პუტინმა ლუკაშენკო "ჩაყლაპა", ანუ რას უნდა ველოდოთ რუსეთის სრული წნეხის ქვეშ აღმოჩენილი ბელორუსისგან... - კვირის პალიტრა

პუტინმა ლუკაშენკო "ჩაყლაპა", ანუ რას უნდა ველოდოთ რუსეთის სრული წნეხის ქვეშ აღმოჩენილი ბელორუსისგან...

ალექსანდრე ლუკაშენკო მეექვსედ გახდა ბელორუსის პრეზიდენტი, მაგრამ ეს ბოლო "გამარჯვება", ალბათ, უფრო დიდი დამარცხების ტოლფასია, რადგან მისი ხელისუფლება სასტიკად უსწორდება ათიათასობით მომიტინგეს, რომლებიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.

ოპოზიციის მიტინგების დარბევისას სისასტიკე დღეს, სამწუხაროდ, აღარავის უკვირს, რადგან ასე ხდება თითქმის მთელ მსოფლიოში, მათ შორის - დემოკრატიით ნაქებ საფრანგეთსა თუ აშშ-ში (რაღა შორს წავიდეთ, მიტინგების სასტიკი დარბევა ხომ არც ჩვენი რუსთაველის პროსპექტისთვის არის უცხო), მაგრამ მინსკსა და ბელორუსის სხვა ქალაქებში მილიცია, "ომონი", კა-გე-ბეს სპეცრაზმები და სამხედრო დანაყოფები განსაკუთრებულ დაუნდობლობას იჩენენ და დაკავებულ მომიტინგეებს სასტიკად სცემენ. ისე, ბელორუსში დაკავებულთა ცემის ვიდეოკადრები რაღაცით ძალიან ჰგავს თბილისში 2011 წლის 26 მაისის საშინელ წვიმიან ღამეს...

ცხადია, რომ ლუკაშენკო ყველაფერს გააკეთებს, ცეცხლის გახსნასაც არ მოერიდება, რომ როგორმე ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ ვის აძლევს ხელს მისი ჩამოგდება 26-წლიანი უწყვეტი მმართველობის შემდეგ? Bბუნებრივია, ბელორუსის იმ ათ თუ სულაც ასიათასობით მოქალაქეს, რომელთაც მოჰბეზრდათ "ბატკას" მეოთხედსაუკუნოვანი მეფობა, მაგრამ რომელი უცხო ქვეყნის ძალა შეიძლება იდგეს მათ უკან?

შეიძლება გაჩნდეს ილუზია, რომ ეს ძალა დასავლეთია, რომელმაც საქართველოში "ვარდების რევოლუცია" მოაწყო, უკრაინაში - "მაიდანი" და ახლა ბელორუსში "კარტოფილების რევოლუციას" გეგმავს, Mმაგრამ ლუკაშენკოს ასეთ რთულ მდგომარეობაში ჩაგდების მთავარი ორგანიზატორი სწორედ რუსეთია. ის რუსეთი, რომლის პრეზიდენტ პუტინს ბელორუსი კოლეგა ბოლო წლების განმავლობაში საქვეყნოდ ეურჩებოდა, ბოლოს კი "გაბედა" და რუსი დაქირავებული მებრძოლებიც დაიჭირა, რითაც კრემლი მსოფლიოს წინაშე დაამცირა.

მიუხედავად ამისა, პუტინმა პირველმა მიულოცა ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება, რაც ნიშნავს, რომ კრემლი მას ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება, თუმცა, სხვა საკითხია, რა ფასად დაუჯდება ეს ბელორუსსა და თავად ლუკაშენკოს.

საგულისხმოა, რომ მოსკოვის შემდეგ ლუკაშენკოს "გამარჯვება" ოკუპირებული სოხუმიდან და ცხინვალიდანაც მიულოცეს, რაც იმის მომასწავებელია, რომ დროთა განმავლობაში მოსკოვში ბელორუსისგან ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობის" ოფიციალურად აღიარებას მოელიან.

აქამდე, 12 წლის განმავლობაში, ლუკაშენკო უძლებდა კრემლის ზეწოლას და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები არ უღიარებია (რაც დასავლეთის გავლენის შედეგიც გახლდათ), მაგრამ მომავალში რას იზამს პუტინისგან ასე დავალებული ბელორუსის პრეზიდენტი? თუ ლუკაშენკომ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, შეიძლება მას მალე მიჰბაძონ დსთ-ის წევრმა შუა აზიის ქვეყნებმა ან სულაც სამხრეთ კავკასიის ერთმა ქვეყანამაც... ისე, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უკვე მიულოცეს ლუკაშენკოს მეექვსედ გაპრეზიდენტება, საქართველოს პოზიცია კი ერთი კვირის შემდეგაც უცნობია.