ყარაბაღის კონფლიქტი საქართველოში მომავალ ენერგომატარებლებსაც შეეხო... - კვირის პალიტრა

ყარაბაღის კონფლიქტი საქართველოში მომავალ ენერგომატარებლებსაც შეეხო...

17 ოქტომბერს, გამთენიისას, ყარაბაღის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან მესამე კვირის თავზე, საბრძოლო მოქმედებების შედეგი აზერბაიჯანიდან საქართველოში მომავალ, სამუხ-გარდაბნის საერთაშორისო მნიშვნელობის 500 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზსაც შეეხო.

ეს მნიშვნელოვანი ელექტროგადამცემი ხაზი ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ზონიდან რამდენიმე ათეული კმ-ითაა დაშორებული, მაგრამ მაინც დაზიანდა, რადგან სომხეთის მხარემ მესამედ მიაყენა სარაკეტო დარტყმა აზერბაიჯანულ ქალაქ განჯას და თანაც "სკადის" ბალისტიკური რაკეტით, რომლის ერთტონიან საბრძოლო ქობინს აფეთქებისას დიდი დამანგრეველი ძალა აქვს..

ამასთანავე, სომხეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა აზერბაიჯანის მთავარ ენერგეტიკულ ჰაბზე-მინგეჩაურის ელექტროსადგურზე, თუმცა აზერბაიჯანელი სამხედროების მტკიცებით, მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოახერხა ამ სარაკეტო საფრთხის ნეიტრალიზება.

საქართველო სომხეთ-აზერბაიჯანის მორიგ დაპირისპირებაში მკაცრ ნეიტრალიტეტს იცავს, მაგრამ იმის გამო, რომ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ ჩვენს სამეზობლოში მიმდინარეობს, სრული უსაფრთხოების გარანტია საქართველოსთვის ვერ იარსებებს. ამაზე მეტყველებს, ერთი კვირის წინ კახეთში ჩამოვარდნილი ორი "გზააბნეული" აზერბაიჯანული დრონი-კამიკაძე და დღევანდელი ფაქტი, როდესაც განჯაში აფეთქებულმა სომხურმა ბალისტიკურმა რაკეტამ საქართველოში მომავალი ელექტროსადენი დააზიანა.

აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროხაზების გარდა სხვა ენერგომატარებლებიც გადმოდის, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსას ნავთობსადენები, ასევე ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენი (სამხრეთ კავკასიის მილსადენი).

საგულისხმოა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენი ერთმანეთის სიახლოვეს, 10-28 მეტრის დაშორებითაა გატარებული აზერბაიჯანის იმ ტერიტორიაზე, რომელიც თავისუფლად ხვდება სომხეთიდან საარტილერიო და სარაკეტო დარტყმის, ასევე დივერსიული ქმედებების არეალში და ერთი ჭურვით ან რაკეტით, ერთბაშად ორივე, სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობსადენისა და გაზსადენის გამოყვანა შეიძლება მწყობრიდან.

იმ მონაკვეთებში, სადაც ეს მილსადენები მიწაშია ჩაფლული, დაინტერესბულმა მხარემ შეიძლება გამოიყენოს შენელებული მოქმედების ჭურვები და რაკეტები, რომლებიც მიწაზე დაცემისას, ჯერ სიღრმეში ჩადიან და შემდეგ დეტონირდებიან.

მიწის ზემოთ გამავალი მილსადენის დაზიანება საჰაერო დარტყმით (რაკეტის კასეტური ქობინით, რომელშიც კუმულაციური მოქმედების მინი-ბომბებია ჩატვირთული) კიდევ უფრო იოლია.

ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენის თურქეთის მონაკვეთზე ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლებს არაერთხელ განუხორციელებიათ დივერსიები აფეთქებების სახით...

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო