კამიკაძეები კახეთში და ყარაბაღის ომის სხვა საფრთხეები...
კამიკაძეები კახეთში და ყარაბაღის ომის სხვა საფრთხეები...
"ყარაბაღში ომის დაუნდობელი კანონები მოქმედებს - სამიზნე შეიძლება ნებისმიერი გახდეს..."

მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლებიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა და მეტ-ნაკლებად ნათელი გახდა, ვინ რას ელოდება ამ საბრძოლო დაპირისპირებისგან, რომელიც თამამად შეიძლება მოინათლოს ყარაბაღის მესამე ომად.

აზერბაიჯანის ინტერესები


პრეზიდენტმა ალიევმა დიდი სამზა­დისის­ შემდეგ მიიღო სერიოზული გადაწყვეტილება, მთიან ყარაბაღში რამდენიმე მიმართულებით დაეწყო ფართომასშტაბიანი შეტევითი სამხედრო ოპერაცია.

ოფიციალური ბაქოს გეგმა-მაქსი­მუმია, დაიბრუნოს ის ტერიტორიები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე ოფიციალურად შედიოდა აზერბაიჯანის შემადგენლობაში
- მთიანი ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური ოლქი და კიდევ შვიდი რაიონი, რომლებსაც სომხური მხარე, 26 წელია, აკონტროლებს, მაგრამ, მიუხედავად დიდი სამზადისისა, აზერბაიჯანის არმიამ ვერ შეძლო ბლიცკრიგის განხორციელება, რაც მოსალოდნელი გახლდათ რთული მთაგორიანი რელიეფისა და იქ წლების განმავლობაში შექმნილი რამდენიმეეშელონიანი სომხური თავდაცვის ზღუდეების გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის
არმია ინარჩუნებს საბრძოლო ინიციატივას და აგრძელებს შეტევით ოპერაციებს მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთით და სამხრეთით.
ბაქოს პროგრამა-მინიმუმი იქნება, ბრძოლების შეჩერებამდე - და ეს ადრე თუ გვიან, თუნდაც საერთაშორისო პოლიტიკური ზეწოლის შედეგად მოხდება - საბრძოლო მოქმედებების ზონაში რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიბრუნოს.

ბაქოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება სტეფანაკერტისა (აზერბაიჯანელები მთიანი ყარაბაღის დედაქალაქს­ ხანკენდის უწოდებენ) და შუშის დაბრუნებას.


ეს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გაცხადდება, როგორც დიდი სამხედრო-პოლიტიკური გამარჯვება და გარკვეული პერიოდის შემდეგ ბაქომ, შესაძლოა, ისევ განაახლოს შეტევა დარჩენილი ტერიტორიების დასაბრუნებლად.

სომხეთის ინტერესები

ოფიციალური ერევანი ყოველთვის ემზა­დებოდა 26 წლის წინ მის კონტროლქვეშ მოქცეული ტერიტორიების დასაცავად, მაგრამ 27 სექტემბრის გამთენიისას აზერბაიჯანის არმიის შეტევა მათთვის მაინც მოულოდნელობად იქცა.

სომხეთის არმია, არაღიარებული­ მთიანი­ ყარაბაღის ადგილობრივ დანა­ყოფ­ებთან ერთად, ძირითადად, თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებს და თანდათან პოზიციებს კარგავს.

სომხეთის გენერალიტეტი უფრთხის, რომ აზერბაიჯანულმა დანაყოფებმა არ მოახერხონ ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებზე ძირითადი კომუნიკაციების გადაკეტვა, რის შედეგადაც მთიანი ყარაბაღი "ტომარაში" შეიძლება აღმოჩნდეს.

ორკვირიანი ბრძოლების შედეგად სომხეთის არმიისა და განსაკუთრებით - არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დანაყოფების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის საბრძოლო დანაკარგი მნიშვნელოვანია და არსენალს განახლება სჭირდება, მაგრამ ეყოფა კი სომხეთს რესურსი, ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დიდხანს გააგრძელოს?

