რატომ აძლევს ხელს საქართველოს ლუკაშენკოს გამარჯვება...
10-08-2020
რატომ აძლევს ხელს საქართველოს ლუკაშენკოს გამარჯვება...
პუტინის მრავალწლიანი ზეწოლის მიუხედავად, ლუკაშენკო არ გატყდა და არც საქართველო "გატეხა"

10 აგვისტოს, "კვირის პალიტრის" ამ ნომრის გამოსვლის დღეს, ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები დამთავრებული იქნება და გაირკვევა, ვინ იქნება ამ მნიშვნელოვანი პოსტსაბჭოთა ქვეყნის პრეზიდენტი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, თუმცა, სტატიის დაწერამდე რამდენიმე დღით ადრეც ცხადი იყო, რომ ამ სავარძელს ალექსანდრე ლუკაშენკო შეინარჩუნებდა.

ლუკაშენკო ერთგვარი "დედია" (თუ საბჭოთა დროინდელი "დედოვშჩინის" სამხედრო სლენგს გამოვიყენებთ) ყველა პრეზიდენტს შორის, რადგან 1994 წლიდან მოყოლებული, ის შეუცვლელად
იკავებდა ამ პოსტს და პრეზიდენტი პუტინიც კი, რომელიც 20 წელია, რუსეთის სათავეშია, მასთან შედარებით მხოლოდ "მოლოდოის" სტატუსს თუ მოირგებდა საბჭოთა სამხედრო ყაზარმაში.

როცა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყნის პრეზიდენტის სავარძლიდან პოლიტიკოსი 26 წელი არ დგება, ცხადია, იქ დასავლურ დემოკრატიას "სძინავს" და ობიექტური საპრეზიდენტო არჩევნები არ
ტარდება. ამას ადასტურებს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიებიც, როდესაც ლუკაშენკომ საპრეზიდენტო კანდიდატთა ნაწილი დაიჭირა, ნაწილი ქვეყნიდან გააქცია და საპროტესტო მიტინგებიც დაარბია...
მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელს აძლევს, რომ ლუკაშენკო დარჩეს ბელორუსის პრეზიდენტად!

შეიძლება გაჩნდეს კითხვა: სად ბელორუსი და სად საქართველო, რომელსაც საკუთარი პრობლემები ისედაც თავზე საყრელი აქვს და ლუკაშენკოს პრეზიდენტობაზე არ უნდა ღელავდეს, მაგრამ ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ორ ათეულ წელზე მეტხანს ბელორუსი დასავლეთში რუსეთის სატელიტად აღიქმებოდა, სწორედ პრეზიდენტ ლუკაშენკოს უდიდესი დამსახურებაა, რომ მან გაუძლო პუტინის კულისებს მიღმა დიდ ზეწოლას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა არ აღიარა!

ჩვენ ზუსტად არ ვიცით, მოსკოვი მინსკზე როგორ ზეწოლას ახორციელებდა, რათა ბელორუსი გამხდარიყო რუსეთის შემდეგ მეორე სერიოზული ქვეყანა (ვენესუელისა თუ ვანუატუს "აღიარებები" მსოფლიოში მხოლოდ დაცინვას იწვევს), რომელიც "ჩვენებური" სეპარატისტების საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე გაყვანას ეცდებოდა.

ლუკაშენკოს ეს დიდი ღვაწლი საქართველომ არ უნდა დაივიწყოს. არც იმის დავიწყება შეიძლება, .რომ აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ლუკაშენკოსთან საერთო ენა გამონახა (განსაკუთრებით მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის აქტიურობით), რამაც საქართველო-ბელორუსის მეგობრობა გააძლიერა. ასევე, მისასალმებელია, რომ ოფიციალურ მინსკთან მეგობრობა საქართველოს შემდგომმა ხელისუფლებამაც გააგრძელა და ეს ურთიერთობა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე არ შეჩერებულა. ეკონომიკური პარტნიორობის გარდა, ბელორუსმა რამდენჯერმე გაგვირემონტა სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენები, რომლებიც ჩვენი "გაჭირვების ტალკვესია" ტყის ხანძრების ჩაქრობისას თუ ექსტრემალურ სიტუაციებში ადამიანთა ევაკუირებისას.
ბელორუსში დემოკრატიის პრობლემებზე დღეს თვალს თვით ევროპა და აშშ-ც კი ხუჭავს, რადგან ბოლო წლებში პუტინსა და ლუკაშენკოს შორის აშკარად გამოიკვეთა დაპირისპირება, პიროვნულიც კი.

ბელორუსს რუსეთისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - ბელორუსის ტერიტორიის მაქსიმალური სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე 600 კმ-ზე მეტია, ანუ ის სერიოზული ბუფერია ნატოს წევრ პოლონეთსა და რუსეთის დასავლეთ ნაწილს შორის და ამერიკული ფრთოსანი "ტომაჰავკების" მიერ ამ ექვსი ასეული კმ-ის გადასალახავად საჭირო არანაკლებ 40 წთ საუკეთესო დროა რუსეთის საჰაერო თავდაცვის საბრძოლოდ მოსამზადებლად. ეს ეხება ხმელეთზე ჯავშანსატანკო შენაერთების შეტევების ტემპსაც, რომელსაც ბელორუსის ჭაობები მნიშვნელოვნად შეანელებს.

ნატო რუსეთზე შეტევას არ ფიქრობს, თავისი გასჭირვებია (ცდილობს, ევროპის ბევრი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის ფონზე ალიანსი შეინარჩუნოს), მაგრამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არ სურთ, მოსკოვმა მინსკი მთლად "დაჩაგროს" და რუსული სატანკო არმადები სმოლენსკის ნაცვლად ბელორუსის ბრესტში, პოლონეთის საზღვართან განათავსოს.

დასავლური ბიუროკრატია და შეიძლება ერთგვარი გაუბედაობაც უშლის ხელს ნატოს, უფრო გაბედული და სწრაფი ნაბიჯებით დაიწყოს დაახლოება ბელორუსის ლიდერთან, არადა, ახლა ყველაზე კარგი მომენტია, რომ ბელორუსი დასავლეთმა თავისკენ "მიიჩოჩოს", რადგან ლუკაშენკო-პუტინს შორის დაპირისპირებამ თითქმის ზენიტს მიაღწია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 29 ივლისის ღამეს ბელორუსში რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" 33 მებრძოლი დააკავეს.

კრემლი ირწმუნება, რომ ეს დაქირავებული სამხედროები, რომლებიც მანამდე უკრაინის აღმოსავლეთსა და სირიაში იბრძოდნენ, ბელორუსში მხოლოდ ტრანზიტით იყვნენ და მინსკიდან აფრიკაში უნდა გაფრენილიყვნენ, მაგრამ ლუკაშენკოს მოსკოვის "ცრემლების არ სჯერა" და მიიჩნევს, რომ მისი "დიდი და ძველი მეგობარი" პუტინი ამ და სხვა რუსი დაქირავებული მებრძოლებით საპრეზიდენტო არჩევნების წინ მას სამხედრო გადატრიალებას უწყობდა "მწვანე კაცუნების" პრინციპით, ანუ დაახლოებით ისე, როგორც 2014 წელს ყირიმში გააკეთა.

ბოლო წლებში პუტინს სურდა რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი სახელმწიფოს შექმნა და მის სათავეში მოხვედრა ისე, რომ მანამდელი მისი საპრეზიდენტო ვადები განულებულიყო და ორი ვადით დარჩენილიყო პრეზიდენტად, მაგრამ ეს არ გამოუვიდა, რადგან ლუკაშენკო მიხვდა, რომ ხელცარიელი რჩებოდა. კრემლის ბინადარმა მაინც იპოვა გამოსავალი და რუსეთის ახალი კონსტიტუციით "გაინულა" წინა საპრეზიდენტო ვადები, რაც მას თეორიულად და პრაქტიკულადაც რუსეთის პრეზიდენტად 2036 წლამდე დარჩენის გარანტიას აძლევს.

პუტინისთვის უკვე მიუღებელია მეზობელ ბელორუსში ლუკაშენკოს 26-წლიანი პრეზიდენტობა და კიდევ ხუთი წელი მისი ატანა, ამიტომაც გასაგებია კრემლის აქტიურობა, რომ მინსკში თავისი კაცი "დასვას. ახლა რუსეთი ერთგული მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი - ბელორუსთან ფარული ომი აქვს, უკრაინასთან - აშკარა, საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას განაგრძობს, შუააზიელი მიგრანტები გადაიკიდა და სომხეთიც კი დასავლეთისკენ ცდილობს გზის გაჭრას. ახლა მოსკოვი სომხეთთან შედარებით აზერბაიჯანს უფრო დაუახლოვდა, თუმცა ბაქოს თავისი ინტერესები ამოძრავებს - სურს, ისე "მოთაფლოს" პუტინი, რომ როდესაც აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის დიდ ომს წამოიწყებს, კრემლმა თვალი დახუჭოს...

რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა აქვს, რამაც განაპირობა ის, რომ კრემლის უდიდესი ზეწოლის მიუხედავად, არც ერთმა პოსტსაბჭოთა სახელმწიფომ არ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა.
მათ შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ბელორუსს, რომელსაც 1994 წლიდან უცვლელად მართავს პრეზიდენტი ლუკაშენკო, რომელმაც არ დაუშვა, კრემლს მისი ქვეყანა შეიარაღებული კონფლიქტის "ჭაობში" ჩაეთრია, როგორც საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვასა და უკრაინას გაუკეთა. თუკი ლუკაშენკო შეძლებს კრემლის შეტევების მოგერიებას და ქვეყანას დასავლეთის მიმართულებით შეაბრუნებს, რუსეთის გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მდგომარეობა მეტისმეტად არასახარბიელო აღმოჩნდება - მას სამეზობლოში მეგობარი აღარ დარჩება...

ბელორუსის არმია პუტინისთვის ხელწამოსაკრავი ვერ გახდება...


პუტინი-ლუკაშენკოს ურთიერთობის შემდგომი უკიდურესი გამწვავების შემთხვევაში რეალურია თუ არა, რომ კრემლმა ბელორუსს ახალი ყირიმი და დონბასი მოუწყოს? როგორია ბელორუსის შეიარაღებული ძალები?

მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსი ევროპის უდიდესი ქვეყანაა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არა აქვს და, შესაბამისად, არც სამხედრო-საზღვაო ძალები გააჩნია, მისი სახმელეთო ჯარები ანგარიშგასაწევი ძალაა როგორც ნატოსთვის, ისე რუსეთისთვის.
ბელორუსის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის საშტატო რაოდენობა 65 ათასს უტოლდება, რაც შეიძლება არცთუ დიდი ჩანდეს 9,5 მლნ მოსახლის ფონზე, მაგრამ რეგულარული არმიის გარდა პრეზიდენტის განკარგულებაშია 120-ათასიანი ტერიტორიული ჯარი, რომელსაც ადგილზე პარტიზანული ბრძოლის ორგანიზება ევალება და რისი უდიდესი გამოცდილებაც ბელორუსებს მეორე მსოფლიო ომის დროს, ჰიტლერის არმიის წინააღმდეგ ბრძოლისას დაუგროვდათ.

ბელორუსის არმიის შეიარაღებაშია 515 ტანკი, 1 253 სხვადასხვა ტიპის ჯავ­შანმანქანა, ათასამდე საარტილერიო დანადგარი (მათ შორის 238 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა), 197 სამხედრო თვითმფრინავი (აქედან 150-მდე - საბრძოლო) და 88 შვეულმფრენი (მათგან 21 ერთეული დამრტყმელი). ბელორუსის ცას იცავს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ათობით დივიზიონი.

ჩინეთთან კოოპერაციაში პრეზიდენტ ლუკაშენკოს განკარგულებაში აღმოჩნდა 300 კმ-მდე რადიუსის მქონე "პოლონეზის" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო სისტემები, რომლებიც სერიოზული ძალისმიერი არგუმენტია ოფიციალური მინსკის ურთიერთობაში გინდ ნატოსთან და გინდ რუსეთთან.

ბელორუსის თავდაცვის ბიუჯეტი 725 მლნ დოლარამდეა, რაც არ კმარა თანამედროვე შეიარაღების შესაძენად და არმიის გასაძლიერებლად.
იოსები
23 აგვისტო 2020 16:15
ანუ ამ სტატიის ავტორის აზრით ბელორუსში თუ პროდასვლური ლიდერი მოვიდა აფხაზეთა და სამაჩაბლოს აღიარებს, ეს ავტონომიები არც ნაზარბაევმა აღიარა არც კუბამ არც ჩრდილოეთ კორეამ, იმიტომ რომ დიდი უსამართლობაა და ამას ყველა ხვდება რუსების გარდა. ისე ტომაჰავკებს 600კმ-ის დასაფარად 40წთ არ სჭირდება.
მურმანი
19 აგვისტო 2020 12:03
მინსკში ამერიკელები პონჩიკს ვერ დაარიგებენ, როგორც ეს კიევში მოხდა.
ტოტო
16 აგვისტო 2020 20:36
კარგი სტატიაა.

რედაქტორის რჩევით
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები