რატომ არიან ქვეყნისთვის საშიში დროშების მოფრიალე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები... - კვირის პალიტრა

რატომ არიან ქვეყნისთვის საშიში დროშების მოფრიალე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები...

"ოქრუაშვილი ცხინვალში ახალ წელს ქართული დროშის აღმართვით იქადნებოდა, სააკაშვილმა ორი ათასამდე დროშა მიატანინა ცხინვალთან, ახლა კი ნათელაშვილი იმუქრება რუსულ საოკუპაციო ბაზებზე ხუთჯვრიანი დროშების დაკიდებით..."

"...და მალე ავაფრიალებთ დროშას რუსულ სამხედრო ბაზაზე,"- ამ სიტყვებით დაამთავრა ამომრჩევლებისადმი თავისი ერთ-ერთი პოლიტიკური სატელევიზიო მიმართვა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა თბილისი-გორის ავტობანის იმ მონაკვეთიდან, სადაც ყველაზე ახლოს არის მოჩოჩებული"რუსული ოკუპაციის მავთულხლართები და საიდანაც ერთ-ერთი რუსული საოკუპაციო სამხედრო ნაწილიც მოჩანს.

შეიძლება ამ სიტყვებით პოლიტიკოსმა ნათელაშვილმა თავისი პარტიის შემორჩენილი, ერთგული ამომრჩევლების გული მოიგო, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები კიდევ ერთხელ დააზარალა, ისევე, როგორც მანამდე ოქრუაშვილმა და სააკაშვილმა.

სამხედრო ჟურნალისტიკაში 28-წლიანი საქმიანობის პერიოდში ჩვენ ყოველთვის ვერიდებოდით პოლიტიკურ დებატებში ჩართვას, მაგრამ როდესაც პოლიტიკოსები თავიანთი უპასუხისმგებლო განცხადებებით სამხედრო სფეროში იჭრებიან და არ ითვალისწინებენ, რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს ამომრჩევლის გულის მოსაგებად წამოსროლილ მათ წინასაარჩევნო სლოგანებს, გაჩუმება ძნელია.

2006 წელს ქართული დროშის ცხინვალის ცენტრში აფრიალებას დაგვპირდა ირაკლი ოქრუაშვილიც. როგორც მოსალოდნელი იყო, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის (რომელიც, ფაქტობრივად, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურ დაჩრდილვას ცდილობდა და ეს განცხადებაც მოსახლეობის ფართო მასებზე ზემოქმედებისთვის იყო გამიზნული) ეს დაქადნება არასერიოზულ პიარაქციად დარჩა, თუმცა იმ პერიოდში დიდი ზიანი მიაყენა საქართვლოს სახელმწიფო ინტერესებს.

პირველი - ცხინვალელ სეპარატისტებს გაუჩნდათ საუკეთესო საბაბი, მთელი მსოფლიოს გასაგონად ეყვირათ, ხომ ხედავთ, ქართველების თავდაცვის მინისტრი ახალ წელს მშვიდობიანი ცხინვალის დაბომბვასა და ქალაქში შემოჭრას აპირებსო...

მეორე - რუსეთის გენერალიტეტს მიეცა საფუძველი, გაეგრძელებინა ოსური და აფხაზური სეპარატისტული ხელისუფლების მალულად შეიარაღება და ამასთან, რუსული "სამშვიდობო ძალების" საფარქვეშ საქართველოს ამ რეგიონებში ფარულად განეთავსებინა სადაზვერვო-დივერსიული შეიარაღებული ჯგუფები, რაც კარგად გამოადგა აგვისტოს ომის დაწყებისას.

მესამე - თავდაცვის მინისტრის ამ უპასუხისმგებლო განცხადებამ ახალ წელს ცხინვალში ქართული დროშის აფრიალების შესახებ უარყოფითად იმოქმედა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერთა თვალშიც კი, და გაჩნდა საფრთხე, ქვეყანას აგრესორის იარლიყი მისწებებოდა.

მეოთხე და მთავარი - რომელი ნორმალური თავდაცვის მინისტრი აცხადებს წინასწარ, რომ კონკრეტულ რიცხვში კონკრეტული მიმართულებით საბრძოლო ოპერაციას დაიწყებს? ოქრუაშვილამდე ეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გრაჩოვმა გააკეთა 1994 წლის დეკემბერში, როდესაც საქვეყნოდ განაცხადა, რომ ახალ 1995 წელს (თავის დაბადების დღეს) გროზნოს ორიოდე საპარაშუტო-სადესანტო პოლკით აიღებდა და იქ რუსეთის სამფეროვან დროშას ააფრიალებდა, თუმცა, როგორი ბართლომეს ღამე მოუწყვეს გროზნოს ქუჩებში ჩეჩნებმა რუს სამხედროებს, მთელმა მსოფლიომ დაინახა, როგორც გამოჩნდა, თბილისის გარდა, რადგან 11 წლის შემდეგ გრაჩოვის ქართველმა კოლეგამ იგივე სისულელე გაიმეორა...

ქართული დროშების ცხინვალში საზეიმოდ აფრიალების მცდელობამ დიდი ზიანი მიაყენა ქართულ არმიას 2008 წლის 8 აგვისტოსაც, როცა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გორში ჩაიტანეს ორი ათასამდე ქართული ხუთჯვრიანი და ოსური დროშები და ტრიბუნა, რომელიც გათავისუფლებული ცხინვალის ცენტრში უნდა დაედგათ, გარშემო კი დროშები აღემართათ და პირდაპირი სატელევიზიო ჩართვით პრეზიდენტს მთელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის ემცნო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ამ პიარკამპანიას საბრძოლო მოქმედებების გეგმა შეეწირა, კერძოდ, ამ დროს ქართული არმიის მე-4 ქვეითი ბრიგადა ცხინვალის მარცხენა ფლანგს უტევდა და მისი საბრძოლო ამოცანა იყო ძარის შემოვლითი გზის ბლოკირება და გუფთის ხიდზე გასვლა, რაც უდიდეს ტაქტიკურ უპირატესობას მოუტანდა ქართულ მხარეს და გააძნელებდა (ან სულაც შეუძლებელს გახდიდა) მოწინააღმდეგის მიერ ჯავიდან ალყაშემორტყმულ ცხინვალში დამხმარე ძალების გადმოსროლას, მაგრამ ორიათასდროშიანი საპრეზიდენტო კეკლუცობის დასაცავად ბრიგადის დიდი ნაწილი ცხინვალისკენ შემოაბრუნეს, რის გამოც ვერ მოხერხდა ვერც ძარის შემოვლითი გზის გადაკეტვა, ვერც გუფთის ხიდის ბლოკირება და მოწინააღმდეგეს საშუალება მიეცა, ცხინვალში დამატებითი ძალები და საბრძოლო ტექნიკა შემოეყვანა...

აი, ამ ყველაფრის შემდეგ ახლა უკვე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შალვა ნათელაშვილი იმუქრება, რომ არჩევნების შედეგად პრორუსული ხელისუფლების გაყრის შემდეგ ის რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზებზე ქართულ დროშებს ააფრიალებს, არადა, იქნებ თვითონ მთავარი ლეიბორისტი იმეორებს ირაკლი ოქრუაშვილის პრორუსულ საქციელს?

წარმოუდგენია კი პოლიტიკოს ნათელაშვილს, რა საბრძოლო შესაძლებლობები აქვს რუსულ მე-4 (ცხინვალის რეგიონში) და მე-7 (აფხაზეთში) საოკუპაციო სამხედრო ბაზებს საქართველოში და რა დრო სჭირდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონებში სამხრეთის სამხედრო ოლქიდან დამატებითი ძალების გადმოსასროლად? ან როგორ ფიქრობს ოპოზიციონერი თუნდაც ახალგორის რუსულ საოკუპაციო სამხედრო ნაწილზე რუსული დროშის ქართულით ჩანაცვლებას - ომით თუ უომრად? თუ ომით, მაშინ აიღებს ის პასუხისმგებლობას იმ უმძიმეს შედეგზე, რომელიც საქართველოს რუსული სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში დაემუქრება, მით უფრო, რომ კრემლი მთელი მსოფლიოს თვალში თავს გაიმართლებს, რუსეთს რას ერჩით, ქართველმა პოლიტიკოსმა ნათელაშვილმა მოინდომა რუსული დროშის ჩამოხევაო...