შეტევაზე გადასული აზერბაიჯანის არმიის დანაკარგი შეიძლება აღემატებოდეს თავდაცვაში მყოფი სომხეთის დანაკარგს, მაგრამ აზერბაიჯანის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი დიდია, რაც ბაქოს საბრძოლო მოქმედებების გაჭიანურების საშუალებას აძლევს.

თურქეთის პოზიცია

მთიანი­ ყარაბაღის სამხედრო გზით დაბრ­უნებაში ანკარა ბაქოს უჭერს მხარს. პოლიტიკური მხარდაჭერა აშკარაა, სამხედრო დახმარებაზე კი ბევრი რამ დაფარულია... დიდი ალბათობით, თურქეთის შეიარაღებული­ ძალების გენერალური შტაბი კონსულტაციას უწევს აზერბაიჯანელ კოლეგებს შეტევითი ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ამასთან, თურქეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა მუდმივად რადიოელექტრონულად აკონტროლებს მეზობელი სომხეთის საჰაერო სივრცეს და ინფორმაციას მყისიერად გადასცემს ბაქოს.

არის მოსაზრება, რომ აზერბაიჯანის თურქული წარმოების დრონები ასე ეფექტიანად და ეფექტურადაც (მათ მიერ გადაღებული წერტილოვანი საჰაერო­ დარტყმების ვიდე­ოებიდან გამომდინარე) სულაც თურქეთიდან დისტანციურად იმართება.


თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, მოძმე აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღისთვის წამოწყებულ ომში ფიასკო არ განიცადოს, ამიტომ აზერბაიჯანის დასახმარებლად თურქეთი ბევრ რამეს გააკეთებს.

რუსეთის პოზიცია


მსოფლიოს დიდი ნაწილი და უპირველესად - თავად სომხები ძალზე გაკვირვებული არიან რუსეთის ნეიტრალური და მშვიდი პოზიციით. Pპრეზიდენტი პუტინი თითქოს ფეხს ითრევს და განზრახ არ ჩქარობს, ჩაერიოს ამ ომში მაშინ, როდესაც­ უფრო ოპერატიულად და აქტიურად მოქმედებს შორეულ სირიასა და ლიბიაში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებამდე პუტინი დროს აძლევს ალიევს, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის არმიამ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიბრუნოს. Kკრემლის ეს ტაქტიკა, ალბათ, განპირობებულია იმით, რომ მთიანი ყარაბაღის ფრონტის ხაზზე სამხედრო წარუმატებლობის გამო სომხეთის მოსახლეობა ფაშინიანის წინააღმდეგ განაწყოს და მისი გადადგომა იმავე ხალხმა მოითხოვოს, ვინც პრემიერ-მინისტრი ხელისუფლებაში მოიყვანა.

ბოლო დღეებში სომხეთში გააქტიურდა ყოფილი პრეზიდენტი ქოჩარიანი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი მეგობრად მოიხსენიებდა, ფაშინიანმა ორჯერ დაიჭირა. ფაშინიანის გადაყენების შემთხვევაში სომხეთის სათავეში ქოჩარიანის დაბრუნების შესაძლებლობა რეალური ხდება, რის შედეგადაც პუტინი ალიევს გააჩერებს და ყველა მოგებული დარჩება - ალიევი იმიტომ, რომ მთიანი ყარაბაღის ნაწილს დაიბრუნებს, პუტინი კი სომხეთში ისევ თავის კაცს დასვამს, რომელსაც დასავლეთისკენ გახედვა აზრადაც არ მოუვა.

