ვისი მეტი სამხედრო ტრანზიტი გადის საქართველოზე, სომხეთის თუ აზერბაიჯანის?!
ვისი მეტი სამხედრო ტრანზიტი გადის საქართველოზე, სომხეთის თუ აზერბაიჯანის?!
"საქართველო ხელს არ უშლის თავის ტერიტორიაზე აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთების ტრანზიტს, რისთვისაც მადლობის ნაცვლად ბრალდებები დაიმსახურა?"

აზერბაიჯანულმა საინფორმაციო წყარომ ჰაქქინ.აზ (რომელიც პოპულარულია არა მარტო აზერბაიჯანში) 19 ივლისს გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სათაურით "თოვუზის დასაბომბი ნაღმსატყორცნები სერბეთმა საქართველოს დახმარებით გაგზავნა".

საქართველოსადმი ძალზე კრიტიკულად განწყობილ ამ სტატიაში ნათქვამია, თითქოს აზერბაიჯანულ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს გავლით სომხეთში ჩაიტანეს სერბეთიდან
გაგზავნილი სხვადასხვა კალიბრის ნაღმსატყორცნის ნაღმები, რომლებითაც სომხეთის არმია აზერბაიჯანულ თოვუზის რაიონს ბომბავდა.
ეს აზერბაიჯანული საინფორმაციო წყარო ასევე ამტკიცებს, თითქოს რუსეთიდანაც, ასევე საქართველოს გავლით, სომხეთში ჩაიყვანეს სატვირთო "კამაზები", რომლებზეც "გრადის" რაკეტების დამონტაჟება შეიძლება. ინფორმაციის წყაროდ დასახელებულია სოციალური ქსელები.

სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ სერბეთმა სომხეთისთვის შეიარაღების მიყიდვით
დიდი უმადურობა გამოიჩინა, რადგან ოფიციალური ბაქო დღემდე არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, ამასთან, ორიოდე თვის წინ აზერბაიჯანმა სერბეთს ჰუმანიტარული დახმარებით სავსე სატვირთო თვითმფრინავი გაუგზავნა, ხოლო 2014 წელს სწორედ აზერბაიჯანი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ძლიერი წყალდიდობის შემდეგ სერბეთს დახმარების ხელი გაუწოდა.
უფრო დიდ უმადურობაში კი საქართველოა დადანაშაულებული. სტატიის ავტორები თვლიან, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აზერბაიჯანი საქართველოს გვერდში ამოუდგა და თბილისისკენ მომავალი დასავლეთის ქვეყნების ლიდერები საქართველოს დედაქალაქში სომხეთიდან კი არა, სწორედ აზერბაიჯანიდან ჩავიდნენ, სომხეთის ხელისუფლება კი არაერთხელ შეხვედრია "ჩვენებურ" სეპარატისტთა ლიდერებს.


იმასაც გვახსენებენ, რომ ბუნებრივ აირს გვაწვდიან, გვეხმარებიან, ჩვენ კი თურმე დავითგარეჯს ვედავებით და აზერბაიჯანელ ინვესტორებს საქართველოდან ვყრით...

გულდასაწყვეტია, რომ აზერბაიჯანში ვიღაც ფიქრობს, თითქოს საქართველო სომხეთის შეიარაღებას უწყობს ხელს, მით უფრო მაშინ, როცა აზერბაიჯანის არმიისა და ფლოტის (ასევე - სასაზღვრო ჯარების) უკრაინული, თურქული და ისრაელის წარმოების თითქმის მთლიანმა შეიარაღებამ ლამის მთელი საქართველო გადაკვეთა ბაქომდე ჩასაღწევად და ეს პროცესი, წლებია, გრძელდება. ან თუ ახსენდებათ ბაქოში საქართველო, როცა აღლუმზე Су-25 ტიპის მოიერიშეები გადაიფრენენ? განა ორ ათეულზე მეტი ასეთი მრისხანე საბრძოლო საშუალება აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალებმა თბილისის საავიაციო ქარხნიდან არ მიიღეს?

კასპიის ზღვაში მცურავი აზერბაიჯანის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო კატარღები, რომლებიც ბაქომ ისრაელში შეიძინა, დავიჯეროთ, თელ-ავივიდან ბაქოში თავად "ჩაფრინდნენ"? შემთხვევით, წლების განმავლობაში ფოთის პორტიდან წითელ ხიდამდე ქართულ გზებზე ხომ არ ეზიდებოდნენ, რისთვისაც მოძრაობა იკეტებოდა და ამით ათასობით მძღოლი ზარალდებოდა? ან იქნებ უკრაინიდან ბორანით ფოთში ჩამოტანილი მოდერნიზებული ჯავშანტრანსპორტიორები საქართველოს რკინიგზას არ გადაჰქონდა აზერბაიჯანის მიმართულებით?

