ქართული "მიმინოებისა" და "მფრინავი ნიანგების" აღდგენა თუკი შეიძლებოდა, რატომ უპირებდნენ ჯართში გადაყრას?! - კვირის პალიტრა

ქართული "მიმინოებისა" და "მფრინავი ნიანგების" აღდგენა თუკი შეიძლებოდა, რატომ უპირებდნენ ჯართში გადაყრას?!

"საქართველოს სამხედრო ავიაციას, რომელიც მეოთხე წელია, მიწას არის მიჯაჭვული, ხელახლა დაბადების შანსი უჩნდება..."

პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე საუბრისას ქართული სამხედრო ავიაციის პრობლემებსაც შეეხო და განაცხადა: "თბილავიამშენისა" და "დელტას" ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მიმდინარეობს არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ, "დელტას" ანგარებში ჩვენ ძალიან მალე დავიწებთ Су-25-ისა და მოიერიშე შვეულმფრენის Ми-24-ების რეაბილიტაციასა და განახლების პროცესს".

ქართული სამხედრო ავიაციის ბედი ყოველთვის აწუხებდა ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, რომლისთვისაც სულერთი არ არის სამშობლოს მომავალი და ამიტომაც ბოლო წლებში ხშირად ისმოდა კითხვა: "რატომ აღარ დაფრინავენ ქართულ ცაში ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავები - Су-25-ები ("მიმინოები") და დამრტყმელი შვეულმფრენები - Ми-24-ები ("მფრინავი ნიანგები")?

მართლაც, ოთხი წელია, ქართული არმიის ეს მცირერიცხოვანი, მაგრამ მრისხანე საჰაერო დამრტყმელი ძალა მიწას არის მიჯაჭვული, ანუ აეროდრომზე გაუნძრევლად დგას, არადა, დამრტყმელი ავიაციის გარეშე ქართული არმიის "გრძელი მუშტის", ანუ მოწინააღმდეგის დაზიანების მაქსიმალური მანძილი მხოლოდ 45 კმ-მდე თუა (ამ მანძილამდე აღწევს ისრაელში ნაყიდი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - Lარ-160-ები), მაშინ, როცა ჩვენი მეზობლების სარაკეტო სისტემების მოქმედების რადიუსი 100-300 კმ-ია, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეიარაღებაში არსებულ, 500 კმ-მდე მფრენ "ისკანდერის" აერობალისტიკურ რაკეტებზე.

დამატებითი საწვავის ავზების გარეშე დამრტყმელი "მფრინავი ნიანგების" საბრძოლო მოქმედების რადიუსი არანაკლებ 200 კმ-ია, ხოლო მოიერიშე Су-25-ებისა - 400-700 კმ (შესაბამისად, დაბალ და მაღალ სიმაღლეზე ფრენისას), ანუ სწორედ ეს შვეულმფრენები და მოიერიშეები იყო ქართული არმიის ყველაზე "გრძელი მუშტი" როგორც აფხაზეთის, ისე აგვისტოს ომების დროს.

ბოლო ოთხი წელი კი საქართველო მოკლებულია ამ საჰაერო-საბრძოლო შესაძლებლობებს, რადგან შვეულმფრენებსა და თვითმფრინავებს კაპიტალური რემონტი სჭირდება, რაც, სამწუხაროდ, პრიორიტეტული არ აღმოჩნდა თავდაცვის ზოგიერთი ყოფილი მინისტრისთვის.

ამას ვერ ვიტყვით ირაკლი ალასანიაზე, რომელმაც 2013 წლის სექტემბერში პირველი საჰაერო ავიაშოუ გაამართვინა და თბილისის ცაში "მიმინოებისა" და "ალბატროსების" ფრენით ეფექტური სანახაობა მოაწყო.

სამაგიეროდ, თინა ხიდაშელისა და ლევან იზორიასთვის ქართული სამხედრო ავიაციის განვითარება-გაძლიერება არასოდეს ყოფილა პრიორიტეტული, პირიქით, საბრძოლო თვითმფრინავები და შვეულმფრენები მარნეულის საჰაერო ბაზაზე "დაკონსერვდა" და "მიმინოები" უკვე გასაყიდად იყო გამზადებული, მაგრამ მყიდველი არ გამოჩნდა...

ერთი მხრივ, გასაგებია ამ მინისტრების პოზიცია - შვეულმფრენებისა და მოიერიშეების კაპიტალური რემონტი ძალიან ძვირი სიამოვნებაა. მაგალითად, "მიმინოს" ერთი რეაქტიული ძრავის კაპიტალური გარემონტება 300 ათას დოლარამდე ღირს (ახალს ვერ იყიდი, რადგან ამ ტიპის ძრავა, დიდი ხანია, აღარ იწარმოება), შვეულმფრენის ძრავის რემონტი კი - 200 ათასამდე.

მეორე პრობლემა ის გახლავთ, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროიდან აქვს გამოცხადებული ემბარგო სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საავიაციო პროდუქციის მოწოდებაზე და საჭირო დეტალების საშოვნელად "საიდუმლო ოპერაციებია" საჭირო.

