კრემლი ბელორუსისგან ნატოს საწინააღმდეგო ფორპოსტს შექმნის... - კვირის პალიტრა

კრემლი ბელორუსისგან ნატოს საწინააღმდეგო ფორპოსტს შექმნის...

"ხელისუფლების შენარჩუნებისთვის საკუთარი მოსახლეობის დამრბევი ალექსანდრ ლუკაშენკო პუტინს, ბელორუსში რუსული სამხედრო ბაზების განთავსების ჩათვლით, ყველაფერს დაუთმობს, მაგრამ..."

ევროკავშირმა არ აღიარა ბელორუსის პრეზიდენტად ლუკაშენკოს მეექვსედ არჩევა, ანუ დასავლეთმა ლუკაშენკოს ოპოზიციას გვიან, მაგრამ მაინც გამოუცხადა მხარდაჭერა. სამაგიეროდ, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, რომ ლუკაშენკოს ხელისუფლებას დაეხმარება ყველანაირად - სამხედრო მეთოდებითაც კი, როგორც ამას "კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ" ხელშეკრულება ითვალისწინებს.

რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს კრემლს, რომ ხელისუფლების შენარჩუნებაში დაეხმაროს იმ ლუკაშენკოს, რომელმაც ბოლო წლებში თავისი სახალხო გამონათქვამებით პუტინი არაერთხელ გააღიზიანა?

აქამდე ლუკაშენკომ არაერთხელ უარყო კრემლის შეთავაზება, შექმნილიყო რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი სახელმწიფო და ბელორუსში რუსული სამხედრო ბაზები განთავსებულიყო.

ბელორუსის პრეზიდენტის ეს უარი იმითაც იყო განპირობებული, რომ ლუკაშენკო ხვდებოდა, გაერთიანებულ სახელმწიფოში მას პირველ რიგებში აღარავინ დააყენებდა და მალევე მოიცილებდნენ, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებმა მისთვის თითქმის კატასტროფულად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ ხმების 81% მიუწერეს, ის ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა პრეზიდენტად არ აღიარა და ქუჩაში გამოვიდა.

ამ ფონზე ლუკაშენკო კრემლს ბევრ რამეს უთმობს, რათა რუსეთმა პოლიტიკურად და, თუ საჭირო გახდება, სამხედრო მეთოდებითაც მას პრეზიდენტის სავარძელი შეუნარჩუნოს. მაგრამ ემუქრება კი ვინმე დღევანდელ ბელორუსს სამხედრო აგრესიით? ძველი სიმღერის, რომ თურმე ნატო ბელორუსში შეჭრას აპირებს, ამ ქვეყნის მოსახლეობას, დიდი ხანია, აღარ სჯერა და ერთადერთი სამხედრო ძალა, რომელიც მალე შეიძლება მართლაც შევიდეს ბელორუსის ტერიტორიაზე, რუსი "მწვანე კაცუნები" იქნებიან - სწორედ ის "მწვანე კაცუნები", რომლებმაც 2014 წლის გაზაფხულზე უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძული "მოჰპარეს".

კრემლის სტრატეგიულ ინტერესებს შეესაბამება, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებები, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო დანაყოფები და სულაც ჯავშანსატანკო ნაწილები ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრებთან რაც შეიძლება ახლოს "მიაჩოჩოს", რაც მას 600 კმ-იანი ოპერატიული სივრცის მოგების საშუალებას მისცემს. თუკი აქამდე ლუკაშენკო პუტინს ბელორუსში რუსული სამხედრო ბაზების განთავსების თაობაზე ეურჩებოდა, ახლა შეიძლება, პირიქით, შეეხვეწოს, მაგრამ ეს მას პრეზიდენტის სავარძელს დიდი ხნით მაინც ვერ შეუნარჩუნებს - როგორც კი რუსეთის პრეზიდენტი ბელორუსზე გავლენას გააძლიერებს, მაშინვე პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრის ყოფილ "მეგობარს", რუსეთის არმია კი ბელორუსში ფეხს მყარად მოიკიდებს...

რჩება სამწუხარო შთაბეჭდილება, რომ რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს, უკრაინის, სომხეთისა თუ აზერბაიჯანის წინააღმდეგ თითქმის წაუგებელ თამაშშია ჩაბმული და ამ სიას ახლა ბელორუსიც ემატება - ის ბელორუსი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხსენებული პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისგან განსხვავებით სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მაგრამ აი, კრემლმა მისთვისაც მოიცალა.