დაბომბილი ქალაქები - რა სამხედრო და პოლიტიკური მიზნები შეიძლება ჰქონდეს სარაკეტო დარტყმებს სომხეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან? - კვირის პალიტრა

დაბომბილი ქალაქები - რა სამხედრო და პოლიტიკური მიზნები შეიძლება ჰქონდეს სარაკეტო დარტყმებს სომხეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან?

11 ოქტომბრის გამთენიისას აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქში - განჯაში საშინელი აფეთქება მოხდა, ეს იყო ყარაბაღის საბრძოლო მოქმედებებისას განხორციელებული ყველაზე ძლიერი აფეთქება, რადგან ამ ქალაქს დაეცა "ელბრუსის" - (ნატოს კლასიფიკაციით "სკადის") ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტა, რომლის თითქმის ერთტონიანმა საბრძოლო მუხტმა დიდი ნგრევა გამოიწვია, 9 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, 34 კი დაიჭრა... ქალაქ განჯაში სომხური იმავე დღეს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, რომელშიც კარგად ჩანს, რომ ანალოგიური "სკადის" გაშვებას როგორ ახორციელებენ სომეხი სამხედროები...

სომხები თითქმის ყოველდღიურად სარაკეტო დარტყმებს აყენებენ აზერბაიჯანის ქალაქებს, ვალში არც აზერბაიჯანელები რჩებიან და "სმერჩებსა" და "ურაგანებს" არ იშურებენ სომხებით დასახლებული ქალაქებისა და სოფლებისთვის, ოღონდ მხოლოდ მთიან ყარაბაღში.

რა სამხედრო და პოლიტიკური მიზნები შეიძლება ჰქონდეს სარაკეტო დარტყმების მიყენებას არასამხედრო ობიექტებისთვის, კერძოდ კი ქალაქების საცხოვრებელი უბნებისთვის?

სამხედრო თვალსაზრისით ასეთი სარაკეტო დარტყმები არავითარ ტაქტიკურ უპირატესობას არ იძლევა, პირიქით ხდება ძვირადღირებული რაკეტების მარაგის ამოწურვა, რომელთა გამოყენება ბევრად უპრიანი იქნებოდა წმინდა სამხედრო სამიზნეების დასაზიანებლად.

სამაგიეროდ, მოწინააღმდეგის ქალაქების წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმებს წმინდა პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რაც ჯერ კიდევ ჰიტლერმა დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც "ფაუ-2" ტიპის პირველ ბალისტიკურ რაკეტებს უშვებდა ლონდონის მიმართულებით, მოგვიანებით იგივე გაიმეორა სადამ ჰუსეინმა თავისი "სკადებით" ისრაელის ქალაქების დაბომბვისას, ხოლო 21-ე საუკუნის დასაწყისში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უკვე რუსეთმა ესროლა მეზობელ საქართველოს ორ ათეულზე მეტი ბალისტიკური რაკეტა, მათ შორის იმ დროისთვის, ულტრათანამედროვე "ისკანდერები".

ეს ბალისტიკური რაკეტები, განსაკუთრებით კი 58 წლის წინ შექმნილი "სკადი", დიდი სიზუსტით არასდროს გამოირჩეოდნენ, მიზნიდან ნახევარი კმ-ით აცილება ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ ეს დიდი უზუსტობა კომპენსირდებოდა 500 კილოტონა სიმძლავრის ბირთვული ქობინის აფეთქებით... alt ჩვეულებრივი, ფუგასური მოქმედების, თუნდაც ერთტონიანი ქობინის აფეთქება მიზნიდან 400-500 მ-ში, მას ბევრს ვერაფერს დააკლებს, ამიტომაც "სკადის" გამოყენებას აზრი აქვს, როდესაც მას დიდ ფართობზე გაშლილ სამიზნეს ესვრიან, მაგალითად ქალაქს.

ქალაქებზე ბალისტიკური რაკეტების სროლის მთავარი პოლიტიკური მიზანი გახლავთ მოსახლეობის დაშინება, მათში პანიკის გამოწვევა და მოწინააღმდეგე მხარის ხელისუფლების იძულება, დათმობებზე წავიდეს.

ამ ყველაფერს კი ყარაბაღის კონფლიქტში ემატება ოფიციალური ერევნის დიდი მცდელობა, რომ ბაქო როგორმე გამოიწვიოს და საპასუხო სარაკეტო დარტყმები უშუალოდ სომხეთის რესპუბლიკის ქალაქებზე განახორციელებინოს, რის შემდეგაც ერევანი "ო-დე-კა-ბეს" და პირველ რიგში, რუსეთს მოსთხოვს ხელშეკრულების იმ პუნქტის შესრულებას, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმის ამუშავებას ითვალისწინებს, თუკი ამ ხელშეკრულების მონაწილე ექვსი ქვეყნიდან (რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) რომელიმეზე სამხედრო თავდასხმა განხორციელდა.

პ.ს. და აი, ერევნის მცდელობამ, აზერბაიჯანი უშუალოდ სომხეთის ტერიტორიის დასაბომბად "შეეტყუებინა", მგონი შედეგი გამოიღო-14 ოქტომბერს, დილით, აზერბაიჯანმა წერტილოვანი საჰაერო დარტყმები მიაყენა სომხურ ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო დანადგარებს, რომლებიც ბაქოს მტკიცებით, ისევ რაკეტების გაშვებას აპირებდნენ აზერბაიჯანული ქალაქების მიმართულებით.

ეს საჰაერო დარტყმები დაადასტურა ერევანმაც და პროტესტი განაცხადა იმაზე, რომ დაბომბვა უშუალოდ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოხდა და საპასუხო ქმედებებით დაემუქრა ბაქოს...

(სპეციალურად საიტისთვის)