მოწინააღმდეგის შემოტევას ვაზიანთან მოიგერიებენ... - კვირის პალიტრა

მოწინააღმდეგის შემოტევას ვაზიანთან მოიგერიებენ...

მიმდინარეობს მზადება ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სამხედრო სწავლების ჩასატარებლად, რომლის დროსაც პრეზიდენტს - უმაღლეს მთავარსარდალს - საშუალება ექნება ვიდეოეკრანზე, ონლაინრეჟიმში დააკვირდეს სწავლების დეტალებს...

ბოლო დიდი სამხედრო სწავლება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური მმართველობა პრეზიდენტის - შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის - ჩათვლით ესწრებოდა, 2009 წლის 30 ივლისს ჩატარდა ორფოლოს პოლიგონზე. თითქმის ორი წლის განმავლობაში ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება არ დასწრებია ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებებს, მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის აგვისტოში ორფოლოში ასეთი სწავლებები კვლავ მიმდინარეობდა.

ამჯერად შეიძლება ნავსი გატყდეს და პრეზიდენტი დაესწროს თბილისთან ახლოს, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დაგეგმილ საჩვენებელ სამხედრო სწავლებას.

ამ სწავლების ორფოლოდან თბილისის მახლობლად გადმოტანა შემთხვევითი არ არის, რადგან ყველასთვის ნათელია - რუსეთის სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში დაცვის უმთავრესი (და შეიძლება - ერთადერთი) ობიექტი სწორედ დედაქალაქი იქნება. ამაზე მეტყველებს ის თავდაცვითი ნაგებობებიც, რომლებიც თბილისის შემოსასვლელებთან იგება... ვაზიანის სამხედრო სწავლება ქართული არმიისთვის შეიძლება პირველი გახდეს, რომელშიც გამოყენებული იქნება ულტრათანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურა; ამ აპარატურის საშუალებით სწავლების დამკვირვებლებს საშუალება ექნებათ, ონლაინრეჟიმში იხილონ ბრძოლის ველის თითოეული მონაკვეთი.

ასეთი აპარატურით აღჭურვილი მართვის ცენტრიდან უფრო ადვილია დანაყოფებისა და საბრძოლო ტექნიკის ეკიპაჟების (მათ შორის - ტანკების, თვითმავალი საარტილერიო დანადგარების, მოიერიშე თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების) მართვა, რაც გამორიცხავს აგვისტოს ომის კოშმარს - გაერთიანებულმა შტაბმა და მაშასადამე, პრეზიდენტმაც, ხშირად არ იცოდნენ, რა ხდებოდა ბრძოლის ველზე...

თავად სწავლების ლეგენდა დაახლოებით ასე გამოიყურება: სავარაუდო მოწინააღმდეგის (იმედია, ახსნა არ სჭირდება, ვინ იგულისხმება რუკებზე დატანილ წითლებში) სადესანტო-მოიერიშე დანაყოფი, ტანკებითა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებით გაძლიერებული, საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი მიმართულებით იწყებს შეტევას. შეტევაზე გადმოსულ მოწინააღმდეგეს აღმოაჩენს უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც მოწინააღმდეგის მოძრაობის ამსახველ ვიდეოკადრებს ონლაინრეჟიმში გადასცემს მართვის ცენტრს. მოწინააღმდეგისთვის გზის მოსაჭრელად იგზავნება სპეციალური ოპერაციების ძალების სადაზვერვო ჯგუფები, რომლებსაც პოლიგონზე "იროკეზისა" და Ми-8 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენები გადასხამენ, მათ კი საჰაერო მხარდაჭერას Ми-24 ტიპის საბრძოლო შვეულმფრენები გაუწევენ.

სადაზვერვო ჯგუფები მოწინააღმდეგის მოძრაობის მარშრუტის შესახებ ზუსტ ინფორმაციას აწვდიან მართვის ცენტრს, რის შემდეგაც საქმეში ქართული Су-25-ების (მათ შორის - "მიმინოების") ოთხი წყვილი ერთვება, რომლებიც მოწინააღმდეგის ჯავშანკოლონას საავიაციო ბომბებს აყრიან. მოქმედებას იწყებს ქართული არტილერიაც - "დანები", "გრადები" და RM-70-ები ჭურვებსა და რაკეტებს არ ზოგავენ მტრის შესაჩერებლად.

საავიაციო და საარტილერიო დარტყმების შემდეგ ქართული ტანკების ჯერი დგება. ისინი შორი მანძილიდან ზუსტ ცეცხლს უხსნიან მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკას, რადგან დამიზნებისა და ცეცხლის მართვის უფრო თანამედროვე სისტემებით არიან აღჭურვილი. მოწინააღმდეგის ავიაციის მცდელობას, დაბომბოს ქართული ჯავშანტექნიკა, ხელს აქტიურად უშლიან თვითმავალი საზენიტო დანადგარები - "შილკები" და გადასატანი სითბური დამიზნების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. საბოლოო შედეგი ადვილად გამოსაცნობია.

გაძლიერებულმა ქართულმა ბატალიონმა მოიგერია მოწინააღმდეგის თბილისზე შემოტევის მცდელობა...

ეს, რა თქმა უნდა, საჩვენებელი სამხედრო სწავლების ლეგენდის სრული ვარიანტი არ არის, მაგრამ თუ მართლაც განახლდა რუსული სამხედრო აგრესია, დედაქალაქზე შემოტევა რამდენიმე მიმართულებით დაიწყება და მოწინააღმდეგე აქტიურად გამოიყენებს როგორც საბრძოლო ავიაციას, ისე შორსმსროლელ არტილერიას ზალპური ცეცხლის - "სმერჩების" ჩათვლით;

ასევე -  ოპერატიულ-ტაქტიკურ "ტოჩკებს". თუკი მოწინააღმდეგის ავიაციას რაღაც მაინც შეიძლება დავუპირისპიროთ, "სმერჩებისა" და განსაკუთრებით "ტოჩკების" წინაშე ქართული არმია, სამწუხაროდ, უძლურია. ამიტომ ცუდი არ იქნება, თუ სამხედრო სწავლების დაგეგმვისას ამ მნიშვნელოვან ფაქტორს გაითვალისწინებენ...