როგორ დავიცვათ ქართული "მიმინოები" რუსული "კრაზანებისგან"
როგორ დავიცვათ ქართული "მიმინოები" რუსული "კრაზანებისგან"
"გარემონტებულ და ცაში აფრენილ ქართულ საბრძოლო ავიაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული საზენიტო რაკეტებისგან თავდაცვა დასჭირდება"

პოლიტიკური და კრიმინალური მოვლენებით გაბრუებულ ჩვენს საზოგადოებაში მიიჩქმალა ერთი კარგი ინფორმაცია - თავდაცვის სამინისტრომ, ბოლოს და ბოლოს, დაიწყო ოთხი წელი მიწას "მიჯაჭვული" მოიერიშე თვითმფრინავებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების აღდგენა-გარემონტება.

ირაკლი ღარიბაშვილმა შეასრულა პირობა, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე, თავდაცვის მინისტრად დანიშვნისას დადო ქართული საბრძოლო ავიაციის აღდგენასთან დაკავშირებით.

24 ივლისს მარნეულის საავიაციო ბაზიდან "სუ-25" ტიპის ორი მოიერიშე თვითმფრინავი დემონტაჟის
შემდეგ ტრაილერებზე დაიტვირთა და თბილისის საავიაციო ქარხანაში გამოიგზავნა (სადაც ისინი თავის დროზე აიწყო). ახლა "თბილავიამშენი" და "დელტა" ერთობლივი ძალით შეუდგებიან მათ კაპიტალურ რემონტს.

გარემონტება სჭირდება 12 ერთეულ "სუ-25" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავსა და ექვს "მი-24" ტიპის დამრტყმელ შვეულმფრენს, თუმცა ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რამდენის გარემონტება მოხერხდება, რადგან
ზოგი მათგანის განახლება, დარჩენილი რესურსის გათვალისწინებით, "ღირებულება-ეფექტიანობის" კრიტერიუმიდან გამომდინარე, შეიძლება არც იყოს მიზანშეწონილი.

იმედია, პირველად Kკაპიტალურად გარემონტდება "მიმინოს" მოდიფიკაციის რამდენიმე "სუ-25" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, რომლებიც დასავლური წარმოების თანამედროვე სანავიგაციო-საპილოტაჟო მოწყობილობით არის აღჭურვილი და საბჭოთა სტანდარტის გარდა, ნატოს სტანდარტის მართვადი ბომბებისა და რაკეტების გამოყენებაც შეუძლიათ.

თითოეული "მიმინოს" კაპიტალური რემონტი შეიძლება რამდენიმე მილიონი ლარი დაჯდეს, მაგრამ აუცილებელია ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გათვალისწინება, რაც გააძვირებს "მიმინოების" მწყობრში მოყვანას, მაგრამ სამაგიეროდ, უსაფრთხოს გახდის ქართველი პილოტების მომავალს.
ზუსტად 12 წლის წინ, აგვისტოს ომის დროს, ქართული ციდან ჩამოგდებული ექვსი რუსული საბრძოლო თვითმფრინავიდან სამი მოიერიშე "სუ-25" მიწას დაენარცხა. სამი ასეთივე თვითმფრინავი საზენიტო რაკეტებით დააზიანეს, მაგრამ მათმა პილოტებმა აეროდრომებზე დაშვება მოახერხეს (თუმცა ამ მოიერიშეების აღდგენა რუსმა სპეციალისტებმა ვერ შეძლეს, ჩამოწერეს და რუსეთის საჰაერო ძალებისთვის ისინიც აგვისტოს ომის დანაკარგად მიიჩნევა).

აგვისტოს ომის ხუთ დღეში რუსეთის ავიაციამ ასეთი დანაკლისი იმიტომაც განიცადა, რომ მისი საბრძოლო თვითმფრინავების, განსაკუთრებით კი - "სუ-25" ტიპის მოიერიშეების თავდაცვის ძირითადი საშუალება მხოლოდ ე.წ. სითბური ხაფანგები იყო (მცირე ზომის რაკეტები გატყორცნის შემდეგ მაღალი ტემპერატურის გამოყოფით იწვის და თავისკენ "იზიდავს" სითბური დამიზნების საზენიტო რაკეტებს), რომლებიც ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა ქართული საზენიტო "გრომებისა" და "სპაიდერების" მოსაგერიებლად.

აგვისტოს ომის გამოცდილებით რუსმა სპეციალისტებმა მოდერნიზებულ "სუ-25"-ებზე, რომლებსაც სირიაში იყენებენ, თავდაცვის ახალი სისტემა - "ვიტებსკ-25" დაამონტაჟეს. რადიოლოკაციური დამიზნების რაკეტების მოსაგერიებლად გამოიყენება აქტიური ხარვეზების გამომსხივებელი სადგური, ხოლო სითბური დამიზნების რაკეტის "დასაბრმავებლად" - ოპტიკურ-ელექტრონული ჩახშობის მოწყობილობა, საიდან გაშვებული ლაზერის სხივიც "წვავს" საზენიტო რაკეტის ძალიან მგრძნობიარე სითბური დამიზნების სისტემას, საზენიტო რაკეტის სტარტი კი ფიქსირდება "ვიტებსკ-25"-ში შემავალი ულტრაიისფერი პელენგატორებით.

ამგვარად მოდერნიზებული "სუ-25"-ები რუსეთს ჩრდილო კავკასიის საჰაერო ბაზებზე ჰყავს განთავსებული, საიდანაც აგვისტოს ომის დროს გვბომბავდნენ და მათ წინააღმდეგ ბრძოლა ქართველ მეზენიტეებს ახლა უფრო გაუჭირდებათ.

მეორე მხრივ, კაპიტალური რემონტის პარალელურად, ქართულ "მიმინოებსაც" სჭირდება ანალოგიური თავდაცვის საშუალებებით აღჭურვა, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთმა ძალიან ძლიერი საჰაერო თავდაცვის ზონები შექმნა, სადაც გაერთიანებულია საზენიტო-სარაკეტო "ოსები", "ტორები", "ბუკები" და "ფავორიტები". რუსული "იგლას" რაკეტის სითბური თუ "ბუკის" რადიოლოკაციური დამიზნების საზენიტო რაკეტებისგან დასაცავად ქართულ "მიმინოებსა" და "მფრინავ ნიანგებზე" აუცილებლად დასამონტაჟებელია შესაბამისი დასავლური წარმოების აპარატურა, რომელიც შეიძლება ძვირია, მაგრამ ქართველ სამხედრო მფრინავებს უსაფრთხოების მეტ გარანტიას მისცემს საბრძოლო ამოცანის წარმატებით შესასრულებლად და უკან მშვიდობიანად დასაბრუნებლად.

ინფორმაციისთვის - სითბური და რადიოლოკაციური დამიზნების რაკეტებისგან თავდაცვის იმ დროისთვის ულტრათანამედროვე ისრაელის წარმოების აპარატურა აგვისტოს ომამდე იყო დამონტაჟებული ბიძინა ივანიშვილისა და მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირად შვეულმფრენებზე, ასე რომ, შეუძლებელი არაფერია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები