პუტინმა მოსკოვის აღლუმზე ერთმანეთზე გადაკიდებული ქვეყნების სამხედროები ჩაატარა... - კვირის პალიტრა

პუტინმა მოსკოვის აღლუმზე ერთმანეთზე გადაკიდებული ქვეყნების სამხედროები ჩაატარა...

"ერთმანეთთან დაპირისპირებული ბირთვული ჩინეთისა და ინდოეთის სამხედროების წითელ მოედანზე გატარებით პუტინი მსოფლიო დონის "მომრიგებლის" მანტიის მოსხმას ცდილობს"

24 ივნისს წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმზე საოცარი პრეცედენტი მოხდა - ერთმანეთთან უკიდურესად დაპირისპირებული ან სულაც მეომარი სახელმწიფოების არმიათა დანაყოფები ერთ მწკრივში, ერთმანეთის ზურგს უკან, ავტომატებით ხელში მიაბიჯებდნენ და არ იყო გამორიცხული, ურთიერთშუღლი სწორედ პუტინის წინ გახსენებოდათ...

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი რამდენიმე წელი განსაკუთრებულად ემზადებოდა, რომ 2020 წლის 9 მაისს მოსკოვში, მავზოლეუმის წინ, გრანდიოზული სამხედრო აღლუმი მოეწყო ფაშისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გეგმა ჩაეშალა. რუსეთში კორონავირუსი ძალიან დიდი მასშტაბით გავრცელდა და 9 მაისს დაგეგმილი აღლუმი 24 ივნისისთვის გადაიტანეს, თუმცა ქვეყანაში უკეთესი მდგომარეობა არც ამ თარიღისთვის აღმოჩნდა. რუსეთში კორონავირუსით ყოველდღიურად 7-8 ათასი ადამიანი ავადდება, დღე-ღამეში გარდაცვლილთა რიცხვი 100-დან 200-მდე მერყეობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, 24 ივნისს მავზოლეუმთან სამხედრო აღლუმი მაინც ჩატარდა, რადგან პუტინი სტალინს "გაეჯიბრა", რომელმაც 1945 წლის 24 ივნისის "გამარჯვების აღლუმი" სწორედ მავზოლეუმზე მდგარმა მიიღო. ეს "გაჯიბრება" რუსეთის ბიუჯეტს არაერთი მილიარდი რუბლი დაუჯდა, თუმცა ეს მათი პრობლემაა.

საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიექცა იმას, რომელი ქვეყნების საარმიო დანაყოფებმა ჩაიარეს მოსკოვის აღლუმზე. ასეთი აღმოჩნდა 13 ქვეყანა: აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, მოლდოვა, ჩინეთი, მონღოლეთი, სერბეთი და ინდოეთი. პუტინისთვის თავიანთი კეთილგანწყობის ჩვენება უპირველესად პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხელმძღვანელებმა იჩქარეს, მეორე მსოფლიო ომისდროინდელმა მოკავშირეებმა კი მოსკოვის აღლუმში მონაწილეობა არ ისურვეს, მაგრამ აღლუმის მონაწილე ქვეყნების ნახევარი ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ არის გადაკიდებული და მათი სამხედროები მოსკოვში ჩასვლამდე ერთმანეთს ავტომატის სამიზნიდან უყურებდნენ.

სტუმარი ქვეყნების სამხედრო დანაყოფების სათავეში აზერბაიჯანელი სამხედროების კოლოფი მიდიოდა, რომელსაც რამდენიმე მეტრის მოშორებით სომხეთის არმიის ქვედანაყოფი უწყობდა ფეხს. სომხური დანაყოფის მეთაურის მკერდზე მთიან ყარაბაღში ბრძოლისთვის მიღებული ორდენი ბრჭყვიალებდა, რაც აზერბაიჯანელი სამხედროების კბილების ღრჭიალს იწვევდა.

აზერბაიჯანი და სომხეთი დღემდე ფაქტობრივ საომარ მდგომარეობაში არიან და დღე არ გავა, დაპირისპირების ხაზზე სროლა არ ატყდეს, რასაც ხშირად ორივე მხრიდან დაჭრილები და დაღუპულები მოჰყვებიან.

ინდოეთის არმიის წარგზავნილების შემდეგ პუტინის წინ ჩინელმა სამხედროებმა ჩაიარეს, არადა, რამდენიმე დღის წინ ამ ორი ბირთვული სახელმწიფოს საარმიო დანაყოფებმა საზღვარზე ერთმანეთს სასტიკად სცემეს და რამდენიმე მოკლეს კიდეც ქვებითა და ხელკეტებით.

ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორისაც, კარგა ხანია, შავმა კატამ გაირბინა, ა.წ.-ის 9 მაისს კი, როცა პუტინს სამხედრო აღლუმი ჰქონდა ჩაფიქრებული, ყირგიზები და ტაჯიკები საერთო საზღვარზე ავტომატებითა და ნაღმსატყორცნებით ერთმანეთს ხოცავდნენ.

ყირგიზებთან ვერც უზბეკები რიგდებიან. მთელ მსოფლიოს ახსოვს ათი წლის წინანდელი სისხლის ღვრა ქალაქ ოშში, რაც შუა აზიის ამ ორი ქვეყნის სამხედროებს არ ავიწყდებათ და ერთმანეთს დღემდე მოწინააღმდეგეებად თვლიან.

29 წლის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, შუა აზიის ეს ქვეყნები, ფაქტობრივად, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს ტერიტორიული, თუ სხვა საკითხების გამო და მათი ურთიერთსიძულვილი, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ამას მიზეზი აქვს, რომლის კვალი სწორედ რუსეთში, მოსკოვში, წითელ მოედანზე, კრემლში, პუტინის კაბინეტამდე მიდის, რომელსაც დიდი ასოებით აწერია: "დაყავი და იბატონე".

ისევე, როგორც სამხრეთ კავკასიაში წაჰკიდა კრემლმა ერთმანეთს სომხები და აზერბაიჯანელები, ქართველები, ოსები და აფხაზები, შუა აზიის პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც, მესამე ათეული წელია, იმავე პოლიტიკას ატარებს და, მიუხედავად იმისა, რომ ამას ყველა ხვდება, პუტინის აღლუმისთვის საერთაშორისო იმიჯის შესაქმნელად ერთმანეთს ისევ კრემლის მიერ წაკიდებულმა ქვეყნებმა მოსკოვში, წითელ მოედანზე, თავინთი სამხედროები გაგზავნეს.