მიიღებს.

აქვს თუ არა საქართველოს პოტენციალი, რომ ახლო კოსმოსი თავისი სტრატეგიული ინტერესებისთვის გამოიყენოს თავდაცვითი მიზნით ან სულაც ექსტრემალური სიტუაციების მართვისას?

ამ კითხვით მივმართეთ გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილს - სამხედრო-საინჟინრო და კოსმოსური ტექნიკის გენერალურ კონსტრუქტორს, რომლის ხელმძღვანელობით შექმნილი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი, თვითგახსნადი პარაბოლური ანტენა "რეფლექტორი" 1999 წლის ივლისში დედამიწის ორბიტაზე გაიშალა.

– საქართველომ უახლოეს წლებში უნდა შექმნას საკუთარი საჰაერო კოსმოსური დაცვის თანამგზავრული კომპლექსი. საქართველოს თავდაცვისა და სამოქალაქო ექსტრემალური სიტუაციების ოპერატიული მართვისათვის ასეთი ორბიტული კომპლექსის შექმნა გადაუდებელი და უპირველესი ამოცანაა. რაც შეეხება საჰაერო-კოსმოსური დაცვის ორბიტულ კომპლექსს, იგი შეიძლება შეიქმნას ქართული კოსმოსური ტექნოლოგიების გამოყენებითაც და ასევე, სტრატეგიული პარტნიორებისა და მსოფლიოში გავრცელებული მოწინავე ტექნოლოგიების ბაზაზე.

საჰაერო კოსმოსური თავდაცვის ქართული ორბიტული კომპლექსები უნდა იყოს გამიზნული შემდეგი ფუნქციების შესასრულებლად: მიწისზედა, საჰაერო, საზღვაო და კოსმოსური თავდასხმის კონტრდარტყმით მოგერიებისთვის, მოწინააღმდეგის საჰაერო კოსმოსური თავდასხმის საშუალებათა მართვისა და ნავიგაციის კომპლექსების დაზიანებისთვის, საკუთარი კომპლექსებისა და ობიექტების რადიოტექნიკური დაცვისთვის და სხვა.

გარდა ჩამოთვლილი ფუნქციებისა, ორბიტულმა კომპლექსმა რეალურ დროში უნდა შეძლოს სამოქალაქო ექსტრემალური სიტუაციების მართვა, იქნება ეს ტყის ხანძრების, ზვავების, ღვარცოფების, ქვათაცვენის, წყალდიდობების, მიწისძვრების, ქარიშხლების, ხიდების, გვირაბების, მიმოსვლის გზების, ნავთობ-გაზსადენების, რეზერვუარების, ნავსადგურებისა და სხვა ობიექტების სრული ფოტო, ვიდეო და პარამეტრებით კონტროლი, რაც აუცილებელია სიტუაციების ოპერატიული მართვისათვის, მაგრამ ამ მიმართულებით წინსვლისთვის ჯერ აუცილებელია, შეიქმნას და ამოქმედდეს საქართველოს კოსმოსური სააგენტო, რომელიც ევროპული კოსმოსური სააგენტოს წევრი უნდა გახდეს, რათა კოსმოსის თემაზეც აქტიურად ვითანამშრომლოთ როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოსთან, - გვითხრა ბატონმა ელგუჯამ.

მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა და ჩვენი ქვეყნის რთული ეკონომიკური მდგომარეობისა, შეიძლება არცთუ ისე "კოსმოსურად მიუწვდომელი" ჩანდეს ის, რაც მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყნისთვის, დიდი ხანია, რეალობაა - საკუთარი ხელოვნური თანამგზავრი დედამიწის ორბიტაზე, რომელიც უფრო იაფად შეძლებს ჩვენი ქვეყნის სატელეკომუნიკაციო უზრუნველყოფას, ექსტრემალური სიტუაციების მართვაში დაეხმარება მაშველებს და არც სამხედროებს დატოვებს ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაციის გარეშე.