მესამე მიზეზი, რის გამოც ყოფილ თავდაცვის მინისტრებს გული აუცრუვდათ ქართული სამხედრო ავიაციის გადარჩენაზე, შეიძლება იყოს შემდეგი: ქართული არმიის გენერალიტეტი სამხედრო საქმეში ჩაუხედავ სამოქალაქო მინისტრებს წლების განმავლობაში უმტკიცებდა, რუსეთის არმიამ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საჰაერო თავდაცვის ძლიერი სისტემები განათავსა, რომლებიც ქართულ საბრძოლო ავიაციას აფრენისთანავე გაანადგურებსო.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემები მართლაც ძალიან სერიოზული საფრთხეა ქართული "მიმინოებისა" და "მფრინავი ნიანგებისთვის", მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია? არსებობს საჰაერო მოქმედების ტაქტიკის ისეთი ნიუანსები, რომლებიც ზრდის წარმატებული საჰაერო დარტყმებისა და უკან უსაფრთხოდ დაბრუნების ალბათობას, მაგალითად, დაბალ სიმაღლეზე, დედამიწის რელიეფის გასწვრივ ფრენა, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენება, სხვადასხვა მიმართულებიდან შეტევა, მთაგორიანი რელიეფის ფაქტორის გათვალისწინება და ა.შ. დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების განკარგულებაში წესით 12-მდე Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი (მათ შორის რამდენიმე "მიმინოს" მოდიფიკაციის) და 5-6 ერთეული Ми-24 ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენი უნდა იყოს შემორჩენილი, რომელთა კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება, რის შესახებაც დღევანდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ალაპარაკდა, ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელია, თუ არ გვინდა, რომ ქართული სამხედრო ავიაცია (რომელიც 1918-21 წლებშიც კი არსებობდა) საბოლოოდ დავკარგოთ.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ასევე აუცილებელი იქნება L-39 ("ალბატროსის") ტიპის (თავის დროზე უკრაინაში რვა ასეთი თვითმფრინავი შევიძინეთ) სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავების მწყობრში ჩაყენება, რომლებზედაც სამხედრო მფრინავები უნდა მომზადდნენ.

და, აი, მივადექით კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც "მიმინოს" ძრავის გარემონტებაზე საჭირბოროტოა - საქართველოდან სამხედრო მფრინავების გადინებას!

თავის დროზე, აფხაზეთის ომიდან მოყოლებული, ქართული მოიერიშე თვითმფრინავებისა და დამრტყმელი შვეულმფრენებისთვის არაერთი პილოტი და ეკიპაჟის სხვა წევრი (შტურმანი და ბორტტექნიკოსი) მომზადდა, რომელთა ნაწილი აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა, ნაწილს ასაკმა უწია, ნაწილი უსამართლოდ დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან, ნაწილმა კი თავს უშველა და საზღვარგარეთ წავიდა, რადგან აეროდრომზე წლობით გაუნძრევლად მდგარი მოიერიშეებისა და შვეულმფრენების შემყურეებს ქართულ ცაში ფრენის იმედი დაეკარგათ.

ქართული სამხედრო ავიაციის აღორძინების დაწყების შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე სამხედრო მფრინავი დაუბრუნდეს "დიდ ავიაციას", მაგრამ აუცილებელი იქნება ახალი კადრების გაზრდა, აქ კი ახალ პრობლემას წავაწყდებით.

ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების ასაკმა 30-35 წელს გადააჭარბა, ამიტომ რაგინდ კარგად გარემონტებული ძრავები ჩაუდგა, თავს იჩენს საფრენი აპარატების ფიუზელაჟებისა თუ ფრთების ლითონის "დაღლილობა" და რამდენიმე წელში ისინი, სამწუხაროდ, მაინც ჩამოსაწერი იქნება, თუმცა მანამდე დარჩენილი დრო შეიძლება ეფექტიანად გამოვიყენოთ, თუკი აღდგენილ მოიერიშეებსა და შვეულმფრენებზე ახალ კადრებს მოვამზადებთ და საბჭოთა დროინდელი საფრენი აპარატების რესურსს ჭკვიანურად ამოვწურავთ.

დასავლური წარმოების თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების შეძენა დღევანდელი მწირი ბიუჯეტის მქონე საქართველოსთვის წარმოუდგენელია, რადგან ერთი გამანადგურებლის მინიმალური ფასი 30-50 მლნ დოლარია. სწორედ ამიტომ ქართული არმიის შეიარაღებაში (მას შემდეგ, რაც ჩვენი Су-25-ები პიედესტალებზე გადაინაცლებს) გამანადგურებელი და დამრტყმელი რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავების გამოჩენა არარეალური ჩანს და ამაზე გული არც უნდა დაგვწყდეს, რადგან დისტანციურად მართვადი სადაზვერვო-დამრტყმელი დრონები მათ მშვენივრად ცვლის - მათ წერტილოვანი საჰაერო დარტყმებიც შეუძლიათ და არც პილოტის დაღუპვის გვეშინია.

რაც შეეხება შვეულმფრენების პარკს, ის უდავოდ გასაახლებელი და გასაზრდელია. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც დამრტყმელ შვეულმფრენებზე ფიქრი, რადგან უპილოტოები მათაც მშვენივრად ანაცვლებს. სამაგიეროდ, საქართველოს მთაგორიანი რელიეფისთვის აუცილებელია სხვადასხვა ტვირთამწეობის შვეულმფრენების პარკის შექმნა, რომლებსაც სვანეთისა თუ თუშეთის მთებიდან დაშავებულების ევაკუაციაც შეეძლებათ და საჭიროების შემთხვევაში ქართული სპეცდანიშნულების ძალების ტაქტიკური სადაზვერვო-სადივერსიო ჯგუფების გადასხმაც შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგის ზურგში.