ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალს ОДКБ-ში შეყვანას უპირებენ? - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალს ОДКБ-ში შეყვანას უპირებენ?

რუსეთში გაისმის სხვადასხვა პოლიტიკოსისა და პოლიტიკური ორგანიზაციის მოწოდებები, რომ მათ მიერ დამოუკიდებლად აღიარებული, ხოლო ჩვენთვის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ОДКБ-ის წევრებად მიიღონ.

ჯერ კიდევ 1992 წლის 15 მაისს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან ექვსი თვის შემდეგ რუსეთმა, სომხეთმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა და უზბეკეთმა ტაშკენტში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას კოლექტიური უსაფრთხოების (ОДКБ) შესახებ. 1993 წელს ამ ხელშეკრულებას აზერბაიჯანი, ბელორუსია და საქართველოც შეუერთდნენ (თბილისმა ხელი 1993 წლის 9 სექტემბერს მოაწერა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან 16 სექტემბერს აფხაზმა სეპარატისტებმა რუსი სამხედროების დახმარებით სოხუმზე შეტევა განაახლეს).

1999 წელს ზემოთ ჩამოთვლილმა ქვეყნებმა 5 წლით გაახანგრძლივეს ეს ხელშეკრულება, თუმცა აზერბაიჯანმა, უზბეკეთმა და საქართველომ ამაზე უარი განაცხადეს. 2002 წელს ОДКБ-მ საერთაშორისო სტატუსი მიიღო და ახლებურად იწოდებოდა - ОДКБ-ად (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია). 2004 წელს ОДКБ-ს გაეროს გენერალური ასამბლეის მეთვალყურის სტატუსი მიენიჭა. აგვისტოს ომის შემდეგ ОДКБ-ს ფარგლებში ჩამოყალიბდა ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალები. დღეისათვის ОДКБ-ში 4 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე (10 ბატალიონი, მათ შორის - სამი რუსეთიდან და ორი ყაზახეთიდან) ირიცხება.

ОДКБ-ს მთავარი ამოცანაა მონაწილე ქვეყნების ტერიტორიების საერთო ძალებით დაცვა, ანუ თუკი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი მართლაც ამ ორგანიზაციის წევრებად მიიღეს, გამოვა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში რუსეთის გარდა პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ ექვსი ქვეყანა - სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი დაგვიპირისპირდება?

არც ერთ ამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას (გარდა რუსეთისა) ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობა არ უცნია, ამიტომ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ისინი ამ ეტაპზე  არც ОДКБ-ში მათ მიღებას დაუჭერენ მხარს.