ჩაერთვებიან თუ არა კონფლიქტში ერდოღანი და პუტინი?!
ჩაერთვებიან თუ არა კონფლიქტში ერდოღანი და პუტინი?!
სომხეთ-აზერბაიჯანის ახალი შეიარაღებული დაპირისპირება ამჯერად მთიან ყარაბაღში კი არა, მათ სახელმწიფო საზღვარზე მოხდა, საქართველოდან 40-იოდე კმ-ში...

12-16 ივლისს საქართველოს უშუალო მეზობლები სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ, სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის ასეთი შეიარაღებული დაპირისპირება ბოლო 30 წლის განმავლობაში პერიოდულად ხდება, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად ორმხრივი ცეცხლი არა მთიან ყარაბაღში, არამედ სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ტავუშ (სომხეთი)-თოვუზის (აზერბაიჯანი) რაიონებში გაიხსნა.

საგულისხმოა, რომ საბრძოლო მოქმედების რაიონი დედოფლისწყაროს რაიონის
მხარეს საქართველოს საზღვრიდან მხოლოდ 40-ოდე კმ-ით არის დაშორებული, გარდაბანს 60 კმ-იც არ აშორებს, თბილისამდე კი მანძილი ასიოდე კმ-ია.

რა გახდა ამჯერად სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირების მთავარი მიზეზი და ვის დარჩა ამ მინიომში გამარჯვება?
რაც უნდა გასაკვირი იყოს, ორი ქვეყნის საზღვრის ამ მონაკვეთზე განვითარებულ მოვლენებს სერიოზული სამხედრო
მნიშვნელობა არ ჰქონია და ვერც რომელიმე მხარემ მიაღწია რაიმე ტაქტიკურ და მით უმეტეს - ოპერატიულ-ტაქტიკურ უპირატესობას. მეტიც - ჩნდება ეჭვი, რომ ყველაფერი სპონტანურად დაიწყო. აზერბაიჯანელი სამხედროები "უაზის" ჯიპით სომხების ბლოკ-პოსტს მიადგნენ და ავტომატების სროლა მალე ჰაუბიცების ორმხრივ ზალპში გადაიზარდა.

აზერბაიჯანს სომხეთის პოზიციებზე შეტევა რომ ნდომებოდა (როგორც ერევანში ამტკიცებენ), "შეტევაზე" ერთ "უაზს" კი არ გაგზავნიდა დღისით-მზისით, არამედ 2016 წლის აპრილის მსგავსად, ფართომასშტაბიან ოპერაციას წამოიწყებდა ფრონტის სხვადასხვა უბანზე, მაგრამ თუ ეს აზერბაიჯანული შეტევა არ იყო და არც სომხურ მხარეს წამოუწყია ოპერაცია (სომხეთი ახლანდელი სტატუს კვოთი კმაყოფილია, რადგან 26 წელია, აკონტროლებს მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანის კიდევ შვიდ რაიონს და მას ახალ ომში ჩართვა არ სჭირდება. ამ მხრივ აქტიურობა აზერბაიჯანს უწევს ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად), ვის დასჭირდა პანდემიის დროს (როცა სომხეთიც და აზერბაიჯანიც ათიათასობით დაინფიცირებულს ითვლის) სამხრეთ კავკასიაში ახალი მინიომის წამოწყება?

რუკაზე წითელი რგოლით აღნიშნულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ის მონაკვეთი, სადაც ბოლო შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. ბრძოლების ადგილიდან თბილისამდე მხოლოდ ასიოდე კმ-ია

არსებობს მოსაზრება, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ახლანდელ ოთხ-ხუთდღიან შეიარაღებულ დაპირისპირებას არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური მიზეზი აქვს, რომელიც სირიასა და ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება და რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ თურქეთი და რუსეთი.
დღეს საიდუმლო არავისთვის არის, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებაში კრემლი საბჭოთა პერიოდიდან იყო ჩართული. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით მოსკოვმა ერევანიც და ბაქოც მარიონეტებად აქცია - ჯერ ერთ მხარეს მისცემდა იარაღს, შემდეგ - მეორეს, რათა სომხეთიც და აზერბაიჯანიც რაც შეიძლება ღრმად ჩაფლულიყვნენ ომის ჭაობში, ნაკლებად გაეხედათ ევროპისა და ამერიკისკენ და ისევ რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის სფეროში დარჩენილიყვნენ.

