ნატოში შიდა დაპირისპირება პუტინს აძლიერებს... - კვირის პალიტრა

ნატოში შიდა დაპირისპირება პუტინს აძლიერებს...

"ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ფლოტსა და ალიანსის სამხედრო-საზღვაო ესკადრას შორის მომხდარი მცირე ინციდენტიც კი ნატოს ერთიანობას უდიდეს ზიანს მიაყენებს როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო ძლიერების შესუსტების სახით..."

შავ, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში თურქეთის მზარდი სტრატეგიული ინტერესი ძირეულად ეწინააღმდეგება ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყნის გეგმებს და ალიანსში დაძაბულობის გამწვავებას განაპირობებს...

მაშინ, როცა საქართველო ორ ათეულ წელზე მეტია ცდილობს გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, თავად ნატოს რიგებში არცთუ სახარბიელო ვითარებაა.

ხმელთაშუა ზღვაში ნატოს წევრი საფრანგეთი, იტალია და საბერძნეთი ერთობლივ საზღვაო სწავლებას იწყებენ, სადაც სავარაუდო მოწინააღმდეგედ შეიძლება... ასევე ნატოს წევრი თურქეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი იყოს დასახული!

ეს ფანტასტიკა არ არის, რეალობაა - მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ნათლად გამოკვეთა თურქეთის მზარდი სტრატეგიული ინტერესი სამ ზღვაში - შავ, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში, ოფიციალური ანკარის მომატებულ მადას, ბუნებრივია, მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ და ის უპირველესად, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, საბერძნეთია.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ორი ქვეყნის - თურქეთისა და საბერძნეთის დაპირისპირება ათწლეულებია გრძელდება და 1974 წელს კვიპროსზე საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა.

მას შემდეგ სამხედრო ინციდენტები ნატოს წევრ ამ ორ ქვეყანას შორის არაერთხელ ყოფილა ეგეოსის ზღვაში გაფანტული კუნძულების გამო, მაგრამ რაც შეიძლება ახლა მოხდეს, მოსალოდნელია ბევრად დიდი მასშტაბის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს.

ამჯერად დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ენერგორესურსების სადაზვერვო და მათი მოპოვებისთვის დაწყებული მოსამზადებელი სამუშაო. თურქეთი არ ცნობს საბერძნეთ-ეგვიპტის ამას წინათ ხელმოწერილ შეთანხმებას კონტინენტურ შელფზე საზღვაო საზღვრების დემარკაციისა და ახალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.

ამის საწინააღმდეგოდ თურქეთმა ტრიპოლიში ლიბიის იმ მთავრობასთან, რომელსაც ოფიციალური ანკარა უჭერს მხარს, კონტინენტურ შელფთან დაკავშირებული ანალოგიური შეთანხმება გააფორმა, მაგრამ გაეროში დასამტკიცებლად გაგზავნილ ამ შეთანხმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროკავშირი.

გამოდის, თურქეთი ლიბიის ერთ-ერთ მთავრობასთან ერთად უმცირესობაში აღმოჩნდა, რადგან მათ წინააღმდეგ საბერძნეთისა და ეგვიპტეს გარდა, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი და იტალიაც დაირაზმნენ და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ხომალდები გაგზავნეს.

მივა თუ არა საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე ნატოს წევრ ქვეყნებს შორის? იმედია, არა, და საღი აზრი გაიმარჯვებს, მაგრამ ის, რომ პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ "იარაღის ჟღარუნი გაისმა", ძალიან ცუდია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთობისთვის, მით უმეტეს, რომ დაპირისპირების ერთი მხარე თავად ნატოს ის ქვეყანაა, რომელსაც აშშ-ის შემდეგ ალიანსის წევრებს შორის სიდიდით მეორე არმია ჰყავს.

ნატოს რიგებში ასეთი განხეთქილება ძალიან ცუდია საქართველოსთვის, რომელიც ამდენი ხანია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას ცდილობს, მათ შორის ნატოს წევრი თურქეთის დახმარებითაც, და ამ დროს ეს ქვეყანა თანაალიანსელებს უპირისპირდება.

სამაგიეროდ, ეს ყველაფერი საუკეთესოდ ჯდება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებში - განხეთქილება შეიტანოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, რომელიც თავს გამარჯვებულად ცნობდა ჯერ ვარშავის ხელშეკრულების, შემდგომ კი საბჭოთა კავშირის დაშლის გამო.

ნატოს თავისი პრობლემებიც ჰყოფნის - ფინანსების ნაკლებობასა და ზოგიერთი წევრი ქვეყნის არმიების დაბალ საბრძოლო მზადყოფნას თუ ალიანსის წევრებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების საშიშროებაც დაემატება, ეს ნატოს ძლიერ დარტყმას მიაყენებს და მსოფლიოში ავტორიტეტს შეულახავს...

ნატოს წამყვანი ქვეყნების თანაალიანსელ თურქეთთან "წაკიდება" მოასწავებს, რომ შავი ზღვის რეგიონში, ანუ სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე, ნატოს გაძლიერებას შეიძლება უმწვავესი პრობლემები შეექმნას და დაკარგოს თურქეთის მხარდაჭერა, რომელიც პირველი "ცივი ომის" დროს სწორედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარ შემაკავებელ ძალას წარმოადგენდა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით კრემლის სამხედრო აგრესიის წამოწყების შემთხვევაში.

დღეს კი პარადოქსული ვითარებაა -ოფიციალურ ანკარას კრემლთან უკეთესი ურთიერთობა აქვს, ვიდრე თეთრ სახლთან თუ ნატოს შტაბბინასთან ბრიუსელში.

გასაგებია, რომ დასავლეთის ლიდერებს გულზე არ ეხატებათ "ოსმალეთის ახალ იმპერიაზე" ერდოღანის ოცნება, მაგრამ განა თავად ევროპამ არ გარიყა თურქეთი, როდესაც ევროკავშირის კარი გადაურაზა? ან აშშ-მა არ აიძულა Aანკარა თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემები პუტინისგან შეეძინა, როდესაც ამერიკული "პეტრიოტების" მიყიდვა დაუბლოკა?

"ბებერ" ევროპას თუ თეთრ სახლს ბევრი პრეტენზია აქვთ ერდოღანის პოლიტიკასთან, მაგრამ თურქეთის სრული გარიყვა თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის შეიძლება ტრაგიკული გამოდგეს, რადგან ნატო თურქეთის გარეშე ძალიან ბევრს დაკარგავს.