ისიც შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ როცა თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ საჰაერო წვრთნებს ატარებენ, ოფიციალური თბილისი დიდსულოვნად უთმობს ქართულ ცას აზერბაიჯანულ საბრძოლო თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს თურქეთში გადასაფრენად და უკან დასაბრუნებლად. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ეს რთული და სახიფათო პროცესია და ბევრი ქვეყანა ამას არ თანხმდება.

კიდევ არაერთი ფაქტის გახსენება შეიძლება იმის დასამტკიცებლად, როგორ უწყობს ხელს საქართველო აზერბაიჯანული არმიის გაძლიერებას და თუ მაინცდამაინც ვინმე უნდა იყოს ამით უკმაყოფილო, მხოლოდ სომხეთი.
სიმართლე არ არის, არც სტატიის მტკიცება, თითქოს რამდენიმე წლის წინ ოფიციალურმა თბილისმა სომხეთში მიმავალი სამხედრო ტვირთების ტრანზიტი აკრძალა. ეს აკრძალვა შეეხება მხოლოდ რუსეთიდან სომხეთში მიმავალ სამხედრო ტვირთებს და არა - ევროპის მიმართულებას.
უფრო საკვირველი კი ის გახლავთ, რომ როდესაც ეს აზერბაიჯანული საინფორმაციო წყარო სერბეთსა და განსაკუთრებით - საქართველოს უმადურობასა და სომხეთის სამხედრო დახმარებაში ადანაშაულებს, რატომღაც სიტყას არ ამბობს რუსეთის მიერ სომხეთისთვის მიწოდებულ აუარება შეიარაღებაზე, რომელიც (მაგალითად, "ისკანდერები" თუ საბრძოლო Су-30СМ-ები) ნებისმიერი ნაღმსატყორცნის ნაღმზე უფრო საშიშია არათუ რომელიმე აზერბაიჯანული სოფლის, არამედ ყველა სტრატეგიული ობიექტივისთვის, ბაქოს ჩათვლით.

იქნებ ეს იმიტომ ხდება, რომ აზერბაიჯანიც, ისევე როგორც სომხეთი, რუსეთისგან იარაღდება? თანაც ბაქო მოსკოვისგან შეიარაღებას უფრო ძვირად ყიდულობს, ერევანი კი - კრედიტით, რომლის დაბრუნება ძალზე საეჭვოა.

ან რატომ არ ახსენებენ ამ სტატიაში იმ უცნაურ სიტუაციას, რომ რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთიდან სომხეთში... აზერბაიჯანის მოძმე თურქეთის საჰაერო სივრცის გავლით მიფრინავენ?!

ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც აზერბაიჯანულ მასმედიაში ასეთი მიკერძოებული სტატია ქვეყნდება. იმედია, ასეთივე განწყობა არა აქვთ მეზობელი ქვეყნის ოფიციალურ წრეებს, რომელთაც ამომწურავი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ იმ სამხედრო დახმარებაზე, რომელიც, ათწლეულებია, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით ხორციელდება აზერბაიჯანის არმიის გასაძლიერებლად.

უდავოა, რომ ჩვენი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ორი მეზობელი ქვეყნის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს, სომხეთ-აზერბაიჯანის ომში საქართველო ირიბად მაინც ჩაითრიოს და "გადაიბიროს", რაც მიუღებელია საქართველოსთვის, რადგან ჩვენ, სამწუხაროდ, საკუთარი პრობლემებიც თავზე საყრელი გვაქვს.

ან იქნებ მართლაც აჯობებდა, საქართველოს სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის ნებისმიერი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების ტრანზიტი აეკრძალა და გვენახა, ამით ერევანი უფრო დაზარალდებოდა თუ ბაქო?!

ბრალდება რუსული "კამაზების" ტრანზიტთან დაკავშირებით

იმ ბრალდების დასამტკიცებლად, რომ საქართველომ რუსეთიდან სომხეთამდე ტრანზიტით გაატარა "გრადების" მზიდავი "კამაზები", ეს აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალება 21 ივლისს აქვეყნებს რამდენიმე "კამაზის" ფოტოსურათს (რომლებიც საქართველო-სომხეთის საზღვარზე უნდა იყოს გადაღებული) და ნიშნის მოგებით ეკითხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, განა ეს არ არის იმის დასტური, რომ თქვენი ქვეყანა რუსეთიდან სომხეთისკენ საბრძოლო ტექნიკას ატარებსო...

