ჰექსოგენის "კვალი" ოთხი თვის დაგვიანებით?! - კვირის პალიტრა

ჰექსოგენის "კვალი" ოთხი თვის დაგვიანებით?!

ტელეკომპანია "იმედთან" პოლიციის მიერ გზების გადაკეტვასა და აქ ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენამდე ერთი კვირით ადრე ქართულმა სპეცსამსახურმა დააკავა წინა ტერაქტებში ეჭვმიტანილი მერაბ ყოლბაია, მეტსახელად "კოჭო".

ლოგიკური ჩანდა, რომ დაკავებულ ახალ ბრალდებულს ახალი ინფორმაცია გაეცა, რის საფუძველზეც პოლიციამ ტელეკომპანია "იმედთანაც" მიაკვლია ადრე დადებულ ასაფეთქებელ მოწყობილობებს...

თუმცა შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოსიუჟეტში ჩანს, რომ აღიარებით ჩვენებას ისევ ძველი ბრალდებული - გოგიტა არქანია იძლევა, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის 4 დეკემბერს დააკავეს.

გოგიტა არქანია ვიდეოკამერის წინ მაშინაც ენის ბორძიკით, მაგრამ თვინიერად და დეტალურად უყვებოდა გამომძიებლებს თბილისის სხვადასხვა უბანში განხორციელებულ ტერაქტებზე.

იმის თქმა გვინდა, რომ ბრალდებული გოგიტა არქანია თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მას აშშ-ის საელჩოსთან, რკინიგზის სადგურთან და სხვა ადგილებში განსახორციელებელი აფეთქებების დეტალებს დაწვრილებით უყვებოდა, ამიტომ ძალაუნებურად ეჭვი გვებადება - თუკი ბრალდებული გოგიტა არქანია იმასაც არ მალავდა, რომ აშშ-ის საელჩოსთან, სასაფლაოს კედლიდან  რამდენი სანტიმეტრის მოშორებით დადო ასაფეთქებელი მოწყობილობა, ის დაავიწყდებოდა, რომ თურმე ჯერ კიდევ ოქტომბერში ტელეკომპანია "იმედის" ტერიტორიაზე ღობის მეორე მხრიდან სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა გადააგდო?!

თუკი ბრალდებულმა გოგიტა არქანიამ დეკემბერში მიცემულ ჩვენებებში, რომლებიც ასე გაპიარდა ტელევიზიებით, სპეციალურად დამალა "იმედთან" გადაყრილი სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ამას რაიმე მიზეზი ხომ უნდა ჰქონოდა? თუმცა როდესაც ერთ-ერთ აფეთქებას ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, უკვე სულერთია, კიდევ რამდენი "ჯოჯოხეთის მანქანა" არ აფეთქდა - განაჩენი მაინც უმკაცრესი იქნება!

საზოგადოებაში ჩნდება გონივრული ეჭვის ორი ვარიანტი.

პირველი - ბრალდებულმა გოგიტა არქანიამ ჯერ კიდევ დეკემბერში დაკავებისას აღიარა ტელეკომპანია "იმედის" ტერიტორიაზე სამი ასაფეთქებელი მოწყობილობის გადაყრა, მაგრამ ეს ფაქტი ხელისუფლებამ დროებით სპეციალურად მიჩქმალა, რათა რამდენიმე თვის შემდეგ ხელახლა  წამოეწია ტერაქტების თემა და საზოგადოების ყურადღება ისევ ამ თემაზე გადაეტანა.

მეორე - გოგიტა არქანიას არ გადაუყრია ასაფეთქებელი მოწყობილობები "იმედის" ტერიტორიაზე. სპეცსამსახურებმა ტერაქტებში ბრალდებულებისგან დეკემბერში ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობების ნაწილი თავად განათავსეს ტელეკომპანია "იმედის" ტერიტორიაზე და მათი აღმოჩენა და ვიდეოკამერების წინ გაუვნებლება მხოლოდ უწყებრივი პიარი იყო.

ამასთან, არ არის გამოსარიცხი თავად ტელეკომპანია "იმედის" იმიჯის გამოკეთების თავისებური მცდელობა, იმ იმიჯისა, რომელიც "მოდელირებული ქრონიკის" შემდეგ საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილში მნიშვნელოვნად დაეცა.

არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება - ასაფეთქებელი მოწყობილობები მართლაც ოქტომბერში გადაიყარა "იმედის" ტერიტორიაზე, მაგრამ ამის შესახებ გოგიტა არქანიამ არ იცოდა. "კოჭომ",  იმავე მერაბ ყოლბაიამ დაკავების შემდეგ განაცხადა ამ ფაქტის შესახებ, მაგრამ რაღაც მოსაზრების გამო შსს-მ ვიდეოაღიარება მაინც გოგიტა არქანიას გააკეთებინა...