ო-დე-კა-ბეს პოზიცია

თავიდანვე მკვდრადშობილი რუსული "მინი-ნატოს", იგივე ო-დე-კა-ბეს ("კოლექ­ტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია", რომელშიც სომხეთის გარდა­ გაერთიანებულია რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი)­ დახმარების იმედი ერევანში ტყუილად ჰქონდათ, რადგან ყველა ამ ქვეყნის სახელით პუტინმა ორი სიტყვით გამოხატა სომხების მთავარი იმედგაცრუება - საბრ­ძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს სო­მხეთის ტერიტორიაზე, შესაბამისად, ო-დე­-კა-ბეს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი­ ვერ ამუშავდებაო. ამიტომ სომხეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ალიევი ერევნისკენ "შეიტყუოს" და სომხეთის ტერიტორია დააბომბინოს. სომხური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა და ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსების ბალისტიკური რაკეტები ყოველდღე ფეთქდება აზერბაიჯანის იმ ქალაქებში, რომლებიც ათეული თუ ასეული კმ-ით არის დაშორებული მთიანი ყარაბაღის საბრძოლო მოქმედების არეალიდან და მიუხედავად ამისა, ალიევს ჰყოფნის მოთმინება, საპასუხო სარაკეტო დარტყმა არ მიაყენოს სომხურ ქალაქებს, რათა ერევანს არ მისცეს საბაბი, დასახმარებლად ო-დე-კა-ბეს მიმართოს, თუმცა აზერბაიჯანელები სომხებს ვალში მაინც არ რჩებიან და "სმერჩის" რაკეტებს არ იშურებენ სტეფანაკერტისა და შუშის დასაბომბავად - იქ ხომ, პუტინის განცხადებით, ო-დე-კა-ბეს არაფერი ესაქმება!

ისე კი, როგორ­ უნდა ჰქონოდათ ო-დე-კა-ბეს იმედი სომხებს, როდესაც ამ ორგანიზაციის ექვსი წევრიდან ხუთი ხელსაც არ გაანძრევს,­ აზერბაიჯანმა ერევანიც რომ დაბომბოს. ბელარუსს შიდა პრობლემები ვერ მოუგვარებია და სომხებისთვის არ სცალია. ესეც რომ არ იყოს, ლუკაშენკო ალიევის მეგობრად ითვლება­ (აზერბა­იჯანი ფინანსურად არაერთხელ დაეხმარა ლუკაშენკოს რეჟიმს, მინსკმა კი ბაქოს "პოლონეზის" ბალისტიკური რაკეტები მიჰყიდა,­ რომლებიც ერევნამდე უპრობლემოდ მიაღწევს) და მას უფრო დაუჭერს მხარს. ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი მუსლიმური ქვეყნებია და გრიგორიანული­ სომხეთის გამო აზერბაიჯანთან საქმეს არ გაიფუჭებენ, ამასთან, ყირგიზეთის დედაქალაქში არეულობაა, პრეზიდენტი შეიარაღებულ ოპოზიციას კონსპირაციულ ბინებში ემალება და რა სომხეთის დახმარებაზეა ლაპარაკი!..

უცხოელი დაქირავებულები ყარაბაღის ომში და საქართველოს პოზიცია


დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს აბრალებენ მთიან ყარაბაღში უცხოელი მებრძოლების მიპატიჟება-ჩაყვანას. სომხური მხარის მტკიცებით, თურქეთი სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ თურქულენოვან მეომრებს გზავნის აზერბაიჯანში, ბაქო კი ერევანს ბრალს სდებს, რომ ქურთ მებრძოლებს უხმობს ყარაბაღში დასახმარებლად. რეალურია თუ არა ეს ურთიერთბრალდებები? როგორც იტყვიან, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს და დაპირისპირებული მხარეები ყველა შესაძლებლობას იყენებენ გასაძლიერებლად, მაგრამ როგორ შეიძლება თურქეთიდან ბაქოში მოხვდნენ სირიაში მებრძოლები, ან ერევანში როგორ ჩავლენ ქურთები და საზღვარგარეთ მცხოვრები სომხები?

ერთადერთი გზა საქართველოზე გადის, უფრო სწორად, ორი მარშრუტი არსებობს - სახმელეთო და საჰაერო. სახმელეთო საზღვრის მასობრივი გადაკვეთა კორონავირუსის პანდემიის გამო ისედაც შეჩერებული იყო. რჩება საჰაერო გზა.