მაგრამ ცხადია, ნათელაშვილი არავითარ პასუხისმგებლობას არ აიღებს, ისევე, როგორც არ აღიარებს თავდაცვის მინისტრობის დროს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს ოქრუაშვილი და როგორც არ იმჩნევს თავის უდიდეს შეცდომებს სააკაშვილი, რომლის დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა საქართველოს საშვილიშვილო პრობლემები გაუჩინა...

პოლიტიკურმა პიარმა და ამომრჩევლის გულის მოსაგებად ძნელად შესასრულებელი ან, სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში შეუსრულებელი დაპირებების "გადმოფრქვევამ" ჩვენი ქვეყანა არაერთხელ დააყენა განსაცდელის წინაშე, რადგან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მუქარას მტერიც ისმენს, ემზადება და ამ ყველაფერს მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში საქართველოს იმიჯის შესალახავადაც კარგად იყენებს.

მაგრამ ოპოზიციონერი ნათელაშვილის ეს "ინიციატივა" მაინცდამაინც არ შეესაბამება ასევე ოპოზიციონერი სააკაშვილის 10 სექტემბრის განცხადებას, რომლითაც უკრაინიდან გვარწმუნებდა, მე ის მიშა აღარ ვარო... "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში გამარჯვებისა და ჩემი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში ჩვენს ამოცანას რუსეთთან კონფრონტაცია არ წარმოადგენს, ჩვენი ამოცანაა საშინაო პრობლემების, მათ შორის - შიდა ტერიტორიების პრობლემების გრძელვადიან პერიოდში გადაწყვეტა, - აი, ყოფილი პრეზიდენტის მომხიბლავი და შთამბეჭდავი ახლებური თვალსაზრისი და როცა თვით სააკაშვილი აცნობიერებს (ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს), რომ ამ ეტაპზე რუსეთთან კონფრონტაცია არ შეიძლება, მის პარტიასთან "ჩახუტებულ" ნათელაშვილს რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზებიდან სამფეროვანი დროშების ჩამოხევასა და მათ ადგილზე ქართული ხუთჯვრიანების აღმართვაში ვისი დახმარების იმედი აქვს?

საინტერესოა, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მუდმივად ოპოზიციონერი ნათელაშვილის რუსულ დაზვერვასთან მჭიდრო კავშირზე "ნაციონალური მოძრაობის" სწორედ ის ლიდერები ლაპარაკობდნენ, რომლებიც დღეს მას და ერთმანეთს ლეიბორისტების ოფისში ეხუტებიან.

რა გამოდის? რუსეთის წინააღმდეგ ილაშქრებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება რუსოფილობასა და აგენტობას აბრალებდა?

ნათელაშვილში ანტირუსული განწყობის აღზევება დღესაც ძნელი დასაჯერებელია, სამაგიეროდ, ასეთი პროვოკაციული გამოსვლებით უფრო რეალურია საქართველოსთვის ახალი პრობლემების შექმნის მცდელობა, რუსული სამხედრო აგრესიის განახლების საშიში პერსპექტივითაც კი...

პ.ს. 1998 წლის მაისში "მოქალაქეთა კავშირის" პარტიულმა ლიდერებმა სეპარატისტული აფხაზეთის გალის რაიონში მარულა გამართეს საქართველოს მაშინდელი შინდისფერი დროშების ფრიალით. ისინი იქიდან მშვიდობიანად კი გამოვიდნენ, მაგრამ გალში ქართული არმიისა და შინაგანი ჯარების შეყვანა გახდა საჭირო ქართული ოჯახების იმ აფხაზებისა და ჩრდილოკავკასიელთა შეიარაღებული თავდასხმებისგან დასაცავად, რომელთაც "მოქალაქეთა კავშირის" ფუნქციონერების პიარაქციას განსაკუთრებული სისასტიკით უპასუხეს.

გალის ავანტიურის შედეგი - დაიღუპა შინაგანი ჯარების 17 ჯარისკაცი, 35 მშვიდობიანი მცხოვრები, თავდამსხმელებმა გადაწვეს 1 695 ქართული სახლი...

მაშინდელი "მოქალაქეთა კავშირის" ძირითადი ბირთვი შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერად იქცა, თუმცა თავიანთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ავანტიურების განსახორციელებლად დროშების ფრიალი არ დავიწყებიათ.