რუსული "ღამის მონადირე" მიწას დაენარცხა - კვირის პალიტრა

რუსული "ღამის მონადირე" მიწას დაენარცხა

15 თებერვალს სტავროპოლის მხარეში, ქ. ბუდიონოვსკთან რუსული საბრძოლო შვეულმფრენი Ми-28Н ჩამოვარდა. წინასწარი გამოძიებით დადგენილია, რომ 1,5კმ სიმაღლეზე ფრენისას შვეულმფრენის ერთ-ერთ ძრავას პრობლემები შეექმნა და ეკიპაჟმა საფრენი აპარატი 400 მ სიმაღლეზე დაბლა დაუშვა, რის შემდეგაც შვეულმფრენი უმართავი ფრენით მიწას დაენარცხა.

შვეულმფრენის წინა კაბინაში მჯდომი შტურმან-ოპერატორი ნაკლებად დაზიანდა, უკანა კაბინაში მყოფი ეკიპაჟის მეთაური კი მძიმედ დაშავდა და მოგვიანებით ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

ამ ტიპის რუსული შვეულმფრენის კატასტროფა ჩვენთვის სულერთი არ არის, რადგან დღეს-ხვალ შესაძლოა, ისინი ბუდიონოვსკიდან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გადმოისროლონ და მათი სამიზნე ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს. ამიტომაც ის, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ საავიაციო შემთხვევის შემდეგ დროებით შეაჩერა Ми-28Н ტიპის შვეულმფრენების ფრენები, ჩვენთვის არცთუ ურიგო ინფორმაციაა, თუნდაც იმიტომ, რომ ამ შედარებით თანამედროვე რუსული დამრტყმელი შვეულმფრენების საბრძოლო ათვისება და ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსროლა გაჭიანურდება, თუმცა უეჭველია, რომ "სმერჩებისა" და "ტოჩკების" შემდეგ მოსკოვი Ми-28Н-ებს აუცილებლად განათავსებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.

ჩვენთან (და მათ შორის, თავდაცვის სამინისტროშიც) გავრცელებული იყო აზრი, თითქოს მოსკოვმა Ми-28Н-ები უკვე გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ - 2007 წლის მარტში ზემო აფხაზეთში და 2008 წლის აგვისტოში - ცხინვალთან. მიუხედავად ასეთი მტკიცებისა, მიგვაჩნია, რომ ორივე ზემოხსენებულ ეპიზოდში ზუსტი ღამისეული სარაკეტო დარტყმები (ზემო აფხაზეთში ქართული ადმინისტრაციული შენობისა და აგვისტოს ომის დროს მე-4 ქვეითი ბრიგადის ტანკების წინააღმდეგ) განახორციელა არა Ми-28Н-ებმა, არამედ მოდერნიზებულმა МИ-28Н-ებმა, რომლებზეც სითბოვიზური ხედვისა და დამიზნების აპარატურაა დაყენებული.

ამ სტატიის ავტორს ჯერ კიდევ 1999 წელს მიეცა საშუალება, დეტალურად დაეთვალიერებინა და ვიდეოკამერით გადაეღო რუსული Ми-28Н. მას შემდეგ 12 წელი გავიდა და რუსეთმა დღემდე  ვერ შეძლო ამ საბრძოლო შვეულმფრენის ბოლომდე ჭკუაზე მოყვანა, არადა Ми-28Н-ის შექმნა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო და მისი პირველი გაფრენა 1982 წელს, ანუ 29 წლის წინ განხორციელდა.

მიუხედავად ხანდაზმულობისა, საფრთხეს წარმოადგენს მისი მოდერნიზებული ვარიანტიМи-28Н-ი. მასზე დაყენებულია ნავიგაციისა და დამიზნების თანამედროვე სისტემა, რომელიც ეკიპაჟს საშუალებას აძლევს, ზუსტი სარაკეტო შეტევა ღამითაც განახორციელოს.

2009-10 წლებში ქ. ბუდიონოვსკში დისლოცირებულ 6971-ე საავიაციო ბაზაზე (რომელიც ადრე 487-ე ცალკეულ საშვეულმფრენო პოლკად იწოდებოდა და რომელზეც 1995 წელს დივერსიული თავდასხმა განახორციელა შამილ ბასაევის ჯგუფმა) 16 ცალი სერიული Ми-28Н-ი განათავსეს და ეკიპაჟებმა მთაგორიანი რელიეფის პირობებში საბრძოლო მოქმედებების სწავლება დაიწყეს.

2009 წლის 19 ივნისს ერთმა Ми-28Н-მა მოსკოვთან ახლოს პოლიგონზე ავარია განიცადა. ავარიის მიზეზი ის იყო, რომ  შვეულმფრენის მიერ გაშვებული რაკეტებიდან გამოყოფილი აირები მისი ძრავების ჰაერმიმღებებში შეიჭრა, რამაც ძრავების გათიშვა გამოიწვია.