საქართველოს ხელისუფლებამ დროულად ჩაკეტა სამხედრო ტვირთების ტრანზიტი როგორც აზერბაიჯანის, ისე - სომხეთისთვის, ანუ აიკრძალა ამ ქვეყნებისკენ მიმავალი სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადატანა როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო მარშრუტებით, მაგრამ ეს შეზღუდვა არ ეხება, მაგალითად, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების იმ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს, რომლებიც ქართული ცის გავლით აზერბაიჯანში მიფრინავენ, რადგან თურქეთს, როგორც ნატოს წევრ სხვა ქვეყნებს, საქართველო (რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის­ აქტიური პარტნიორი და მის რიგებში გაწევრების მოსურნეა) ყოველწლიურად ნებას რთავს, ჩვენი საჰაერო სივრცე ნებისმიერ დროს უპრობლემოდ გადალახოს, ანუ კონკრეტული ფრენის ნებართვა საჭირო არ არის.

ქართული ცის გავლით აზერბაიჯანისკენ სისტემურად დაფრინავენ ერთ-ერთი­ ცნობილი კომპანიის სატვირთო თვითმფრინავებიც, მაგრამ არც მათი შემოწმების საშუალება აქვს საქართველოს, თუკი ამ თვითმფრინავის ეკიპაჟს არა აქვს მითითებული, რომ მას სამხედრო დანიშნულების ტვირთი გადააქვს.
იგივე ხდება სომხეთისკენ მფრინავ ლაინერებთან დაკავშირებითაც. რუსეთიდან სომხეთისკენ მფრენი სამგზავრო "ბოინგის" საქართველოში დასმა და მისი მგზავრების შემოწმება საერთაშორისო წესების უხეში დარღვევა იქნება. ასე რომ, სტამბოლი-ბაქოსა და მოსკოვი-ერევნის რეისებს რამდენიმე პოტენციური მებრძოლი შეიძლება გაჰყვეს, მაგრამ ეს საქართველოს გასარჩევი­ ვერ და არ იქნება...

რაც შეეხება ქართული ცის გავლით რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების რუსეთიდან სომხეთში ჩაფრენას... 2007 წლის შეთანხმების თანახმად, რომლის მიხედვით, რუსული სამხედრო ბაზები გავიდა საქართველოდან, თბილისმა აიღო ვალდებულება, რომ საჰაერო გზით გაატარებდა რუსულ სამხედრო ტვირთებს სომხეთში გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის მოსამარაგებლად, მაგრამ Aაგვისტოს ომის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ქართული მხარე ასეთ ფრენებს ეწინააღმდეგებოდა. რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო­ თვითმფრინავები სომხეთში, ძირითადად, კასპიის ზღვისა და ირანის გავლით ჩადიოდნენ, თუმცა ხანდახან სომხეთისკენ მათ თურქეთიც კი უშვებდა.

ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შედეგად მიღებული დანაკარგის შესავსებად სომხეთი რუსეთს დახმარებას აუცილებლად სთხოვდა, მაგრამ საკითხავია, ახლა რა პოზიციას დაიკავებს ირანი.

საშიშროება, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ძალით სცადოს დერეფნის გაჭრა, რათა საბრძოლო ტექნიკა და ტყვია-წამალი ჩაუტანოს სომხეთს, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან აზერბაიჯანი უშუალოდ სომხეთის ტერიტორიას არ უტევს, მთიან ყარაბაღში ცეცხლითა და მახვილით მოქმედების უსიტყვო თანხმობა კი ალიევს პუტინმა, ეტყობა, უკვე მისცა...

ყარაბაღს აცილებული რაკეტების ბედი...


აფეთქებების ხმა ყარაბაღიდან ათეული და ასეული კმ-ის დაშორებით, მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზეც გაისმა.
ჯერ იყო და, მთიანი ყარაბაღის სამხრეთ მიმართულებაზე გამართულ ბრძოლებში ერთმანეთისთვის ნასროლი ჭურვები და რაკეტები მეზობელი ირანის სოფლებში აფეთქდა, მერე - საქართველოს აღმოსავლეთში, კახეთში გაისმა აფეთქების ხმა, ბოლოს კი დაღესტანშიც გაფრინდა რაღაც...

ირანი უშუალოდ ესაზღვრება ბრძოლების რაიონს და არ არის გასაკვირი, მის საზღვარზე ჭურვები გადაფრინდეს, მით უმეტეს, რომ შეტევაზე გადასული აზერბაიჯანელები ერთ სამხედრო ეშმაკობას იყენებენ - ისინი ირანის საზღვრის გასწვრივ გადადიან იერიშზე და სომხების ნასროლი ჭურვები ხშირად საზღვრის ზოლს თავს ევლება... ჩვენთან კი ძალიან უცნაური რამ მოხდა - 7 ოქტომბრის საღამოს, საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოსთან და ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოსთან, ფაქტობრივად, ერთდროულად ჩამოვარდა ორი უპილოტო საფრენი აპარატი.

ყვარელთან ჩამოვარდნილი და აფეთქებული დრონის ფრაგმენტების ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ის, სავარაუდოდ, ისრაელის წარმოების დრონი-კამიკაძე "ჰაროპია". ასეთი საბრძოლო დრონები სამხრეთ კავკასიაში შეიარაღებაში მხოლოდ აზერბაიჯანს აქვს და აქტიურად იყენებს ყარაბაღში სომხეთის არმიის წინააღმდეგ. გასაკვირი ის გახლავთ, რომ მთიანი ყარაბაღის საბრძოლო მოქმედებების რაიონიდან ქართულ სოფლებამდე, სადაც ისინი ჩამოცვივდა, 200 კმ-მდეა და როგორ მოხვდა ეს საბრძოლო უპილოტოები ქართულ მიწაზე?! იმის წარმოდგენა, რომ დრონი-კამიკაძე განზრახ გამოგზავნეს ყვარელთან ქართველი გლეხების დასაშინებლად და რქაწითლის ვენახების გასანადგურებლად, ლოგიკას არ ემორჩილება. უფრო რეალური შეიძლება იყოს ის, რომ ამ დრონების მართვის ცენტრიდან ოპერატორებს რადიოკავშირი გაუწყდათ, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ასე ერთდროულად შემთხვევით მოხდა. ჩნდება ეჭვი, რომ დაინტერესებულმა მხარემ გამოიყენა რადიოელექტრონული ბრძოლის თანამედროვე აპარატურა, ოპერატორებს წაართვა მართვის სადავეები და ეს დრონები საპირისპირო მიმართულებით - ჩრდილოეთით, საქართველოსკენ მიმართა, ამის ტექნიკური საშუალებები კი, ალბათ, გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე უნდა ჰქონდეთ...

მთიანი ყარაბაღის ომის გამოძახილის გარეშე ვერც რუსეთი გადარჩა - დაღესტანში, აზერბაიჯანის საზღვრიდან ორმოციოდე კმ-ში, მთის კალთას რაღაც დაეცა, აფეთქდა და 15 მ დიამეტრისა და 2 მ სიღრმის ღრმული დატოვა.

თავდაპირველად იყო ეჭვი, რომ ეს სომხეთიდან რომელიმე აზერბაიჯანული ქალაქისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გახლდათ, მაგრამ აფეთქების შედეგად დარჩენილი ფრაგმენტების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ დაღესტანში შ-300 ტიპის საზენიტო რაკეტა აფეთქ­და, რომელიც რამდენიმე წლის წინ რუსეთმა აზერბაიჯანს მიჰყიდა.

როგორც ჩანს, სომხეთმა მართლაც გაუშვა ბალისტიკური რაკეტა აზერბაიჯანის რომელიმე ქალაქისკენ, რომლის ჩამოსაგდებად ამ საზენიტო რაკეტამ აიღო სტარტი, მაგრამ ის მიზანს ასცდა, რატომღაც არ იმუშავა თვითლიკვიდაციის სისტემამ და რუსული რაკეტა სამშობლოს ამ სახით დაუბრუნდა...