ახალქალაქი ქართული არმიის სამჭედლო გახდება... - კვირის პალიტრა

ახალქალაქი ქართული არმიის სამჭედლო გახდება...

"თავდაცვის ძალების ახალი მეომრების მომზადების ცენტრი კრწანისიდან ახალქალაქში გადავიდა, რასაც დიდი პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობაც მიენიჭება"

საქართველოს სამხრეთით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალქალაქში თავდაცვის სამინისტრომ ახალი სამხედრო ბაზა აამოქმედა, თუმცა ეს ობიექტი თავისი დანიშნულებითა და მნიშვნელობით სცილდება ჩვეულებრივ სამხედრო ბაზას და სერიოზულ დატვირთვას იძენს.

20 სექტემბერს ახალქალაქში გაიხსნა "უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი", იგივე "ბი-სი-ტი".

"ბი-სი-ტის" პროგრამით შეიარაღებული ძალების კონტრაქტით მომსახურეთა საწყისი სამხედრო მომზადების პროგრამა ქართულ არმიაში 18 წლის წინ დაიწყო და კრწანისის სასწავლო ცენტრში ხორციელდებოდა.

ახალქალაქში ამ ცენტრის გადატანამდე ყოფილ საბჭოთა სამხედრო ბაზას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, აიგო ახალი შენობები და ახლა აქ ერთდროულად 800-მდე რეკრუტის 10-კვირიანი შეუფერხებელი საწყისი საბრძოლო მომზადება შეიძლება.

ფაქტი, რომ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ახალი საკუთარი ბაზა აქვს, თავისთავად მისასალმებელია, თუმცა ამ მოვლენას კიდევ ერთი, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი მხარეც ჰქონდეს - სამცხე-ჯავახეთში თავდაცვის ძალების განლაგებით საქართველოს სამხრეთ რეგიონში ქვეყნის სტრატეგიული მდგომარეობა განმტკიცდება. ახალქალაქსა და მიმდებარე სოფლებში ქართველი სამხედროების საველე წვრთნები და მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობა იქაურებს დაანახებს, რომ თბილისს ეს რეგიონი არ დავიწყებია. გარდა ამისა, ახალქალაქში ქართული სამხედრო ბაზის ამოქმედება სოციალური თვალსაზრისითაც ხელსაყრელი უნდა გახდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. რა დასამალია და, მათი ნაწილი 13 წლის წინ იმიტომაც იყო უკმაყოფილო ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანით, რომ მათ სამუშაო ადგილები და შემოსავალი დაკარგეს - ვინ ბაზაზე მუშაობდა, ვინ კი სამხედრო ნაწილს პროდუქტს აწვდიდა და თუკი ახლა მოსახლეობის ნაწილი ისევ შეძლებს ამჯერად უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში" მუშობას, ნაწილი ამ ბაზას პროდუქტით სისტემატურად მოამარაგებს (ოღონდ არა ისე, ახალციხის სამხედრო სასადილოში კარტოფილი თბილისის ცენტრალური ბაზიდან რომ ჩაჰქონდათ ხოლმე), ახალქალაქელები ქართველ სამხედროებთან საქმიან ურთიერთობას დაამყარებენ და ამ ცენტრის გამართული მუშაობითა და გაძლიერებითაც დაინტერესდებიან.

ჩვენი დოსიე: 1828 წელს რუსმა გენერალმა პასკევიჩმა ახალქალაქი აიღო და ერთი წლის შემდეგ რუსეთს შეუერთა. მას შემდეგ აქ მეფის რუსეთის არმიის გარნიზონი ჩადგა. საბჭოთა პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, ახალქალაქში წითელი არმიის 51-ე გამაგრებული რაიონი შეიქმნა იმისთვის, რომ გერმანიის მიერ ომში თურქეთის ჩარევის შემთხვევაში მოწინააღმდეგე შეეჩერებინა. 1946 წელს ამ გამაგრებული რაიონის ბაზაზე ჩამოყალიბდა მე-12 სატყვიამფრქვევო-საარტილერიო ბრიგადა, რომელიც ერთი წლის შემდეგ დივიზიად იქცა. 1958 წელს მე-12 სატყვიამფრქვევო-საარტილერიო დივიზია 147-ე მოტომსროლელ დივიზიად გადაკეთდა და ამ სახელით იყო დისლოცირებული ახალქალაქში საბჭოთა კავშირის დაშლამდე. 1992 წლის მაისში დივიზიამ მიიღო 62-ე რუსული სამხედრო ბაზის სტატუსი, ხოლო 2007 წლის 1-ლ ოქტომბერს ის საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანეს.