ყარაბაღის ომის საფრთხეები საქართველოსთვის - კვირის პალიტრა

ყარაბაღის ომის საფრთხეები საქართველოსთვის

"ბაქო დაელოდა რუსული სამხედრო სწავლება "კავკაზ-2020"-ის დამთავრებას, რომლის ნაწილი სომხეთშიც ჩატარდა და..."

27 სექტემბერს, გამთენიისას, მთიანი ყარაბაღის ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით დაწყებული ბრძოლები ოფიციალურმა ბაქომ იმით ახსნა, რომ სომხურმა მხარემ დაიწყო საარტილერიო დაბომბვა, რის შემდეგაც აზერბაიჯანმა კონტრშეტევითი ოპერაცია წამოიწყო. გასაგებია, რომ დაპირისპირებული მხარეები ცდილობენ, ცეცხლის გახსნა ერთმანეთს გადააბრალონ, მაგრამ იმის მიხედვით, როგორი მასშტაბურია აზერბაიჯანის არმიის ერთდროული სატანკო და საჰაერო შეტევები მთიანი ყარაბაღის ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით, ეჭვი აღარ რჩება, რომ ეს ოპერაცია დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი აზერბაიჯანის გენშტაბის ოპერატიულ სამმართველოში. ეს არც არის გასაკვირი, რადგან 1994 წლის შემდეგ სომხეთს, ფაქტობრივად, შექმნილი აქვს დე ფაქტო სიტუაცია - ის თითქმის მთლიანად აკონტოლებს არათუ მთიან ყარაბაღს, არამედ აზერბაიჯანის კიდევ შვიდ რაიონს, რომლებიც არასდროს შედიოდა მთიანი ყარაბაღის საბჭოთა ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში, თუმცა ეს რაიონები სომხეთს უშუალოდ ყარაბაღთან აკავშირებს.

აზერბაიჯანი განვლილი 26 წლის განმავლობაში არ შეურიგდა ასეთ მდგომარეობას და ცდილობს დაიბრუნოს ის ტერიტორიები, რომლებიც მას საბჭოთა პერიოდში ოფიციალურად ეკუთვნოდა. ოფიციალურმა ბაქომ ეს სცადა 2016 წლის აპრილში, თუმცა დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლების პირველ საათებში მოულოდნელობის ეფექტის მეოხებით საბრძოლო უპირატესობა მოიპოვა. 2020 წლის 12-15 ივლისის სასაზღვრო შეიარაღებული ინციდენტი Aაზერბაიჯან-სომხეთის თოვუზ-ტავუშის მონაკვეთზე, რომელიც საქართველოს საზღვართან უფრო ახლოა, ვიდრე ყარაბაღთან, ვერ იქნება მიჩნეული ყარაბაღის ომის ერთ-ერთ ფრაგმენტად. სამაგიეროდ, 2020 წლის 27 სექტემბერს, გამთენიისას, მთიანი ყარაბაღის ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით დაწყებული აზერბაიჯანის არმიის შეტევის დიდი იმედი აქვთ ბაქოში, რაზეც მეტყველებს პრეზიდენტ ალიევის არაორაზროვანი განაცხადი - მთიანი ყარაბაღის პრობლემის არასრული გადაწყვეტა არ იქნება, აზერბაიჯანს საკუთარი მიწების დაბრუნება სურსო... იმას, რომ აზერბაიჯანი ემზადებოდა ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციის დასაწყებად, რამდენიმე გარემოება მიუთითებდა - აზერბაიჯანის არმიამ რამდენიმე დღით ადრე დაიწყო სამხედრო სწავლებები, რისთვისაც ათიათასობით რეზერვისტი იყო მობილიზებული. გააფრთხილეს მაღალი გამავლობის მანქანების, მათ შორის - პიკაპების მფლობელები, რომ საჭიროების შემთხვევაში არმია მათ ავტომობილებს დროებით ჩამოართმევდა.

2016 წლის აპრილის მოვლენებისგან განსხვავებით, დღეს თურქეთი აშკარად უჭერს მხარს აზერბაიჯანს პოლიტიკურად და, ალბათ, სამხედრო ძალითაც - არ დაგვავიწყდეს, რომ ერთი თვის წინ აზერბაიჯან-თურქეთის ერთობლივი სამხედრო სწავლებები ჩატარდა აზერბაიჯანში, ასევე - ნახიჩევანში და თურქი სამხედროების ნაწილი საბრძოლო ტექნიკასთან ერთად იყო სწავლებების რაიონში.

