ეგვიპტეში ძალაუფლებას სამხედროები იღებენ - კვირის პალიტრა

ეგვიპტეში ძალაუფლებას სამხედროები იღებენ

პრეზიდენტი მუბარაქი გადადგა, მაგრამ დაიმუქრა, რომ ეგვიპტეს რადიკალი ისლამისტები დაეპატრონებიან...

ეგვიპტეში ისე სწრაფად იცვლება სიტუაცია, რომ  თვალის მიდევნება არათუ გაზეთის ფურცლებიდან, სატელევიზიო სიუჟეტებითაც კი ჭირს.

გადადგომამდე რამდენიმე ხნით ადრე ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა ძალაუფლება ნაწილობრივ გადაულოცა ვიცე-პრეზიდენტ ომარ სულეიმანს, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა წარედგინა ეგვიპტე საერთაშორისო არენაზე და შიდა პოლიტიკაც გაეტარებინა, თავად პრეზიდენტი მუბარაქი კი სექტემბრამდე კონსტიტუციის გარანტად დარჩებოდა.

ასეთმა ნაწილობრივმა გადაწყვეტილებამ, ბუნებრივია, ასიათასობით მომიტინგე არ დააკმაყოფილა, რადგან ისინი პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომასა და ძალაუფლების  დროებითი ხელისუფლებისთვის გადაცემას მოითხოვდნენ.

მუბარაქის ამ ნაბიჯმა გააღიზიანა ევროკავშირი და თავად აშშ-ის პრეზიდენტიც. ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ეგვიპტეში დემოკრატიის გამარჯვებას, რითაც ნათლად დაანახა ყველას - თეთრი სახლი პრეზიდენტ მუბარაქის რეჟიმის დამხობის მომხრე იყო.

11 თებერვლის გვიან საღამოს ასიათასობით მომიტინგემ პრეზიდენტის სასახლის იერიშით აღება დააპირა, რის შემდეგაც მუბარაქმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა. მან თავისი უფლებამოსილება ეგვიპტის არმიის უმაღლეს საბჭოს გადასცა, რომლის თავმჯდომარე თავდაცვის მინისტრი მუჰამედ ტანტავია.

გაურკვეველი რჩება ვიცე-პრეზიდენტ ომარ სულეიმანის ბედი. ომარ სულეიმანმა სამხედრო კარიერა 1954 წელს დაიწყო და ბოლოს სამხედრო დაზვერვის შეფის სავარძელში აღმოჩნდა. სხვათა შორის, ის თავის დროზე საბჭოთა კავშირში, ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში სწავლობდა. იგი დიპლომატიურ ასპარეზზე ათიოდე წლის წინ გამოჩნდა, როდესაც აქტიურად ჩაერთო პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკებებში. შეიძლება ამიტომაც "ვიკილიკსის" მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო მასალებში ისრაელი ჯერ კიდევ ორი წლის წინ თვლიდა სულეიმანს პრეზიდენტ მუბარაქის ყველაზე რეალურ შემცვლელად. თ

ელ-ავივს ხელს აძლევდა მეზობელ ეგვიპტეში ომარ სულეიმანის გაპრეზიდენტება; მაგრამ სხვაგვარად ფიქრობენ დემონსტრანტები, მათ შორის - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მუჰამედ ალ-ბარადეი. მას მიაჩნია, რომ გარდამავალ პერიოდში ეგვიპტე სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდა მართონ და არა - მუბარაქის რეჟიმის "ნარჩენებმა".

ალ-ბარადეიმ მოუწოდა ეგვიპტის არმიას, ხელში აიღოს ძალაუფლება და იგი მუბარაქის "ტყუპისცალს" - ომარ სულეიმანს არ დაუტოვოს. ჩანს, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც წლების განმავლობაში ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციის   IAEA-ს ხელმძღვანელი გახლდათ და ნობელის პრემიაც მიიღო, თავადაც უმიზნებს ეგვიპტის პრეზიდენტის სავარძელს.

ეგვიპტელმა სამხედროებმა უკვე დაიწყეს ბარიკადების დაშლა ქალაქების ქუჩებში. გენერალი ტანტავი მოსახლეობას შეჰპირდა, რომ სამხედროები ძალაუფლების უზურპაციას არ მოახდენენ და ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება. თუმცა აშშ-ისა და ისრაელის დაზვერვებს ეჭვი ეპარებათ 75 წლის გენერალ ტანტავის დემოკრატიულობაში, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ სამ ომში იბრძოდა და სავარაუდოდ, რევანშის სურვილი დღესაც არ გაჰქრობია...