"სპაიდერების" მოდერნიზაციის დროც დადგა... - კვირის პალიტრა

"სპაიდერების" მოდერნიზაციის დროც დადგა...

"ქართულ ცას მალე დაიცავენ საზენიტო "ობობები", რომელთა აღდგენა-გაუმჯობესებაზე თავდაცვის სამინისტრო ისრაელის "რაფაელს" შეუთანხმდა"

საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფო კომპანია "რაფაელს" შორის შეთანხმება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, საჰაერო თავდაცვითი დანადგარები სრულად აღდგება და მოდერნიზაცია ჩაუტარდება.

რა იგულისხმება ამ ზოგადი ფრაზების მიღმა? ის, რაც, დიდი ხანია, უნდა გაკეთებულიყო. კერძოდ, საქართველოს საჰაერო თავდაცვის ძალების ერთ-ერთი თანამედროვე და საუკეთესო საზენიტო-სარაკეტო სისტემების, "სპაიდერების" მოდერნიზაცია-განახლება, რისი აუცილებლობაც ჯერ კიდევ აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე დადგა.

საქართველო-რუსეთის მეორე ომში (პირველ ომად შეიძლება რუსი ბოლშევიკების 1921 წლის სამხედრო აგრესია მივიჩნიოთ) რუსული სამხედრო დაზვერვისა და გენერალიტეტისთვის მოულოდნელობად იქცა ქართული საჰაერო თავდაცვის საბრძოლო შესაძლებლობები, მაგრამ განა იმიტომ, რომ ქართულ ცას განსაკუთრებულად ვიცავდით ან საჰაერო თავდაცვის ეშელონირებული ზღუდეები მოვაწყვეთ, არამედ იმიტომ, რომ რუსეთის გენშტაბი თვლიდა და კრემლსაც არწმუნებდა, ქართულ ცაში დაუბრკოლებლად გავბატონდებითო...

შედეგად, აგვისტოს ომის სამ დღეში რუსეთმა დაკარგა ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი (მათგან ერთი "ავიამზიდების მკვლელად" მონათლული შორი მოქმედების ბომბდამშენ-რაკეტმზიდი, როგორიც არც მანამდე და არც მერე არავის ჩამოუგდია). სამმა დაზიანებულმა რუსულმა მოიერიშემ მოახერხა აეროდრომებზე დაშვება, მაგრამ მათი აღდგენა-გარემონტება შეუძლებელი აღმოჩნდა, რის გამოც რუსული სამხედრო ავიაციის საერთო დანაკლისი ცხრა თვითმფრინავამდე გაიზარდა.

ქართული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვისას რუსული საბრძოლო თვითმფრინავების ჩამოყრა-დაზიანებაში წვლილი მიუძღვის "სპაიდერის " ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარებსაც, რომლებიც აგვისტოს ომამდე საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ისრაელში, სახელმწიფო კომპანია "რაფაელისგან" შეიძინა.

თბილისში ჩამოტანილი "სპაიდერები" ქართული არმიის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე შეიარაღება იყო და მათი გადაადგილებაც _ გასაიდუმლოებული.

აგვისტოს ომის დროს ისრაელის წარმოებული "სპაიდერები" საბჭოთა "ბუკებთან", "ოსებთან", "იგლებთან" და პოლონურ "გრომებთან" ერთად გამოიყენებოდა და ქართველმა მეზენიტეებმა "სპაიდერიდან" გაშვებული "პითონის" ტიპის საზენიტო რაკეტებით ორი-სამი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს და დააზიანეს. "სპაიდერებიდან" სტარტაღებულ "პითონის" საზენიტო რაკეტებს მფრინავი ობიექტის სითბურ კონტურს უმიზნებდნენ. მათ არ ჰქონდა გამოსხივება რადიოტალღების სახით, რაც რუსული საბრძოლო თვითმფრინავების პილოტებს შეუმჩნეველი რჩებოდათ და ანტისაზენიტო მანევრის განხორციელებას ვერ ასწრებდნენ.

რუსეთის სამხედრო დაზვერვამ ცხინვალთან, საბრძოლო მოქმედებების რაიონში მიწაზე დაცემული, აფეთქებული საზენიტო "პითონების" რამდენიმე დამიზნების თავაკი აღმოაჩინა და მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდნენ, რომ ქართველებს იმ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო (თავის კლასში) საჰაერო თავდაცვის სისტემა ჰქონდათ. ამის შემდეგ დაიწყო რუსეთის სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფების ნადირობა ქართულ "სპაიდერებზე", თუმცა, საბედნიეროდ, უშედეგოდ.

ქართულდროშიანი "სპაიდერები" სახალხოდ პირველად აგვისტოს ომიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ აჩვენეს, როდესაც ქუთაისში 26 მაისის სამხედრო აღლუმი ჩატარდა.

ამის შემდგომ "სპაიდერების" ბატარეები უკვე მოითხოვდა რემონტს და საბრძოლო საჭურვლის, ანუ რაკეტების მარაგის შევსებას, მაგრამ ამ მხრივ წინსვლა დიდი ხნით შეჩერდა, რადგან აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთის განვითარებული ქვეყნების ლიდერებმა საქართველოს შეიარაღებისა და საბრძოლო საჭურვლის შეძენის მხრივ გამოუცხადებელი ემბარგო მოუწყვეს.

ისრაელს ყოველთვის თავისი პოლიტიკა ჰქონდა და გერმანიისა თუ საფრანგეთის ლიდერების რჩევას, საქართველოსთვის თავდაცვითი დანიშნულების შეიარაღებაც კი არ მიეყიდათ, არაფრად ჩააგდებდა, მაგრამ აქ თავი იჩინა სხვა სტრატეგიულმა გათვლამ. ნატოს წევრი საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ლიდერები აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს გამოუცხადებელ საიარაღო ემბარგოს იმის შიშით უწესებდნენ, ვაითუ პუტინმა ზამთარში იაფი რუსული გაზი გადაგვიკეტოსო, ისრაელის მიზანი კი სხვა გახლდათ.

აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე მოსკოვსა და თელ-ავივს შორის შედგა არააფიშირებული შეთანხმება _ ისრაელი წყვეტდა საქართველოსთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას, სამაგიეროდ, რუსეთი აჩერებდა ირანისთვის თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიყიდვას... საქართველოსთან ისრაელის თანამშრომლობის შეწყვეტა ნიშნავდა, რომ შეჩერდა ამ ქვეყნიდან უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების შეძენა, ტანკებზე ცეცხლის მართვის თანამედროვე აპარატურის დამონტაჟება, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მოდერნიზაცია და საზენიტო "სპაიდერების" გაუმჯობესების პროგრამა.

ამის შემდეგ 12-მა წელმა განვლო და, მხოლოდ ახლა მოხერხდა ქართული "სპაიდერების" "გამოცოცხლებისთვის" რეალური ნაბიჯების გადადგმა. გარდა ამისა, თავდაცვის უწყებაში ავიაციის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ავიაციის პარკის მოდერნიზების თაობაზე ირაკლი ღარიბაშვილი "ელბიტ სისტემების" წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საფრენი აპარატების თანამედროვე რადიოელექტრონული სისტემებით აღჭურვის საკითხებზე იმსჯელეს.

ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემით ქვეყნის საჰაერო საზღვრების სრული ჩაკეტვა ურთულესი საქმე (საქართველოს მთაგორიანი რელიეფის გათვალისწინებით) და უძვირესი სიამოვნებაა. სამაგიეროდ, შეიძლება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე მეტ-ნაკლებად ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის "ქოლგის" გადაფარება. ესეც ძალიან ძვირი იქნება, თუმცა ქვეყანას ის უფრო ძვირი უჯდება, როდესაც ჩვენს ცაში დაუსჯელად დაფრინავენ მოწინააღმდეგის თვითმფრინავები თუ შვეულმფრენები, რაც აგვისტოს ომის დროს თითქმის მთელმა საქართველომ საკუთარ თავზე გამოცადა.

როდესაც სავარაუდო მოწინააღმდეგეს ეცოდინება, რომ მის საჰაერო შეტევებს საქართველო ღირსეულ პასუხს გასცემს და დაუსჯელს არ დატოვებს, დაფიქრდება, წამოიწყოს აგრესია თუ არა.

რატომ გაღიზიანდა რუსეთი ქართული საჰაერო თავდაცვის მოდერნიზაციით?

როგორც კი გაცხადდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ისრაელს ქართული საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციაზე შეუთანხმდა, რუსეთში დიდი აჟიოტაჟი ატყდა, რაც გაამძაფრა გამოცემა "ფორბსში" გამოქვეყნებულმა სტატიამ იმის შესახებ, რომ ისრაელის სპეციალისტების მიერ მოდერნიზებული ქართული საზენიტო დანადგარები საჭიროების შემთხვევაში ისევ "სისხლს გამოუშვებდნენ" რუსულ სამხედრო ავიაციას, როგორც აგვისტოს ომის დროს მოხდა.

რუსი სამხედრო ექსპერტების ნაწილს არ სჯერა, რომ საქართველოს თავისი საზენიტო საშუალებების სრული მოდერნიზაციისთვის სახსრები ეყოფა, ნაწილი ისრაელისგან მოითხოვს, სასწრაფოდ შეწყვიტოს ქართველების დახმარება, ნაწილი კი გვემუქრება, "შეგიმოწმებთ" "სპაიდერების" გარემონტების ხარისხსო.