ლიბია - სამოქალაქო ომი კლანებს შორის - კვირის პალიტრა

ლიბია - სამოქალაქო ომი კლანებს შორის

კადაფის რეჟიმის დამხობას "კალაშნიკოვებით" ცდილობენ, ის "მირაჟებით" პასუხობს,  ამერიკელები კი ჩარევას ჯერ ვერ ბედავენ...

ლიბიაში სიტუაცია ელვის სისწრაფით იცვლება. აჯანყებულები ნელ-ნელა იკავებენ დასახლებულ პუნქტებს და კადაფის ერთგული საბრძოლო დანაყოფების შემოტევასაც იგერიებენ. მიუხედავად ამისა, ჯერ გაურკვეველია, გაუძლო კადაფის 42-წლიანმა რეჟიმმა ოპოზიციის შეიარაღებულ შემოტევებს თუ ის რამდენიმე დღეში დაემხობა   (7 მარტს, "კვირის პალიტრის" ამ ნომრის გამოსვლის დღეს, შეიძლება ეს უკვე გარკვეულიც იყოს).

ფაქტია, რომ ოპოზიციამ უშუალოდ ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ჯერ ვერ მოახერხა კადაფის რეჟიმის დამხობა. რაც მეტხანს გაგრძელდება ოპოზიციის შეიარაღებული მსვლელობა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან დასავლეთით - ტრიპოლისაკენ, კადაფის რეჟიმს მეტი დრო დარჩება გონს მოსასვლელად, მოწინააღმდეგეთა მოსაგერიებლად და კონტრიერიშზე გადასასვლელად.

შეიარაღებულ ოპოზიციას სრული გამარჯვებისათვის სასწრაფოდ სჭირდება გარე ძალის, პირველ რიგში კი დასავლეთის რეალური დახმარება, მაგრამ დასავლეთის ქვეყნები ჯერ მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლებიან.

მართალია, ხმელთაშუა ზღვის ამერიკული მე-6 ფლოტის საავიამზიდო ჯგუფი უკვე მიუახლოვდა ლიბიის ნაპირებს, მაგრამ პენტაგონი შეტევაზე გადასვლას არ ჩქარობს.

თეთრი სახლი ერაყისა და ავღანეთის სამხედრო კამპანიების ფონზე ვერ ბედავს, ჩაერთოს კიდევ ერთ შეიარაღებულ კონფლიქტში. ერთდროულად სამ მცირემასშტაბიან საომარ მოქმედებაში ჩართვა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ჩრდილო ამერიკის კონტინენტიდან ათი ათასი კმ-ით არის დაშორებული, თვით ბევრისშემძლე აშშ-ის ეკონომიკისთვისაც ძნელად შესასრულებელი ამოცანაა.

პენტაგონსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერლებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება ლიბიის საჰაერო სივრცის დახურვის თაობაზე; ლიბიის თავზე კი ამჟამად მხოლოდ პრეზიდენტ კადაფის ერთგული სამხედრო-საჰაერო ძალების ის პილოტები (მათ შორის - დაქირავებულებიც) დაფრინავენ, რომლებიც ფრანგული "მირაჟებიდან" და რუსული Су-22М3-ებიდან ბომბავენ აჯანყებულების მიერ დაკავებულ სამხედრო ნაწილებსა და დასახლებულ პუნქტებსაც კი.

თუკი ამერიკული თვითმფრინავები ჩაკეტავენ ლიბიის საჰაერო სივრცეს და არ დაუშვებენ კადაფის ერთგული პილოტების აფრენას, აჯანყებულებისთვის ეს დიდი შვება იქნება, მაგრამ მეორე მხრივ, პოლკოვნიკმა კადაფიმ შეიძლება უკან არ დაიხიოს და ამერიკული თვითმფრინავების ჩამოგდებისა და ლიბიის ტერიტორიულ წყლებში მოდრეიფე დასავლური სამხედრო ხომალდების მისამართით სარაკეტო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცეს...

მოვლენების ასეთი განვითარება ომის დაწყების მომასწავებელი იქნება, არადა, თავად დასავლეთის ქვეყნებშიც ვერ თანხმდებიან, როგორ მოიქცნენ. საფრანგეთის პრეზიდენტი, ტრადიციულად, წინააღმდეგია კადაფის რეჟიმის ჩამოსაგდებად ძალისმიერი მეთოდების გამოყენებისა.

თუკი აჯანყებულებმა უახლოეს დღეებში ვერ შეძლეს არსებული რეჟიმის იარაღით დამხობა, მათ შეიარაღებულ რევოლუციას პოლკოვნიკი მოამარ კადაფი სისხლში ჩაახშობს.