ქართული ჯარი რკინის "ცხენებს" იცვლის... - კვირის პალიტრა

ქართული ჯარი რკინის "ცხენებს" იცვლის...

თავდაცვის სამინისტრო 500-ზე მეტი მოძველებული სამხედრო ავტომობილის ახალი, თანამედროვე მანქანებით შეცვლის პროცესს იწყებს...

ნებისმიერი ქვეყნის არმიისთვის ავტომობილები უპირველესად ოპერატიულად მოქმედების, გადაჯგუფებისა და საბრძოლო შესაძლებლობების ზრდის წინა პირობაა.

დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს ეროვნული გვარდიისა თუ შინაგანი ჯარების სატვირთო ავტომობილების პარკი, ძირითადად, ყოფილი საბჭოთა სამხედრო ნაწილების ავტოფარეხებიდან ივსებოდა, თუმცა სამოქალაქო პირებისთვის წართმეული ავტომობილითაც არაერთი გვარდიელი და მხედრიონელი დადიოდა.

საბჭოთა "ზილებს", "ურალებს", "კამაზებსა" და "უაზიკებს" დროთა განმავლობაში ბოლო მოეღო (ბევრ მიზეზთან ერთად, არასწორი ექსპლუატაციის გამოც) და წლების განმავლობაში ძალზე მწვავედ იდგა ქართული არმიის ავტოპარკის განახლების საკითხი.

2008 წლის 8 აგვისტო, სოფელი ერგნეთი. რუსულმა Су-25-მა რამდენიმე წუთით ადრე 30 მმ-იანი ჭურვებით დაგვიცხრილა თურქეთის ნაჩუქარი, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის

21-ე საუკუნის დასაწყისში საერთაშორისო დახმარების ფარგლებში თურქეთმა ქართულ არმიას "ლენდ როვერები" აჩუქა. გარდა ამისა, იტალიაში მდებარე ნატოს სამხედრო ტექნიკის ბაზიდან რამდენიმე ათეული მოძველებული სატვირთო "სტუდებეკერი" მივიღეთ. 12 სატვირთო ავტომობილი კი ჩინელმა სამხედროებმა გამოგვიგზავნეს.

ქართულ არმიაში ახალი სამხედრო ავტომობილების მასობრივად გამოჩენა აგვისტოს ომამდე დაიწყო, როცა უკრაინაში "კრაზის" ტიპის მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების რამდენიმე პარტია შევიძინეთ. ქართული არმიის დანაყოფებში გამოჩნდა რუსული წარმოების რამდენიმე ახალი ორხიდიანი "კამაზიც".

აგვისტოს ომის დროს ქართულმა არმიამ სამხედრო ავტომობილებიც დაკარგა - გზებზე და მინდვრებში დამწვარი სატვირთო "კრაზები" და "ტოიოტას" პიკაპები ეყარა.

მახსოვს, 8 აგვისტოს, შუადღის შემდეგ, სოფელ ერგნეთთან 30 მმ კალიბრის საავიაციო ქვემეხის ჭურვებით როგორ დაგვიცხრილა რუსულმა მოიერიშე Су-25-მა სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის "ლენდ როვერი". დაჭრილი ბიჭების სამხედრო ამუნიცია ასფალტზე ეყარა. ავკრიფე და იქვე, ხეებს შორის ჩამალული ამავე ბრიგადის "კრაზის" სატვირთო ძარაში ჩავყარე, მტერს რომ არ დარჩენოდა...

ახლა, როცა მახსენდება, რამხელა ალაფი წაიღეს რუსმა ოკუპანტებმა ქართული არმიის ნაწილებიდან (რომლებიც ღვთის ანაბარად იყო მიტოვებული და დღემდე არავის უგია პასუხი იმაზე, რატომ გავატანეთ მოწინააღმდეგეს ძვირად ღირებული იარაღი და ტექნიკა, რომლის დიდი ნაწილის გამოტანა, გადამალვა ან სულაც განადგურება შეგვეძლო), ჩემს მაშინდელ საქციელზე მწარედ მეცინება.

რუსეთთან ომის შემდეგ ქართულმა არმიამ დანაკლისის ნაწილობრივ შესავსებად უკრაინიდან "კრაზების" ახალი პარტიები მიიღო, მაგრამ მოგვიანებით ამ სატვირთო ავტომობილების დიზელის ძრავებთან დაკავშირებით პრობლემები გაჩნდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, თავდაცვის ძალებში 500-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა დასავლური წარმოების "ივეკოს", "მანისა" და "ფორდის" ავტომანქანებით შეცვალოს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ცნობილი საავტომობილო კონცერნების პროდუქციას მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების არმიები იყენებენ.

სავარაუდოდ, "ფორდის" პიკაპებით თანდათან შეცვლიან "ტოიოტას" პიკაპებს. "ტოიოტას" პიკაპებმა ქართულ არმიასა და სხვა ძალოვან სტრუქტურებში თითქმის 14-წლიანი ექსპლუატაციის პერიოდში სამხედროების მოწონება დაიმსახურა. ვნახოთ, რას იზამს "ფორდი", რომლის ტექნიკური მომსახურება უფრო ძვირი ჯდება, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "დელტა" უკვე მეათე წელია, სწორედ "ფორდის" პიკაპის ბაზაზე აწყობს "დიდგორის" ჯავშნოსნებს და ამ მანქანის ექსპლუატაციისა და მოდერნიზაციის დიდი გამოცდილებაც დაგვიგროვდა.