მფრინავ "გაჭირვების ტალკვესებს" განახლება სჭირდებათ... - კვირის პალიტრა

მფრინავ "გაჭირვების ტალკვესებს" განახლება სჭირდებათ...

სვანეთში, სოფელ ხაიშთან, ძნელად მისადგომ ტყის ხანძრის კერებს ოთხი დღე აქრობდნენ და ვერც ჩააქრობდნენ, საქმეში შვეულმფრენები რომ არ ჩაერთოთ.

ოთხი შვეულმფრენის სინქრონული მუშაობის შედეგად სასურველი შედეგიც მივიღეთ, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს მთაგორიან რელიეფზე შვეულმფრენების გარეშე ბევრ სერიოზულ პრობლემას ვერ გავუმკლავდებით.

ჯერჯერობით ფონს გავდივართ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე შვეულმფრენით, რომლებიც გასულ წლებში ბელორუსში კაპიტალურად გაარემონტეს, მაგრამ მათი რესურსიც იწურება ხშირი ექსპლუატაციის გამო, განსაკუთრებით - ტყის ხანძრების ჩაქრობისას, როცა წყლით სავსე სპეციალური კალათის ცეცხლმოკიდებული ტყის თავზე "გადმოსაპირქვავებლად" ეკიპაჟს შვეულმფრენის ძრავების სრული სიმძლავრით ამოქმედება უწევს, ეს კი განსაკუთრებით "ჭამს" ძრავებისა და რედუქტორის რესურსს.

"კვირის პალიტრაში" არაერთხელ გვიმსჯელია ამ საჭირბოროტო საკითხზე. სახელმწიფომ შვეულმფრენების პარკის განახლებაზე უნდა იზრუნოს, რაც ხელისუფლებას ბუნებრივ თუ ტექნოგენურ კატასტროფებთან გამკლავებისას სწრაფად და ეფექტიანად მოქმედების საშუალებას მისცემს, რომ აღარაფერი ვთქვათ ქვეყნის თავდაცვის დროს კონკრეტულ რაიონებში ქართული არმიის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების ოპერატიულად გადასროლაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მხრივ დამამშვიდებელი ნაბიჯები ჯერჯერობით არ ჩანს, პირიქით, ავარიების შედეგად ისედაც თითზე ჩამოსათვლელი შვეულმფრენები თანდათან გვაკლდება.

დღეს მხოლოდ მესაზღვრეების შვეულმფრენები დაფრინავენ, თავდაცვის "იროკეზები" კი ათასში ერთხელ თუ გამოჩნდებიან.

დიდი ხანია, საჭიროა, მთავრობამ შეიმუშაოს სპეციალური პროგრამა საქართველოში შვეულმფრენების პარკის განახლების შესახებ. გასაგებია, რომ ეს ძალიან ძვირი იქნება, მაგრამ ამ საქმეში ხარჯის გაღება ღირს, რადგან შვეულმფრენი მომავალშიც არაერთხელ გახდება "გაჭირვების ტალკვესი" ჩვენი ქვეყნისთვის და აჯობებდა, ამაზე დროულად გვეზრუნა, რათა ექსტრემალურ სიტუაციებს "ყურებჩამოყრილი" ანუ "ხრახნებჩამოყრილი", მიწას მიჯაჭვული, გასარემონტებელი და ძველი შვეულმფრენების ამარა არ დავხვდეთ.

ცალკე თემაა შვეულმფრენების კლასისა და მწარმოებელი საავიაციო ფირმების შერჩევა, რაც, ფინანსების გარდა, პოლიტიკურ ნიუანსებზეც არის დამოკიდებული.

მაგალითად, მოდერნიზებული Vბ-8 ტიპის შვეულმფრენები კარგად არის გამოცდილი ქართულ მთებში ფრენისას და ტვირთამწეობაც საკმარისი აქვს, მაგრამ დღეს რუსეთში ასეთი ახალი შვეულმფრენის შეძენა ფანტასტიკის სფეროა. მართალია, კერძო ფირმას შეუძლია ამ შვეულმფრენის სამოქალაქო ვარიანტის შეძენა, მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურები ყველანაირად შეუშლიან ხელს მათ საქართველოში გაყიდვას თუნდაც იმ მოტივით, რომ სატრანსპორტო შვეულმფრენის გამოყენება ორმაგი დანიშნულებით, ანუ სამხედრო მიზნებისთვისაც შეიძლება.

ამერიკული "ბლექ ჰოუკები", იტალიური "აუგუსტები" თუ ფრანგული "სუპერპუმები" უფრო ძვირია, მათი ექსპლუატაციაც არ არის იაფი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს - ქართულ ცაში შვეულმფრენების ლაღად ფრენა ჩვენი ქვეყნის და შეიძლება თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოების გარანტად მიგვაჩნია.