რუსეთი ჯერჯერობით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, რაც ოფიციალური ერევნის ფარულ გულისწყრომას იწვევს. სომხური მხარე ყველა ღონეს ხმარობს, მთელ მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ თურქეთის გამანადგურებლები აზერბაიჯანის მხარეს იბრძვიან, სირიიდან კი თურქეთი ყარაბაღში დაქირავებულ მებრძოლებს გზავნის.

რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებს, 2 ოქტომბერს, როდესაც ეს სტატია იწერებოდა, აზერბაიჯანის არმიამ მოახერხა შვიდამდე დასახლებული პუნქტის დაკავება მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში და აიღო რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე, საიდანაც საგზაო კომუნიკაციები კონტროლდებოდა. ეს ტაქტიკური წარმატება აზერბაიჯანის არმიას მსხვერპლად დაუჯდა - დაიღუპა ათობით მებრძოლი, აფეთქებულია ტანკები, ჯავშანმანქანები, ჩამოყრილია შვეულმფრენები და უპილოტო საფრენი აპარატები.

ბრძოლების დაწყების პირველივე წუთებში სომხეთმა დაკარგა ოთხი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "ოსა", რომლებიც კაპონირებში აზერბაიჯანელებმა ზუსტი სარაკეტო დარტყმებით გაანადგურეს.

ომის შემდგომ დღეებში მოწინააღმდეგე მხარეების საბრძოლო დანაკარგი, ბუნებრივია, გაიზარდა, მაგრამ ზუსტი ციფრების დასახელებას ჯერ აზრი არა აქვს, რადგან ის არათუ ყოველდღიურად, ყოველ საათში იცვლება.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბრძოლა არა მარტო ყარაბაღის მთაგორიან რელიეფზე, არამედ საინფორმაციო სივრცეშიც მიმდინარეობს, ამიტომ საბრძოლო დანაკარგებზე მოწინააღმდეგე მხარეების ნათქვანმის დაჯერება არ ღირს, თუმცა ფაქტია, რომ აზერბაიჯანის არმიას, როგორც შეტევაზე გადასულ მხარეს, შეიძლება მეტი დანაკლისი ჰქონდეს, ვიდრე თავდაცვით პოზიციებზე, სანგრებში მსხდომ სომხებს.

რა საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს სომხეთ-აზერბაიჯანის ომი საქართველოს?

საფრთხე #1

ეს საფრთხე მაშინ გაჩნდება, თუკი წითელი ხიდის რაიონში, სადაც ერთდება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი, აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებს წამოიწყებენ.

კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებზეც კარგად ჩანს, რომ ორივე დაპირისპირებული მხარის სანგრები გადმოდის საქართველოს ტერიტორიაზე (თუმცა ამის დოკუმენტურად დამტკიცება ძნელია, რადგან საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრის სრული დელიმიტაცია და დემარკაცია დასრულებული არა აქვს).

1992-1994 წლების ომის დროს სომხურ და აზერბაიჯანულ სამხედრო ფორმირებებს ამ ადგილებში არაერთი ბრძოლა გაუმართავთ და მათი გასროლილი ჭურვები ქართულ მიწაზეც ეცემოდა.

გარდა ამისა, დაპირისპირებული მხარეები ნაღმავდნენ გზებსა და საზღვრის მონაკვეთებს, რათა მოწინააღმდეგეს არ ეცდა, საქართველოს ტერიტორიიდან ზურგში მოულოდნელი იერიში მიეტანა.

ქართველ მესაზღვრეებს მოუწევთ მეტი სიფრთხილის გამოჩენა, თუკი სასაზღვრო მონაკვეთში საბრძოლო მოქმედებების გადმოტანის საშიშროება გამოიკვეთა.

საფრთხე #2 სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციის შემთხვევაში არ არის გამორიცხული, მათ "ქალაქების ომიც" დაიწყონ, ანუ ერთმანეთის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების, მათ შორის - ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების მიმართულებით ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტები გაუშვან.

სომხეთის არსენალშია "ისკანდერისა" და "ტოჩკა-უ"-ს ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემები (ერევნის ცენტრში არაერთხელ ჩაუტარებიათ ამავე კლასის "ელბრუსის", ანუ "სკადის" სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც, ძირითადად, სააღლუმო განწყობას ქმნიდა და მათი საბრძოლო მზადყოფნა ძალზე საეჭვოა).

