რის წარმოება შეგვიძლია ქართული არმიისთვის და საექსპორტოდაც...
15-06-2020
რის წარმოება შეგვიძლია ქართული არმიისთვის და საექსპორტოდაც...
ფოტო:საბჭოთა დროინდელი ჩу-25-ები "სკორპიონამდე" და "მიმინომდე" "თბილავიამშენმა" ერთხელ უკვე გააუმჯობესა, მაგრამ დღეს ამ მოიერიშეების სერიული წარმოების გაგრძელება დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული...
"პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსთან" საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუმ დიდი გამოხმაურება პოვა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე - რუსეთში.


რუსულ მასმედიაში, რომლის უდიდეს ნაწილს სახელმწიფო აკონტროლებს, არარეალისტურად შეაფასეს ქართველი თავდაცვის მინისტრის ოპტიმისტური განცხადება: გვაქვს აბსოლუტურად ყველა რესურსი - ტექნიკური, ინტელექტუალური თუ ადამიანური, რომ ჩვენი ძალებით შევძლოთ Су-25-ების აღდგენა, გამოშვება, ახლების წარმოება და ამის შემდეგ გაყიდვა."

რუსეთმა თბილისის საავიაციო ქარხანაში 1979 წელს დაწყებული Су-25 ტიპის მოიერიშეების სერიული წარმოება 1992-93 წლების აფხაზეთის
ომის დროს შეაჩერა, როდესაც საქართველოში ამ საბრძოლო თვითმფრინავისთვის საჭირო დეტალებისა და ნაწილების, განსაკუთრებით კი - რეაქტიული ძრავების ექსპორტი აკრძალა. არადა, Су-25 რამდენიმე ათასი დეტალისა და მოწყობილობისგან შედგება, რომელთა უდიდესი ნაწილი ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკის საწარმოებში მზადდებოდა და თბილისის საავიაციო ქარხანაში იქიდან იგზავნებოდა. დღეს ამ
საწარმოთა უმრავლესობა ან აღარ არსებობს, ან სხვა პროდუქციას უშვებს და ამიტომაც ძალიან ძნელი იქნება ამ მოიერიშის სერიული წარმოების აღსადგენად საჭირო დეტალების მოპოვება, თუმცა არსებობს სხვა ვარიანტიც - მოიერიშის კარდინალური მოდიფიცირება, როდესაც საბჭოთა დროინდელი რეაქტიული ძრავები, რადიოელექტრონული აპარატურა, კატაპულტის სავარძელი, შასი და სხვა მნიშვნელოვანი ნაწილები თანამედროვე დასავლური წარმოების ანალოგიური დანიშნულების დეტალებით შეიცვლება, მით უფრო, რომ "თბილავიამშენმა" ამის გამოცდილება 2000-იანი წლების დასაწყისში მიიღო, როცა ისრაელის კომპანია "ელბიტთან" ერთად Cy-25КМ "სკორპიონის" მოდერნიზებული ვარიანტი დაამზადა, რომელსაც იმ დროისთვის ულტრათანამედროვე დასავლური წარმოების რადიოელექტრონული აპარატურა ჰქონდა, ეს კი ღამითაც და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც პილოტს უსაფრთხო ფრენისა და წერტილოვანი საჰაერო დარტყმის საშუალებას აძლევდა. სხვათა შორის, რუსეთმა მხოლოდ ახლა, სირიაში დაიწყო მოდერნიზებული Cy-25ჩМ3 ტიპის მოიერიშის გამოყენება, რომლის შესაძლებლობები ქართულ-ებრაული "სკორპიონის" საბრძოლო შესაძლებლობებს უახლოვდება.
რამდენიმე წლის წინ "თბილავიამშენმა" წარმოადგინა ამ მოიერიშის რადიკალურად მოდერნიზებული ვარიანტის, Ge-31 "ბორას" კონცეფცია, რის შესახებაც მაშინ "კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს ექსკლუზიური ინფორმაცია მივაწოდეთ.
120 მმ-იანი მობილური ნაღმსატყორცნებით ქართული ბატალიონების აღჭურვა ამ საბრძოლო კომპლექსს შეიარაღების მსოფლიო ბაზარზეც გზას გაუხსნის
"ბორას" პროექტი ითვალისწინებდა ფრანგული ან ამერიკული წარმოების უფრო ეკონომიური რეაქტიული ძრავების დამონტაჟებას, რაც თავიდან აგვაცილებდა რუსეთის ემბარგოს, მაგრამ არსებობს ერთი უდიდესი ტექნიკური პრობლემა - მოიერიშის იმავე მოტოგონდოლებში ახალი რეაქტიული ძრავების განთავსება რთულია, ჰაერმიმღების კონსტრუქციის შეცვლა კი მოითხოვს თვითმფრინავის ხელახალი გამოცდების მთელ ციკლს აეროდინამიკურ მილში, ასევე - საგამოცდო ფრენების სერიას, რაც უდიდეს ფინანსურ ხარჯთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს, რომ გამოცდების დიდი ნაწილის საქართველოში ჩატარება შეუძლებელია.

