მოსკოვი ახალი ტერაქტების შიშით ცხოვრობს... - კვირის პალიტრა

მოსკოვი ახალი ტერაქტების შიშით ცხოვრობს...

რუსეთის ხელისუფლების მიერ "#1 ტერორისტად" გამოცხადებული დოკუ უმაროვი ავრცელებს ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ის მთელ რუსეთს ემუქრება და ამბობს, რომ მოსკოვში ტერორისტ-კამიკაძეს გზავნის.

ერთი შეხედვით, წინასწარ ტერორისტ-კამიკაძეზე ლაპარაკი და მისი სახელის საქვეყნოდ დასახელება თითქოს ლოგიკური არ არის, მაგრამ აქ საქმე ეშმაკურ ფსიქოლოგიურ გათვლასთან გვაქვს. ყველა მოსკოველი, ვინც ამ ვიდეოჩანაწერს ნახავს, ფსიქოლოგიურად დაიძაბება და მუდამ ახალი აფეთქებების მოლოდინში იქნება, რომელთა მსხვერპლი სრულიად შემთხვევით შეიძლება თავადაც გახდეს, რადგან არავინ იცის, მორიგი ტერორისტი-კამიკაძე მოსკოვის მეტროს რომელ სადგურზე, ქუჩასა თუ კაფეში აიფეთქებს თავს...

დოკუ უმაროვი ვიდეოჩანაწერში აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება თავს ესხმის არა მხოლოდ კავკასიელ მუსლიმანებს, არამედ მათაც, ვინც ამჟამად რუსეთის ქალაქებში, მათ შორის - მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობენ.

"ეს არის სპეცოპერაცია იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც პუტინისა და მისი ძაღლების მითითებით კავკასიელებს ესხმიან თავს. თუ ეს თქვენთვის ცოტა იქნება, მაშინ ასეთ სპეცოპერაციებს ყოველ თვესა და ყოველ კვირას ჩავატარებთ," - აცხადებს დოკუ უმაროვი ვიდეომიმართვაში.

ცოტა ხნის წინ რუსეთში რამდენიმე სერიოზული ჩხუბი მოხდა -  სლავური წარმოშობის ადამიანების ჯგუფები კავკასიელებზე ნადირობდნენ და მათ ქუჩაში სასტიკად სცემდნენ.

სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ შეიძლებოდა სლავთა და კავკასიელთა მრავალრიცხოვანი, ორგანიზებული და შეიარაღებული ჯგუფები უშუალოდ მოსკოვის ცენტრში შესჯახებოდნენ ერთმანეთს.

მაშინ რუსეთის სამართალდამცავებმა და სპეცსამსახურებმა სიტუაციის განეიტრალება შეძლეს, თუმცა შესაძლოა თავად ამ დაპირისპირების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს დროებით შეჩერება.

დოკუ უმაროვის ვიდეომიმართვის ინტერნეტში გამოჩენის შემდეგ სიტუაცია, ალბათ, უფრო დაიძაბება, ხოლო თუკი უახლოეს მომავალში რუსეთის დედაქალაქში ან სხვა რომელიმე დასახლებულ პუნქტში მართლაც მოხდა სერიოზული აფეთქება, რომელსაც ტერორისტი-კამიკაძე მოაწყობს, მაშინ კრემლი ეცდება, ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

პრემიერ-მინისტრ პუტინს, რომელიც რეალურად მართავს რუსეთს და სურს, თავი ისევ პრეზიდენტად იხილოს, კარგი საშუალება ეძლევა, ჩრდილოკავკასიური ტერორიზმის აღკვეთის მოტივით მთელ ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია შემოიღოს და უპირობოდ დაიკავოს პრეზიდენტის პოსტი.

P.S. 1999 წლის ზაფხულიდან შამილ ბასაევმა ჩეჩნეთიდან დაღესტნისაკენ შეტევა წამოიწყო, რითაც საფუძველი მისცა იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ პუტინს, კონტრტერორისტული ოპერაციის საბაბით ახალი ომი წამოეწყო ჩეჩნეთში, აემაღლებინა მოსახლეობაში საკუთარი რეიტინგი და პრეზიდენტის სავარძელი დაეკავებინა...