აზერბაიჯანის შეიარაღებაშია "პოლონეზის", "ტოჩკა-უ"-სა და "ლორას" ტიპის სარაკეტო სისტემები, რომლებიც არანაკლები დამანგრეველი ძალით გამოირჩევა.

შორსმსროლელი არტილერიის სახით მოწინააღმდეგე მხარეებს ასევე ჰყავთ "სმერჩის", "ურაგანისა" და "გრადის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები.

ბრძოლების დროს მიზანს აცდენილი რაკეტა და ჭურვი არაერთხელ ჩავარდნილა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე და იქ ტრაგედია დაუტრიალებია. ასე მოხდა 1999 წელს, როდესაც ნატოს მიერ გაშვებული ფრთოსანი რაკეტა სერბეთის ნაცვლად ბულგარეთის საზღვრისპირა ქალაქში აფეთქდა. შორს რომ არ წავიდეთ, ორი დღის წინ მთიან ყარაბაღთან გამართული საარტილერიო დუელის დროს რამდენიმე ჭურვი ირანის სოფელთან დაეცა.

საქართველოს საზღვართან რაც უფრო ახლოს გაიმართება ბრძოლები, მით უფრო იზრდება შანსი, რომ სამიზნედაკარგული რაკეტა ჩვენს ტერიტორიაზე ჩამოვარდეს.

საფრთხე #3

სომხეთ-აზერბაიჯანის ომის გაჭიანურების შემთხვევაში ორივე მხარეს დასჭირდება საბრძოლო მარაგის შევსება ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გასახანგრძლივებლად, ორივე ქვეყნამდე სამხედრო ტვირთების ტრანზიტის ძირითადი მარშრუტი კი სწორედ საქართველოზე გადის.

მართალია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთში სამხედრო ტრანზიტს არ დაუშვებენ, მაგრამ ჯერ არავინ იცის, ვითარება როგორ დაიძაბება და საქართველოზე როგორი ზეწოლა განხორციელდება იმისთვის, რომ რუსეთმა - სომხეთს, თურქეთმა კი აზერბაიჯანს სამხედრო დანიშნულების ტვირთები სრული გარანტიით მიაწოდოს...

საფრთხე #4

საქართველოში კომპაქტურად მცხოვრები სომხები და აზერბაიჯანელები გულგრილი არ დარჩებიან იმის მიმართ, რაც მათ ისტორიულ სამშობლოში ხდება, შესაბამისად, ეცდებიან, უფრო სწორად - უკვე ცდილობენ, როგორმე დაეხმარონ თანამემამულეებს. დახმარება შეიძლება იყოს მატერიალური (ჯავახეთსა და ქვემო ქართლში უკვე აგროვებენ ფულს ერევანსა და ბაქოში გასაგზავნად) ან მოხალისეების გაგზავნა ფრონტის ხაზზე. საქართველოსთვის, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის ომში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, მიუღებელი იქნება, თუკი ჩვენი მოქალაქეები თუნდაც ინდივიდუალურად იბრძოლებენ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, არადა, არსებობს საშიშროება, ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჩამოყალიბდეს საბრძოლო რაზმები ყარაბაღის ომში მონაწილეობის მისაღებად.

საფრთხე #5 ერთია, როდესაც საქართველოს მოქალაქე სომხები და აზერბაიჯანელები ყარაბაღის ტყეებში დაუპირიპირდებიან ერთმანეთს, მაგრამ სულ სხვაა, თუ ისინი ამ დაპირისპირებას ქართულ მიწაზე გადმოიტანენ, ეს საშიროება კი რეალური ჩანს, თუ გავითვალისწინებთ 1992-94 წლების გამოცდილებას, როდესაც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელმა დივერსანტებმა სამცხე-ჯავახეთისკენ მიმავალ რკინიგზაზე ხიდი ააფეთქეს, მათმა სომეხმა "კოლეგებმა" კი - მარნეულიდან აზერბაიჯანისკენ გასულ სამგზავრო ავტობუსში - ბომბი.

არც თბილისში ვუჩივით ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი თანაქალაქელების სიმცირეს, მაგრამ, საბედნიეროდ, აქამდე ისინი მშვიდობიანად თანაცხოვრობენ თუმცა სომხეთ-აზერბაიჯანის დღევანდელი ომის გამძაფრების შემთხვევაში აღარაფერია წარმოუდგენელი, მაგალითად, ა.წ.-ის ზაფხულში მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანელები და სომხები პირდაპირ ქუჩებში სასტიკად უსწორდებოდნენ ერთმანეთს.

საფრთხე #6

საბრძოლო მოქმედებებში წარმატება-წარუმატებლობის შესაბამისად, დაპირისპირებულმა მხარეებმა შეიძლება უკიდურესი გადაწყვეტილებებიც მიიღონ და ისეთი ნაბიჯები გადადგან, რაც მთელ სამხრეთ კავკასიას და მათ შორის - საქართველოსაც დაემუქროს.

მაგალითად, სომხეთმა შეიძლება სარაკეტო დარტყმები მიაყენოს როგორც მინგეჩაურის წყალსაცავს, ისე - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, საპასუხოდ კი აზერბაიჯანმა სომხეთის მეწამორის ატომური ელექტროსადგურისკენ გაუშვას რაკეტები... მინგეჩაურის წყალსაცავისა და სტრატეგიული ნავთობსადენის მწყობრიდან გამოსვლა დიდ ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს სამხრეთ კავკასიაში, რომ აღარაფერი ვთქვათ მეწამორის ატომური ელექტროსადგურის მეორე "ჩერნობილად" გადაქცევის უმძიმეს პერსპექტივაზე.

უახლოესი დღეები დაგვანახებს, რა მოხდება მთიან ყარაბაღში - აზერბაიჯან-სომხეთის ომი მთელი რეგიონის უსაფრთხოებას დაემუქრება, თუ ნელ-ნელა ჩაცხრება და ბაქო დროებით ტაქტიკურ წარმატებას, ანუ რამდენიმე სოფლის დაბრუნებას დაჰყაბულდება...

ფაშინიანის ჩამოსაგდებად პუტინმა ალიევს დროებით "მწვანე აუნთო"?

ჩვენს ბლოგზე სტატიაში "გადაჯაჭვული ომები, ანუ რა საერთო აქვთ შეიარაღებულ კონფლიქტებს სირიაში, ლიბიასა და მთიან ყარაბაღში", ჯერ კიდევ 21 ივლისს ვწერდით: "სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უახლოეს მომავალში მშვიდობა რომ არ დაისადგურებს, ისედაც ნათლად ჩანს, მაგრამ თავიანთი პროტეჟეების გამო დაუპირისპირდებიან თუ არა ერთმანეთს იარაღით მოსკოვი და ანკარა?

ამ შემთხვევაში ცოტა განსხვავებული სიტუაციაა, რადგან რაც უნდა დაუჯერებელი ჩანდეს, ამ ეტაპზე პუტინისა და ალიევის ურთიერთობა შეიძლება უფრო თბილი იყოს, ვიდრე პუტინ-ფაშინიანისა.

ამის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ორიოდე წლის წინ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის სავარძელში, ფაქტობრივად, ხალხმა ჩასვა, რისთვისაც კრემლის ერთგული ხელისუფლების ჩამოგდება გახდა საჭირო.

პუტინი ვერ ეგუება ფაშინიანის გაუბედავ მცდელობასაც კი, სომხეთი დასავლეთის ორბიტაზე რუსეთის გვერდის ავლით, პირდაპირი გზით გაიყვანოს და, ალბათ, მიესალმება მისი ხელისუფლების სწრაფ კრახს სომხეთის სათავეში პრორუსული ჩინოვნიკების დასაბრუნებლად.

არ გამოვრიცხავთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო შეიარაღებული შეტაკებები კრემლის მხრიდან იქცა ფაშინიანის ხელისუფლების გაფრთხილებად - თავი გაანებეთ დასავლეთისკენ ყურებას და არ დაგავიწყდეთ, რომ აზერბაიჯანთან ომში ხართ ჩაბმული, თორემ რუსეთი ორიოდე კვირით თვალს დახუჭავს და აზერბაიჯანი თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ცეცხლითა და მახვილით დაუყოვნებლივ შეუდგებაო.

ბუნებრივია, რუსეთი სომხეთს არ დათმობს, რადგან მის გარეშე დაკარგავს ძირითად საყრდენს სამხრეთ კავკასიაში (თუმცა მას რჩება ოკუპირებული ქართული მიწები) და არც თურქეთის გაძლიერებას დაუშვებს ამ რეგიონში.

ნუთუ პროგნოზი მართლდება?! აზერბაიჯანმა ტერიტორიების დასაბრუნებლად ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. ახლა რას უნდა ველოდოთ, ფაშინიანის ხელისუფლების გადადგომასა და ერევანში პუტინის ერთგული სომხური კლანის დაბრუნებას, რის შემდეგაც კრემლი გააქტიურდება და ბაქოს ცეცხლს მაშინვე შეაწყვეტინებს?