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დიდი სურვილი და მონდომება, რომ საქართველოში საბრძოლო თვითმფრინავების სერიული წარმოება აღდგეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ განსახორციელებლად - ურთულესი, მით უმეტეს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწყებული დიდი ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით. თუმცა კარგი იქნებოდა, თუ პირველ ეტაპზე თავდაცვის მინისტრის მონდომებით კაპიტალურად გარემონტდებოდა ის თორმეტიოდე Су-25, რომლებიც თავდაცვის ძალებს ეკუთვნის (მათ შორის რამდენიმე "მიმინოს" პროექტით არის მოდერნიზებული) და რომლებსაც, ბოლო ოთხი წელია, არ უფრენიათ, შეიძლება იმიტომაც, რომ ღარიბაშვილის წინამორბედი თავდაცვის მინისტრები მათ უპერსპექტივოდ თვლიდნენ და გასაყიდად "ჩამოწერეს"...

საბჭოთა დროის Су-25-ის სერიული წარმოების აღდგენაზე ადვილი და მომგებიანი იქნებოდა "დელტასა" და "თბილავიამშენის" ერთობლივი მუშაობით დისტანციურად მართვადი, უპილოტო საფრენი აპარატების (როგორც თვითმფრინავის, ისე - შვეულმფრენის სქემის) დაპროექტება და სერიული წარმოება.

დღევანდელ საბრძოლო მოქმედებებში - იქნება ეს უკრაინის აღმოსავლეთში, სირიასა თუ ლიბიაში, დაპირისპირებული მხარეები ინტენსიურად იყენებენ უპილოტო საფრენ აპარატებს როგორც სადაზვერვო, ისე დარტყმითი მიზნებისთვის, ასევე - საარტილერიო ცეცხლის სამართავად.
ჩვენი მეზობლები - აზერბაიჯანი და სომხეთიც კი აკეთებენ ასეთ უპილოტოებს და ეს ჩვენც შეგვიძლია, მით უმეტეს, რომ "დელტას" საკონსტრუქტორო სამუშაოების ციკლი აქვს ჩატარებული.

სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების სხვადასხვა მოდიფიკაცია ჰაერივით სჭირდება ქართულ არმიას ოცეულის, ასეულისა თუ ბატალიონ-ბრიგადის დონეზე, რათა შეძლოს საჰაერო დაზვერვისა და საარტილერიო ცეცხლის კორექტირება პირადი შემადგენლობის დაკარგვის შიშის გარეშე.
მეორე პერსპექტიული მიმართულება ჯავშანმანქანების ბაზაზე სხვადასხვა საიარაღო სისტემის დამონტაჟება გახლავთ. საბედნიეროდ, ამ მხრივ "დელტას" კარგი გამოცდილება დაუგროვდა - მან ხომ საუდის არაბეთში "დიდგორის" ასამდე შეჯავშნული სამედიცინო-საევაკუაციო მანქანა გაყიდა.
ცალკე აღსანიშნავია ასევე "დიდგორის" ბაზაზე შექმნილი შეჯავშნული კავშირგაბმულობის მანქანები, რომლებიც ქართული არმიის ბრიგადებში "მსახურობენ".
პერსპექტივა უნდა
ჰქონდეს ასევე "დიდგორის" ბაზაზე შექმნილ 120 მმ-იან მობილურ ნაღმსატყორცნსაც, რომელიც "დელტაში" დაპროექტდა და უკვე იყო აბუ-დაბიში საერთაშორისო სამხედრო გამოფენის სტუმარი.
120 მმ-იანი მობილური ნაღმსატყორცნები აუცილებელი გამოცდის შემდეგ შეიძლება ქართული ქვეითი ბატალიონების მთავარი საარტილერიო დარტყმითი ძალა გახდეს. მათი მობილურობა მინიმუმამდე შეამცირებს ისეთი ტრაგიკული შემთხვევების ალბათობას, როგორიც აგვისტოს ომის დროს მოხდა, როცა მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბუქსირებადი ჰაუბიცების მთელი დივიზიონი მოწინააღმდეგემ საცეცხლე პოზიციაზევე გაგვინადგურა...
ქართველი მებრძოლების ავტომატური კარაბინების - M4-ებისთვის საჭირო 5,56 მმ კალიბრის ხარისხიანი ვაზნების საქართველოში სერიული წარმოება მართლაც საშვილიშვილო საქმე იქნებოდა.
მობილური ნაღმსატყორცნები თანამედროვე, მცირე ინტენსივობის შეიარაღებული კონფლიქტების მთავარი ტრენდია და თუკი ქართული არმიის შეიარაღებაში ასეთი ეფექტიანი შეიარაღების კომპლექსი გამოჩნდება, დიდია შანსი, "დელტამ" ის მსოფლიო საიარაღო ბაზარზე წარმატებით გაიტანოს.
მესამე მიმართულება, რა თქმა უნდა, ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების სერიული წარმოების გაგრძელებაა. "დელტამ" გასულ წლებში თავდაცვის ძალების ათი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე საქართველოში შეკერილი ჯავშანჟილეტებითა და აქვე ჩამოსხმული ჩაფხუტებით აღჭურვა, რამაც გაზარდა ჩვენი სამხედროების ინდივიდუალური უსაფრთხოების დონე, თუნდაც ავღანეთში.

თუკი ჟავშანშილეტებისა და ჩაფხუტების დამზადებას დაემატება მაღალი ხარისხის სამხედრო ფორმებისა და - რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - ბათინკების სერიული წარმოება (იტალიური და იაპონური დანადგარების გამოყენებით ამის შესაძლებლობაზე თავდაცვის მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა), ეს მნიშვნელოვნად აამაღლებს თავდაცვის ძალების ლოგისტიკურ დონეს.

დაბოლოს ორიოდე სიტყვა მთავარზეც...
"ჩემი დაპირება - ვაზნების ქარხნის მშენებლობა - რთული, გრძელვადიანი, საშვილიშვილო პროექტია, რომელსაც ჯარს დავუტოვებ","- მინისტრ ღარიბაშვილის პირდაპირ ეთერში წარმოთქმული ეს ფრაზა იმაზე მეტყველებს, რომ მას არ დავიწყებია თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენისას დადებული პირობა.
საბრძოლო მასალების სამამულო წარმოება ყველაზე აქტუალური თემაა, რომელიც ოცდამეათე წელია - ქართული არმიის შექმნის დღიდან მოყოლებული, დღის წესრიგიდან არ იხსნება.

თუკი აფხაზეთის ომში ქართული გვარდია და სხვა დანაყოფები ყოფილ საბჭოთა სამხედრო საწყობებში დატოვებულ, საბჭოთა სტანდარტის ვაზნებსა და ჭურვებს იყენებდნენ, აგვისტოს ომის წინ ამავე სტანდარტის დიდძალი ტყვია-წამალი უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაში შევიძინეთ, აგვისტოს ომის შემდეგ კი ქართული არმია, ძირითადად, ნატოს სტანდარტის ვაზნების მოხმარებაზე გადავიდა, რომლებიც, ბუნებრივია, გამოცარიელებულ ყოფილ საბჭოთა სამხედრო საწყობებში არ მოიძებნებოდა. სწორედ ამიტომ თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადებისთვის საზღვარგარეთ უწევს 5,56 მმ კალიბრის ვაზნების დიდი პარტიების შეძენა, რომლებიც შეიარაღებაში არსებული M4 ტიპის ამერიკული ავტომატური კარაბინებისთვის არის განკუთვნილი, ეს კი იაფი როდია...

ვაზნები სახარჯი მასალაა და მისი მარაგის შევსება მუდმივად საჭიროა, ყოველთვის დროულად საზღვარგარეთ შეძენა კი შეიძლება ვერ მოხერხდეს სხვადასხვა ეკონომიკური პრობლემისა თუ პოლიტიკური ემბარგოს გამო. ამიტომაც საქართველოში ვაზნების წარმოების დაწყება საშური საქმეა და მის აუცილებლობაზე ჩვენ, აფხაზეთის ომიდან მოყოლებული, სისტემატურად ვლაპარაკობდით, მაგრამ დღემდე უშედეგოდ...
ვაზნების, უპილოტოების, მობილური ნაღმსატყორცნების, შეჯავშნული "სასწრაფოების", ჯავშანჟილეტების, ჩაფხუტების, სამხედრო ფორმებისა და ბათინკების სერიული წარმოების დაწყება-გაგრძელება სწორედ ის მიმართულებებია, რომლებშიც სახელმწიფომ შეიძლება ჩადოს დიდი ინვესტიცია სლოგანის - "აწარმოე საქართველოში" - რეალობად გადასაქცევად, რადგან ეს პროდუქცია სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და სწორი და აგრესიული მარკეტინგის შემთხვევაში დიდი საექსპორტო პოტენციალიც აქვს.
გიგა
27 ივნისი 2020 19:01
რისი წარმოებაც შეგვიძლია, უნდა ვაწარმოოთ. სასურველია საარტილერიო და ზალპური ცეცხლის რეაქტიუული სისტემების და ჭურვების წარმოებაც. რაც შეეხება თვითმფრინავებს ვიყიდოთ 12 ცალი გამანადგურებელი 400 მილიონ დოლარში ჩაეტევა. მოიკლონ პრემიები და ვიყიდით.
gio
22 ივნისი 2020 21:43
რა სისულელეა სამხედრო წარმოება საქართველოში ჯერ ერთი სად უნდა გაიყიდოს ძვირადღირებული უხარისხო სამხედრო პროდუქცია? თანაც ბევრად უფრო ძვირია აქ გამოშვებული ტექნიკა ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში და თანაც უხარისხო .... ამიტომ ჟობია უფრო იაფად შევისყიდოთ ხარისხიანი პროდუქცია ვიდრე თბილისში სვარჩიკებით ნაჩალიჩები აწყობილი უვარგისი მანქანები რომელის სამოქალაქო სატვირთო მანქანის ბაზაზეა აწყობილი .....
ddgfdf
20 ივნისი 2020 20:20
ამიტომ ცწორება უნდა აიღო ყოველთვის მსხვილმასშტაბიან პროექტებზე, რა თქმა უნდა წვრილმანი სალაპარაკოც არ უნდაიყოს.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები