"ახალი ცეცხლისმფრქვეველი პირველად ქართველებზე გამოვცადეთ"... - კვირის პალიტრა

"ახალი ცეცხლისმფრქვეველი პირველად ქართველებზე გამოვცადეთ"...

რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარები ყველაზე ნაკლებად რუსულ გენშტაბში ახსენდებათ და მისი სარდალიც, გენერალ-მაიორი ევგენი სტარკოვი, ჯარების სხვა სახეობათა და გვარეობების სარდლებისაგან განსხვავებით, თითქმის არ ჩანს პრესის ფურცლებზე.

მაგრამ ამ დღეებში თავი მანაც გამოიჩინა, როდესაც ქართველების ხარჯზე რეკლამა გაუკეთა შედარებით ახალ რუსულ რეაქტიული ცეცხლისმფრქვეველ ПДМ-А-ს. გენერლის განცხადებით, ამ ცეცხლისმფრქვევლებმა თავიანთი მაღალი ეფექტიანობა უკვე აჩვენეს საქართველოს მშვიდობისთვის იძულების ოპერაციის დროს და რუსეთის არმია ამ იარაღს დიდი რაოდენობით შეისყიდის.

ეს რუსული რეაქტიული ცეცხლისმფრქვეველი არცთუ შორ მანძილზე მოქმედებს, უშუალო შეტაკებები კი რუსულ-ქართულ საბრძოლო დანაყოფებს შორის თითზე ჩამოსათვლელი იყო და უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსულმა ცეცხლისმფრქვევლებმა თავი, ალბათ, უფრო დიდი ლიახვის ხეობის ქართული სოფლების გადაწვისას გამოიჩინეს, სადაც მათ წინააღმდეგობას არავინ უწევდა...

მიუხედავად ამისა, ქართული არმიის მეთაურობას მოუწევს ამ ინფორმაციის გათვალისწინება და საწინააღმდეგო ზომების მიღება.

დღემდე ჯერ საბჭოთა, შემდგომში კი რუსული არმიის შეიარაღებაში ძირითადად იყო მოძველებული, ქვეითების რეაქტიული ცეცხლისმფრქვეველი (РПО) - РЫС-ი, რომელიც მოგვიანებით Шмель-ით შეიცვალა (მან საბრძოლო ნათლობა ავღანეთის ომში მიიღო). ახალი РПО ПДМ-А "შმელის" გაუმჯობესებული ვარიანტია და Шмель-М-იც ეწოდება.

მისი კალიბრი 90მმ, დამიზნებით სროლის მანძილი კი 800მ-ია (მაქსიმალური სროლის მანძილი 1700 მ-მდე აღწევს). მიზანში მოხვედრისას წარმოიქმნება თერმობარული ეფექტი - რაკეტის კაფსულაში მაღალი წნევით ჩაჭირხნული აირი ავსებს შენობის ოთახებისა თუ სარდაფების სივრცეს, რის შემდეგაც წამის მეათედის დაგვიანებით ხდება ამფეთქის ინიცირება, შედეგად ადამიანი იღუპება როგორც მაღალტემპერატურული იმპულსით, ისე წნევის მკვეთრი ცვლილებით.

თუკი მოწინააღმდეგის სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა მოახერხა სატანკო ბეტონის ბუნკერთან 500-600მ-ზე მიპარვა და მოდერნიზებული "შმელი" ზუსტად შემოაგდო ამბრაზურაში, მაშინ შედეგი სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება...