ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია - ძირითადი საფრთხეების ჩამონათვალი - კვირის პალიტრა

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია - ძირითადი საფრთხეების ჩამონათვალი

2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომმა ნათლად გამოაჩინა იმ დროს მოქმედ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში არსებული ხარვეზები, მათ შორის ისიც, რომ რუსეთთან პირდაპირი საბრძოლო შეტაკებების ალბათობა მეტისმეტად იყო შემცირებული.

აგვისტოს ომის შემდეგ აუცილებელი გახდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ძირეული შეცვლა, თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ორი დიდი ნაწილი აქვს ოკუპირებული, რომლებიც, სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში, კრემლისთვის საუკეთესო პლაცდარმი იქნება.

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ახალი პროექტის განხილვა სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობს და უშიშროების საბჭო ცდილობს, სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები მოისმინოს, რაც უთუოდ მისასალმებელია (თუმცა რამდენად იქნება ეს შენიშვნები გათვალისწინებული, სხვა საქმეა).

ოპოზიციის ნაწილი საერთოდ არ მონაწილეობს ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ნაწილი კი გარკვეულ შენიშვნებს გამოთქვამს.

სხვებზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ამ სტატიის ავტორმა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის "სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში" წევრმა პროექტის განხილვისას უშიშროების საბჭოს აპარატის წარმომადგენლებს კონკრეტული შესწორება შესთავაზა.

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტის ერთ-ერთი თავის (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები) მესამე ქვეთავში (ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობის ამაღლება და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება) აღნიშნულია, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს NATO-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად, რაც არა მარტო ზრდის საქართველოს მნიშვნელობას ტრანსატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით, არამედ ამდიდრებს ქართული არმიის საბრძოლო გამოცდილებას ასიმეტრიული საბძოლო მოქმედებების საწარმოებლად, ეს კი წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული საქართველოს ტერიტორიული უსაფრთხოების განსამტკიცებლად.

ასიმეტრიული ბრძოლების გამოცდილებას ქართული დანაყოფები მართლაც იღებენ ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობით, მაგრამ ეს მაშინ არის გამოსადეგი, თუკი მოწინააღმდეგესთან სრული უპირატესობა გაქვს მოპოვებული მიწაზე, წყალსა და მით უმეტეს - ჰაერში.

2008 წლის აგვისტოს ომამდე ასიმეტრიული ბრძოლების გამოცდილება შეიძლება მართლაც დაგვჭირვებოდა, თუკი ომში სეპარატისტების მხარეს ასე ღიად არ  ჩაერთვებოდა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები.

ახლა კი რეალურად ასიმეტრიულ მდგომარეობაში სწორედ ქართული არმია შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან რუსეთი, სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში, სრულ უპირატესობას მოიპოვებს წყალსა და ჰაერში, რაც ხმელეთზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე სერიოზულ გავლენას მოახდენს და ქართულ სამხედრო დანაყოფებს აიძულებს, ერთიანი ფრონტის ხაზის შენარჩუნების ნაცვლად პარტიზანული მოქმედების ტაქტიკა აირჩიონ;

ამიტომ ავღანეთში მიღებული ასიმეტრიული ბრძოლის გამოცდილება ქართველ ჯარისკაცებს ისევ საზღვარგარეთ ახალ მისიებში თუ გამოადგებათ, როდესაც ისინი უფრო ძლიერი მებრძოლი მხარის გვერდით იდგებიან. ისე, ქართული მიწის დასაცავად ცუდი არ იქნებოდა ავღანური გამოცდილების გამოყენება, თუკი მხარს ძლიერი მეგობარი ქვეყანა დაგვიჭერდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ამის ნიშან-წყალიც არ ჩანს...