ექვსი წლის წინ ჩამოგდებული "ბოინგის" "მკვლელები" ისევ დაუსჯელი არიან... - კვირის პალიტრა

ექვსი წლის წინ ჩამოგდებული "ბოინგის" "მკვლელები" ისევ დაუსჯელი არიან...

ჰააგაში დაწყებულ სასამართლოს "ბოინგის" 298 მგზავრის მკვლელებისთვის განაჩენის გამოსატანად კიდევ წლები დასჭირდება...

17 ივლისს ექვსი წელი ხდება იმ საშინელი ტრაგედიიდან, როცა აღმოსავლეთ უკრაინის ცაში მალაიზიური სამგზავრო "ბოინგი" საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს, რასაც 298 უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.

განვლილ ექვს წელში საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა, რომელსაც უდიდესი დახმარება გაუწია დამოუკიდებელმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ, თითქმის დაადგინა, რომ სამგზავრო "ბოინგი" რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის აღმოსავლეთში უკანონოდ შეყვანილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, "ბუკის" ეკიპაჟმა ჩამოაგდო ერთი საზენიტო რაკეტით (სავარაუდოდ, შეცდომით, რადგან მალაიზიური "ბოინგი" უკრაინულ სატრანსპორტო თვითმფრინავად მიიჩნიეს), რის შემდეგ "ბუკი" (რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის კურსკის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას ეკუთვნოდა) სასწრაფოდ დააბრუნეს რუსეთის ტერიტორიაზე.

წელს, 9 მარტს, ნიდერლანდებში, ჰააგის საოლქო სასამართლოში დაიწყო "ბოინგის" საქმის განხილვა. პროცესში ფიგურირებს იმ ოთხი ბრალდებულის (სამი რუსეთის და ერთი უკრაინის მოქალაქე) გვარი, რომლებიც 2014 წლის ივლისში უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში პრორუსულ შეიარაღებულ ჯგუფებს ხელმძღვანელობდნენ და, სავარაუდოდ, უშუალოდ მონაწილეობდნენ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე საზენიტო "ბუკის" ფარულ გადასვლასა და საზენიტო რაკეტის გაშვების ნებართვის გაცემაში.

Hჰააგის სასამართლოში დამთავრდა მოსმენის მეორე ბლოკი, მომდევნო ეტაპი კი აგვისტოს ბოლოს დაიწყება. ამ მოსმენამ ერთ-ერთი რუსი ბრალდებულის დაცვის ტაქტიკა წარმოაჩინა (სამი ბრალდებული იმალება და მათ არც ადვოკატები ჰყავთ).

როგორც მოსალოდნელი იყო, ბრალდებულის ადვოკატები ცდილობენ, გააჭიანურონ სასამართლოს ეფექტიანი მუშაობა და ხშირად აბსურდულ მოთხოვნებს აყენებენ; მაგალითად, მათ მოინდომეს, სასამართლოს რუსულად ეთარგმნა ამ საქმის 40 ათასივე დოკუმენტი, რასაც დიდი დრო და ხარჯი სჭირდება. მოსამართლე მხოლოდ იმ დოკუმენტების რუსულად თარგმნას დასთანხმდა, რომლებიც უშუალოდ ეხება ბრალდებულ პულატოვს, ასევე ნება დართო რუს ექსპერტებს, ადგილზე გაეცნონ აფეთქებული "ბოინგის" ფრაგმენტებით რეკონსტრუირებულ ფიუზელაჟს.

რუსი ბრალდებულის ნიდერლანდელი ადვოკატები ასევე დაჟინებით მოითხოვენ, სასამართლომ ხელახლა დაიწყოს ავიაკატასტროფის ყველა ვერსიის განხილვა, რაც ასევე დროის გაყვანის ტაქტიკაა, რადგან რამდენიმეწლიანმა დეტალურმა გამოძიებამ საბოლოოდ გამორიცხა უკრაინული მოიერიშე თვითმფრინავიდან სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდების რუსული ვერსია, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მოიერიშე თვითმფრინავი 10 კმ სიმაღლემდე ვერ აფრინდებოდა და მეორე - მალაიზიური "ბოინგის" სიახლოვეს იმ დროს არ იყო არც ერთი უკრაინული საბრძოლო თვითმფრინავი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - რუსი ბრალდებულის ადვოკატები ასევე მოითხოვენ, სასამართლომ წარმოადგინოს ამერიკული სადაზვერვო თანამგზავრის მიერ "ბუკის" საზენიტო რაკეტის გაშვების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა. საქმეში მითითებულია, რომ ერთ-ერთი გამომძიებელი გაეცნო ასეთ ფოტო-ვიდეოკადრებს, მაგრამ ეს მტკიცებულება საქმეში არ დევს. ამერიკული მხარე ასაიდუმლოებს ამ მონაცემებს, რადგან მათი გამოქვეყნების შემთხვევაში რუსეთის სამხედრო დაზვერვას, ალბათ, მიეცემა შესაძლებლობა, ზუსტად დაადგინოს ამერიკული სადაზვერვო თანამგზავრის ტექნიკური შესაძლებლობები.

თუკი თეთრ სახლს მართლაც აქვს ასეთი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს "საუკუნის დანაშაულში" რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობას, მაშინ ოფიციალური ვაშინგტონი ვალდებულია, ეს გააკეთოს, მიუხედავად იმისა, ამერიკული სადაზვერვო თანამგზავრის რა საიდუმლო გამჟღავნდება, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თავის "ტვიტერით" ერთხელ უკვე გამოაქვეყნა ამერიკული სადაზვერვო თანამგზავრის გადაღებული ირანული სარაკეტო კომპლექსის ფოტო, რომელზეც კიბის საფეხურებიც კი ძალიან ნათლად ჩანს და ამერიკული კოსმოსური დაზვერვის ტექნიკურ შესაძლებლობათა პარამეტრების ზუსტად განსაზღვრის საშუალებას იძლევა (სხვათა შორის, ამ ფოტოს დაუფიქრებლად გამოქვეყნების გამო პრეზიდენტი ტრამპი მკაცრად გააკრიტიკეს ამერიკელმა სამხედრო ექსპერტებმა).

როგორც ჩანს, ჰააგაში სასამართლო პროცესი კიდევ დიდხანს გაგრძელდება და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ოთხ ბრალდებულს განაჩენს დაუსწრებლად გამოუტანენ, ისინი მაინც დაუსჯელნი დარჩებიან, ისევე, როგორც რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა, რომელთა ბრძანების გარეშე რუსეთიდან უკრაინაში ვერც ეს "ბუკი" აღმოჩნდებოდა და ვერც - ასობით ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა თუ "გრადი", რომელთა საშუალებით პრორუსული ძალები დონბასში უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ებრძვიან...

P.S. ბოლო დღეებში მსოფლიო მასმედიის ზოგიერთი საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსი დიპლომატები საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებენ ნიდერლანდელ და ავსტრალიელ (ჩამოგდებულ მალაიზიურ "ბოინგში" ნიდერლანდების 192 და ავსტრალიის 27 მოქალაქე დაიღუპა) კოლეგებთან იმის თაობაზე, რომ რუსეთი ფარულად გადაუხდის კომპენსაციას დაღუპულთა ახლობლებს, ოღონდ "ბოინგის" რუსული "ბუკით" ჩამოგდებას არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს. სარწმუნოა თუ არა ეს ინფორმაცია, დრო გვიჩვენებს, მაგრამ საეჭვოა, კრემლის "მუდმივმა" ბინადარმა უკან დაიხიოს და რომელიმე, თუნდაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული აღიაროს.