არ ვიცით, რას უპასუხებს მათ ჩვენი საგარეო უწყება, მაგრამ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს განვუმარტავთ - მათ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე აღბეჭდილ "კამაზებს" არა აქვთ ძარა და მათზე შესაძლებელია როგორც ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის, "გრადის" გასაშვები დანადგარის, ასევე სამოქალაქო დანიშნულების სხვადასხვა მოწყობილობის, მაგალითად, რძის ან წყლის გადასატანი ავზების, ან სულაც მობილური სასადილოს დამონტაჟება.
რუსეთიდან საქართველოში ისინი სწორედ ასეთი - არასრულად დაკომპლექტებული გადმოიტანეს, ამიტომაც ეს "კამაზები" ვერ ჩაითვლება საბრძოლო მანქანებად და მათი ტრანზიტის აკრძალვა მხოლოდ იმიტომ, რომ ხაკისფრად იყო შეღებილი, არასერიოზულია.

რუსეთიდან საქართველოში გასაყიდად ყოველწლიურად ასობით ხაკისფერი "ურალი" და "ზილი" ჩამოჰყავთ, რომლებსაც რუსეთის არმია თავისი მარაგიდან ხსნის და აუქციონზე გააქვს. ასეთი, მაღალი გამავლობის საბჭოთა წარმოების სატვირთო ავტომობილები ყოველთვის საჭიროა მაღალმთიან ქართულ სოფლებში.
Gგასაგებია, რომ სომხეთი ამ "კამაზებზე", ალბათ, სწორედ "გრადის" გასაშვებ დანადგარებს (რომლებიც რუსეთიდან სომხეთში, სავარაუდოდ, სატვირთო თვითმფრინავით ჩაიტანეს, რადგან იცოდნენ, რომ სრული კომპლექტაციის "გრადის" "კამაზებს" საქართველო თავის საზღვარზე არ შეუშვებდა) დაამონტაჟებს, მაგრამ ამაში საქართველოს დადანაშაულება უსაფუძვლოა, რადგან მან თავის ტერიტორიაზე გაატარა ორმაგი დანიშნულების მხოლოდ ის "კამაზები", რომლებზეც შეიარაღება დამონტაჟებული არ ყოფილა.

ბრალდება სერბეთიდან ნაღმსატყორცნების ნაღმების სომხეთში გატარების თაობაზე


საქართველოს მიმართ ამ აზერბაიჯანული გამოცემის მეორე ბრალდება არის ის, რომ თურმე ა.წ. მაისსა და ივნისში ცუდი რეპუტაციის ბიზნესმენებმა კერძო კომპანიის საშუალებით სერბეთიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით სომხეთში ნაღმსატყორცნის ნაღმები ჩაიტანეს.
Aამ ბრალდების პასუხი ასეთია - სომხეთის წინააღმდეგ არ არის დაწესებული საერთაშორისო სანქცია, რომელიც საქართველოს ამ ქვეყნისკენ სამხედრო ტვირთების ტრანზიტს აუკრძალავდა.

Dდა მეორე - სანამ ეს ნაღმსატყორცნის ნაღმები სერბეთიდან სომხეთამდე "გადაფრინდებოდნენ", საქართველოს ცამდე მათ რუმინეთის ან ბულგარეთის საჰაერო სივრცეები არ გადაკვეთეს? რატომ არა აქვთ აზერბაიჯანელებს პრეტენზია ნატოს წევრ ამ ქვეყნებთან?

სერბეთიდან აფრენილმა სომხეთისთვის განკუთვნილი ნაღმსატყორცნის ნაღმებით დატვირთულმა სატრანსპორტო თვითმფრინავმა აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორის - თურქეთის შავი ზღვის სანაპიროს ხომ ჩაუფრინა, რატომ არ შეაჩერა თურქეთმა ეს ავიარეისი, თუკი გარიგებაში საეჭვო რეპუტაციის იარაღის გამყიდველები მონაწილეობდნენ?
02 აგვისტო 2020 21:49
ჩვენ რას გვიყვებით!

აზერბაიჯანელებს გააგებინეთ სასწრაფოდ და დიდი მოცულობით!

ამირან გულში . . .

ცოტა გაინძერით! ჩვენ თუ არა სხვა ვინ?
John
02 აგვისტო 2020 18:22
კარგი სტატიაა ზოგადად. ის ვერ გავიგე ოღონდ, ამისთანა არეული სათაური , გრამატიკის არაფდრი რომ ეტყობა, რამ დაგაწერინათ:)
ომარი
02 აგვისტო 2020 17:56
კარგი და არგუმენტირებული პასუხია, მაგრამ არგუმენტი იმისთვის არის მისაღები, ვისაც ტვინი ღია აქვს მის გასაგებად. არსება რომ დავით გარეჯს გედავება, მასთან კამათი წყლის ნაყვაა. რაც შეეხება ყარაბაღს, ის მართლა ალბანეთის ტერიტორია იყო, მაგრამ აზერბაიჯანს ისეთივე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ალბანეთის ტერიტორიაზე, როგორც თურქეთს - ბიზანტიის ტერიტორიაზე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები