რეზერვში - დიახ, ოღონდ არა სამსახურის დაკარგვის ხარჯზე... - კვირის პალიტრა

რეზერვში - დიახ, ოღონდ არა სამსახურის დაკარგვის ხარჯზე...

რეზერვისტებს შეკრების შესახებ ხშირად წინადღეს აცნობებენ ხოლმე, რაც ბევრ უხერხულობას უქმნის სამუშაოს მქონე მამაკაცებს...

დადგა გაზაფხული და განახლდა რეზერვში 27-დან 40 წლამდე მამაკაცების გაწვევის პროცესი. რეზერვისტების მომზადების მესამე მცდელობა გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო და წლის ბოლომდე 18-დღიანი შეკრება თითქმის 5 ათასმა კაცმა გაიარა.

რეზერვისტთა მომზადების ახალი პროგრამა წელიწადში 45-დღიანი შეკრებების გავლას ითვალისწინებს. შეკრებების ადგილზე მათ რეგულარული არმიის ოფიცრები და სერჟანტები ამზადებენ. შეკრებაგავლილი რეზერვისტები ირიცხებიან საარმიო რეზერვის სარეზერვო ქვეითთა ბატალიონებში, რომლებიც მიმაგრებულია კონკრეტული ბრიგადის კონკრეტულ ბატალიონზე. საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში სარეზერვო ბატალიონიდან შეიძლება შეივსოს რეგულარული არმიის კონკრეტული ბატალიონის პირადი შემადგენლობის საბრძოლო დანაკარგი. გარდა ამისა, სარეზერვო ბატალიონი, რომელშიც დაახლოებით 500 კაცია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც ცალკეული საბრძოლო დანაყოფი.

ეფექტური რეზერვის შექმნა რომ აუცილებელია, საკამათო არ არის. ქვეყნის მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი ნაწილი (და პირველ რიგში - ჯანმრთელი მამაკაცები) მეტ-ნაკლებად უნდა ერკვეოდეს ელემენტარულ სამხედრო საკითხებში, მით უმეტეს, რომ შესაძლოა, ქართულ მიწას ომები არც მომავალში მოაკლდეს.

რეზერვისტთა პირველი ნაკადი წელს, 3 მარტს გაიგზავნა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამედიცინო შემოწმებისთვის (სხვათა შორის, სამედიცინო შემოწმების შემდეგ თითქმის ნახევარს იწუნებენ), შემდეგ კი პალდოსა (მუხროვანთან) და ნორიოს რეზერვისტთა მომზადების ცენტრებში გადანაწილდა. მაგრამ ამ პროცესში გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელმაც ბევრი რეზერვისტი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებაში მუშაობთ და საღამოს გირეკავენ, რომ მეორე დილით "ლოკომოტივის" სტადიონზე უნდა გამოცხადდეთ რეზერვისტთა 18-დღიან შეკრებაზე წასასვლელად...

რეზერვში წასვლა, თანაც ორკვირა-ნახევრით, პრობლემა არ არის (ბევრისთვის ეს შეიძლება სასიამოვნო განტვირთვაც იყოს), მაგრამ რა უნდა მოუხერხო სამსახურს, ან როგორ უნდა იპოვო შენი შემცვლელი რამდენიმე საათით ან თუნდაც ორი დღით ადრე?!

წესით, რეზერვისტი წერილობით შეტყობინებას ერთი კვირით ადრე მაინც უნდა იღებდეს, რათა სამსახურში ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩააყენოს.

გამგეობების შესაბამისი სამსახურები რეზერვისტთა გაწვევის მოთხოვნას თავდაცვის სამინისტროდან ხშირად ძალიან დაგვიანებით იღებენ და იძულებული არიან, რეზერვისტებს წერილობითი შეტყობინება კი არ გაუგზავნონ, არამედ ტელეფონით დაურეკონ(?!).

არადა, ტელეფონით შეტყობინებას იურიდიული ძალა არ აქვს და აუცილებელია წერილობითი შეტყობინების  მიტანა, რისი დროც აღარ რჩება, რადგან თავდაცვის სამინისტრო გეგმის შესრულებას დროულად ითხოვს.

დაგეგმილია, რომ უახლოეს პერიოდში თითო სარეზერვო შეკრება ყოველი თვის 3-დან 21-ის ჩათვლით ჩატარდება.

იქნებ ინებონ როგორც თავდაცვის სამინისტროში, ისე გამგეობებში და რეზერვისტებს შეკრების დაწყების შესახებ წერილობითი შეტყობინებები ერთი კვირით ადრე მაინც მიუტანონ, რათა მომავალ რეზერვისტებს სამსახურში პრობლემები არ შეექმნათ - დღეს ხომ სამსახურის შოვნა თითქმის ფანტასტიკის სფეროა და მისი დაკარგვა ტრაგედიის ტოლფასი...