ჩვენ ლუგარს გვამადლით, თავად კი... - კვირის პალიტრა

ჩვენ ლუგარს გვამადლით, თავად კი...

აშშ-მა "შავ სიაში" შეიყვანა რუსეთის სამი გასამხედროებული საკვლევი ინსტიტუტი, რომლებიც, სავარაუდოდ, ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღზე ფარულად მუშაობენ, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მომწამვლელ შხამებზეც...

ლუგარის ლაბორატორიის გამო რუსეთის ოფიციოზი და მისი მართული მასმედია არაერთხელ დაესხნენ თავს საქართველოს საინფორმაციო სივრცეს და რა არ დაგვაბრალეს - საკუთარ მოსახლეობაზე ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება, თუ ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში "დაავადებული" ღამურების გაშვება...

მაგრამ სიმართლე სულ სხვაა და ამართლებს ჯერ კიდევ საბჭოთა სპეცსამსახურების მთავარ დევიზს - "დააბრალე სხვას ის, რასაც თავად აკეთებ და დამალვა გსურს".

26 აგვისტოს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს წარმოებისა და უსაფრთხოების საკითხების ბიურომ (BIS) "შავ სიაში" შეიყვანა რუსეთის ფედერაციის "ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების მოსკოვის სახელმწიფო სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტი" და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 33-ე და 48-ე ცენტრალური სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტები.

"შავ სიაში" შეყვანა კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ამერიკულ კომპანიას ეკრძალება ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობა ზემოთ ჩამოთვლილ რუსულ ორგანიზაციებთან და მათთვის რაიმე სახის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიყიდვა.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ საკვლევ ინსტიტუტებში ფართოდ გამოიყენება ამერიკული პროდუქცია, მათ შორის კვლევების ჩატარებისთვის აუცილებელი თანამედროვე აპარატურა, ეს დიდი დარტყმა უნდა გახდეს რუსეთის ფარული სამხედრო-ქიმიური კვლევებისთვის.

აშშ-ის დაზვერვა არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი განაგრძობს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის სრულყოფას, რაც აკრძალულია საერთაშორისო კონვენციით, რომლის ხელმომწერი მოსკოვიცაა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ზემოთ ხსენებულ დახურულ ინსტიტუტებში დღემდე გრძელდება საბრძოლო ვირუსებისა და შხამების შექმნა, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურები კრემლისთვის მიუღებელი პირების ფიზიკური ლიკვიდაციისთვის იყენებენ. ამის შედეგი იყო სკრიპალების "ნოვიჩოკით" მოწამვლა და არის ოპოზიციონერ ნავალნის კომატოზური მდგომარეობა - ასე ფიქრობენ დასავლეთის სადაზვერვო წრეებში.

ის, რომ რუსეთი დღესაც მუშაობს საბრძოლო ქიმიაზე, "ნოვიჩოკის" შემქმნელებიც ადასტურებენ - აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარმიღებული პროფესორი ვილ მირზაიანოვი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ზესაიდუმლო მომწამვლელი "ნოვიჩოკის" შექმნაში მონაწილეობდა, დარწმუნებულია, რომ რუსეთის სპეცსამსახურების შეკვეთით რუსული საკვლევი ინსტიტუტები კვლავ ამზადებენ "ნოვიჩოკსა" და სხვა უფრო სრულყოფილ საბრძოლო შხამებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კრემლიდან ნაბრძანები საიდუმლო დივერსიულ-ტერორისტული აქტებისთვის.