ასეც ხდებოდა ბოლო პერიოდამდე, სანამ საპროტესტო მსვლელობების შედეგად პრემიერ-მინისტრი არ გახდა ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა საბჭოთა პარტიული მენტალიტეტის იმ ჩინოვნიკებისგან, რომლებიც მანამდე მართავდნენ სომხეთს.
მან თავდაცვის მინისტრად დანიშნა დავით ტონოიანი, რომელიც წლების განმავლობაში ნატოში სომხეთს წარმოადგენდა და კარგი ურთიერთობაც დაამყარა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გავლენიან ჩინოვნიკებთან.

კრემლში გაუჩნდათ განცდა, რომ სომხეთმა, რომელიც მანამდე სამხრეთ კავკასიაში მოსკოვის თითქმის ყველა დავალებას ასრულებდა და ამიერკავკასიაში რუსეთის ფორპოსტადაც კი მოიხსენიებენ, შეიძლება ამ მოჯადოებული წრიდან გასვლა და დასავლეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სცადოს. ეს რომ არ მოხდეს, ერევანს მოსკოვიდან შეახსენეს, რომ სომხეთი აზერბაიჯანთან ისევ საომარ მდგომარეობაშია, თანაც სომხეთის არმიის მიერ მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის კიდევ შვიდ რაიონის კონტროლი სწორედ რუსეთის დამსახურებაა და თუკი კრემლი "თვალს დახუჭავს", აზერბაიჯანი დროებით დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად ხვალვე დაიწყებს ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებს...

ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ როცა საზღვარზე ბრძოლების დაწყების შემდეგ სომხეთმა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის", ოდეკაბეს (რომელიც აერთიანებს რუსეთს, სომხეთს, ბელორუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს) საბჭოს სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა, მას ყურადღებაც არ მიაქციეს, რა თქმა უნდა, კრემლის გადაწყვეტილებით. ეს ოფიციალური ერევნისთვის მართლაც ცივი წყლის გადასხმა იყო, თუმცა სომხეთს ოდე-კაბეს დიდი იმედი არც უნდა ჰქონდეს, რადგან რუსეთს რომ თავი გავანებოთ, ამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანების ერთ-ერთი გავლენიანი წევრის - ბელორუსის ლიდერი ლუკაშენკო მხარს არა სომხეთს, არამედ ამ ორგანიზაციის არაწევრ აზერბაიჯანს დაუჭერს, რადგან პრეზიდენტ ალიევთან მისი მეგობრული ურთიერთობა საიდუმლო აღარ არის და ბაქო მას ფინანსურად არაერთხელ დახმარებია ხელისუფლების შენარჩუნებაში.

ასევე საეჭვოა, ოდეკაბეს წევრმა მუსლიმურმა ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა ქრისტიანული სომხეთის გამო აზერბაიჯანის წინააღმდეგ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღონ...

სომხეთის მშველელად რჩება გავლენიანი სომხური ლობი ევროპასა და ამერიკაში, თუმცა ერევანი სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას მაინც მხოლოდ მოსკოვისგან ელის, მაგრამ აამოქმედებს კი პრეზიდენტი პუტინი რუსეთ-სომხეთის ჩარჩო-ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ერთობლივი თავდაცვის მექანიზმს სომხეთის დასახმარებლად, თუკი ამ უკანასკნელის დღევანდელ ხელისუფლებას სურს, კრემლს კლანჭებიდან გამოჰგლიჯოს საკუთარი ქვეყანა და რუსეთის გვერდის ავლით როგორმე დასავლეთის ორბიტაზე გაიყვანოს?!

12-16 ივლისის სამხედრო დაპირისპირებამ გამოავლინა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი - თურქეთმა აშკარად და მკაფიოდ განაცხადა, რომ ის უპირობოდ უჭერს მხარს აზერბაიჯანს და საჭიროების შემთხვევაში მას ყველანაირად - სამხედრო დახმარებითაც კი - გვერდში ამოუდგება!
ანკარა რომ ბაქოს მოკავშირეა, ცხადია, მაგრამ სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებულ კონფლიქტში სამხედრო ჩარევის შესახებ ასე აშკარად თურქეთს აქამდე არ განუცხადებია.

სომხეთის მიმართ პრეზიდენტ ერდოღანის მუქარა შეიძლება ბოლო პერიოდში სირიასა და ლიბიაში მიმდინარე მოვლენებით იყოს გამოწვეული. შეგახსენებთ, თურქეთმა ამ რეგიონში გეოპოლიტიკური მოთამაშის სტატუსი მნიშვნელოვნად აიმაღლა და ის თვით რუსეთის, ევროპისა და აშშ-ისთვისაც კი ანგარიშგასაწევ ძალად იქცა.

მაშინ, როცა ერდოღანი ათასი კმ-ით დაშორებული ჩრდილოეთ აფრიკის ლიბიის უდაბნოში თავის ჯარისკაცებსა და ტანკებს გზავნის, რატომ დაიხევს უკან საერთო საზღვრის მქონე იმ ქვეყნისთვის "ჭკუის სწავლებაზე", რომელთანაც საუკუნეებია, მაინცდამაინც მეგობრული ურთიერთობა არ აკავშირებს და რომელიც თურქეთის მოძმე აზერბაიჯანის ტერიტორიებს დღემდე აკონტროლებს?

ერთ-ერთი მთავარი მუხრუჭი, რომ თურქეთმა აზერბაიჯანთან ერთად სომხეთის სამი მხრიდან (მესამე მიმართულება ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკიდან იწყება) მომწყვდევა არ დაიწყოს, ისევ რუსეთია.

როგორც უნდა იყოს გაბრაზ­ებული პუტინი ფაშინიანზე, კრემლი არაფრის დიდებით არ დაუ­შვებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში თურქეთის გაძლიერებას, რადგან სომხეთის "ჩაძირვა" სწორედ რუსეთს ამოაკვეთინებს ფეხს კავკასიის ქედის სამხრეთიდან, ოღონდ - ნაწილობრივ, რადგან კრემლის განკარგულებაში დარჩება საქართველოში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.

ამიტომაც კრემლი დაინტერესებულია, რაც შეიძლება მალე ჩაანაცვლოს სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ არჩეული ფაშინიანის ხელისუფლება მოსკოვის ყურმოჭრილი მონებით, ან თვითონ ფაშინიანს ათქმევინოს უარი დასავლეთისკენ გახედვაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთს ელის უდიდესი პრობლემა - მუდმივ მზად მყოფი აზერბაიჯანი, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მზად არის, მაშინვე შეუტიოს მეზობელს, როგორც კი მცირე გარანტია მაინც მიეცემა, რომ რუსეთი თუნდაც რამდენიმე კვირით სომხეთის დასაცავად წინ არ გადაეღობება.
...
26 ივლისი 2020 16:05
Chven chven teritoriebs mivxedot jobia
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
26 ივლისი 2020 13:18
აქ ძალიან დამპალი ძაღლის თავია ჩამარხული, რომელიც არ ყარს, მაგრამ დიდი ხნის მკვდარია უკვე.
როგორ? სომხეთი დასავლეთისკენ იყურება და ამ დროს თურქეთი, ნატოს წევრი თურქეთი, აზერებს უჭერს მხარს და ერევანს დაუწყებს ბრძოლას? უფროპირიქით უნდა იყოს, თუმცა, თუ თურქეთი ჩაერთვება სომხებთან ომში და რუსები სომხებს არ მიატოვებენ, მაშინ დიდი ალბათობით თურქეთი დამარცხდება და სომხები იმ ნახევარ სასომხეთსაც დაიბრუნებენ, საუკუნის წინ, რომ წაიღო თურქეთმა. დაიბრუნებენ და აღსდგება დიდი არმენიის სამეფო, სომხეთი გახდება კავკასიაში ჰეგემონი, ვითომ სომხეთი, მაგრამ , სინამდვილეში რუსეთის ჰეგემონია იზეიმებს კავკასიაშიც და კინსტანტინოპოლიც მართლმადიდებლურ ქვეყანას გადასცემენ, თუ ინგლისი დატანხმდა, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და აშშ...
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსი მოიგებს ამ ომს. თუ არადა მოგჭამა ჭირი სომხეთმა. აქ დიდ რისკე მიდიან სომხები, მაგრამ ამბიციაც დიდი აქვთ და დიდი რისკი რა მოოსატანია, იმ ამბიციასთან, რაც მათ გააჩნიათ?
...
26 ივლისი 2020 11:18
Rogorc chans konfliqtis provocirebisatvis erti uazic sakmarisi agmochnda. Sakitxavi ki axla isaa iyo tu ara es erdoganis “shekveta”. Es kaci dgiti dge sul ufro da ufro agresiuli da ukontrolo xdeba.

რუბრიკის სხვა სიახლეები
30-11-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
30-11-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები