რამდენად ემუქრება ყარაბაღის კონფლიქტი სამოქალაქო თვითმფრინავების უსაფრთხოებას...
რამდენად ემუქრება ყარაბაღის კონფლიქტი სამოქალაქო თვითმფრინავების უსაფრთხოებას...
ფოტო:ყარაბაღის დაპირისპირება სამგზავრო თვითმფრინავებსაც ემუქრება...
ყარაბაღის კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეები ავტომატებსა თუ ტანკებზე უფრო სერიოზული შეირაღების გამოყენებაზე გადავიდნენ, რომელთა ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობები ცდება მთიანი ყარაბაღის საბრძოლო მოქმედებების საზღვრებს და შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.
მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებს, მათ შორის, საქართველოში, ირანსა და რუსეთში უკვე ეწვია ყარაბაღის ომის საშიში "ნობათები" უპილოტო-კამიკაძეებისა თუ საზენიტო რაკეტების სახით, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი დიდი საშიშროება, კერძოდ კი იმ საერთაშორისო საჰაერო მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლებიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თავზე გადიან.

სამხრეთ კავკასიაზე გამავალი საჰაერო დერეფნებით ევროპიდან აზიაში და პირიქით მიმართულებით, დღე-ღამეში ათეულობით სამგზავრო ლაინერი დაფრინავს.
მართალია მათი ფრენა მაღალ, 9-11 კმ სიმაღლეებზე ხორციელდება, მაგრამ ეს აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტია ვერ იქნება, გავიხენოთ 2014 წლის 17 ივლისს უკრაინის აღმოსავლეთში, სწორედ ამ სიმაღლეებზე ჩამოგდებული მალაიზიური "ბოინგი", რომელსაც საზენიტო
რაკეტა რუსეთიდან უკრაინაში მალულად შეყვანილმა რუსული "ბუკის" ეკიპაჟმა ესროლა და 298 უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა.
დიდი ალბათობით, ეს შეცდომის ბრალი გახლდათ, მაგრამ ასეთივე ტრაგიკული შეცდომა უკვე 2020 წლის 8 იანვარს განმეორდა, როდესაც თეირანის აეროპორტიდან აფრენისას ირანული "ტორის" ოპერატორმა ორი საზენიტო რაკეტა გაუშვა უკრაინული "ბოინგის" მიმართულებით და 167 ადამიანის ცოდვა დაიდო.
საზენიტო რაკეტები შეცდომიც სამგზავრო ლაინერებსაც აგდებენ
შორს რომ არ წავიდეთ, ყარაბაღის პირველი ომის "სინდისზე" უკვე არის ამგვარი დანაშაული, როდესაც თავისთვის მფრენი თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს - 1994 წლის 17 მარტს მოსკოვიდან თეირანში მიფრინავდა ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი "ჰერკულესი", რომლის ბორტზე 32 ადამინი იმყოფებოდა, მათ შორის ირანელი დიპლომატების ოჯახების წევრებიც. რუსეთიდან საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლის შემდეგ, ირანულმა "ჰერკულესმა" ფრენა სომხეთისკენ განაგრძო, თუმცა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ზონას მიუხლოვდა, რომლის დროსაც სომხებმა საზენიტო "ოსადან" გაშვებული ორი რაკეტით ჩამოაგდეს, აზერბაიჯანის თვითმფრინავი ეგონათ... ოფიციალური ერევანი დიდი ხანი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ 32 ირანელის დაღუპვა "ჰერკულესის" მთასთან შეჯახებამ გამოიწვია და სომხეთი არაფერ შუაში იყო, თუმცა უტყუარი ფაქტების დადების შემდეგ სომხეთმა ირანს ბოდიში მოუხადა...

რამდენიმე დღის წინ ერევნის მოსახლეობა ღამით გაშვებული საზენიტო რაკეტების გამაყრუებელმა ხმაურმა გამოაღვიძა, სომხეთის თავდაცვის სამინისტომ ერევნელები დააწყნარა, რომ სომეხმა მეზენიტეებმა ამ რაკეტებით აზერბაიჯანელების შვიდი უპილოტო ჩამოაგდეს, რომლებიც სომხეთის დედაქალაქს მიუახლოვდნენო (თუმცა მას შემდეგ არავის წარმოუდგენია ამ "ჩამოყრილი" უპილოტოების ფრაგმენტები).

სწორედ ამ დროს, როდესაც სომხეთის დედაქალაქის თავზე ასეთი პერიპეტიები იმართებოდა, ერევნის თავზე ერთ-ერთი ქართული ავიაკომპანიის "ეარბასმა" გადაიფრინა, რომელიც "საქონელმზიდის" არაოფიციალურ სახელს ატარებს და სისტემატურ ფრენებს ახორციელებს თბილისიდან ერაყის ქალაქ სულაიმანიაში, სადაც ქართული ცხვარი ჩაჰყავს.
კრიტიკულ მომენტებში, როდესაც მეზენიტეები რადიოლოკატორების ეკრანებზე გაფაციცებით ეძებენ საჰაერო სამიზნეებს, დიდი ალბათობაა, რომ მათ შეეშალოთ და რაკეტა იმავე ზონაში მყოფი სამგზავრო თვითმფრინავისკენ გაუშვან, რისი სამწუხარო მაგალითებიც ზემოთ მოვიყვანე.

სხვათა შორის, 15 ოქტობრის მონაცემებით აღმოჩნდა, რომ ამ ქართულმა ავიაკომპანიამ საბედნიეროდ შეცვალა ფრენის მარშრუტი, რომელიც ერაყიდან ირანზე, ნახიჩევანსა და სომხეთზე გადიოდა და ახლა უფრო უსაფრთხო გზით დაფრინავს, თურქეთის საჰაერო სივრცის გავლით პირდაპირ თბილისისკენ.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია უკვე ამუშავებს ახალ საჰაერო მარშრუტებს, რომლებიც უსაფრთხო მანძილზე გვერდს აუვლიან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში გახვეულ რაიონს, მაგრამ თუკი საბრძოლო დაპირისპირება აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთებზეც გადავა (როგორც ეს ა.წ.-ის ივლისში მოხდა) და თანაც საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, მაშინ საერთაშორისო საჰაერო ფრენების მარშრუტებმა შეიძლება საერთოდ გვერდი აუარონ სამხრეთ კავკასიას...

(სპეციალურად საიტისთვის)