"ჯერ ხუთს, შემდეგ ორ რაიონს გავათავისუფლებთ და მერე ვილაპარაკოთ მთიანი ყარაბაღის სტატუსზე..." - კვირის პალიტრა

"ჯერ ხუთს, შემდეგ ორ რაიონს გავათავისუფლებთ და მერე ვილაპარაკოთ მთიანი ყარაბაღის სტატუსზე..."

"ბაქომ ყარაბაღის მესამე ომის მთავარი მიზანი მთელ მსოფლიოს ამცნო, რას იზამს ერევანი სომხეთის არმიის თანდათანობით უკან დახევის ფონზე?"

ყარაბაღის მესამე ომის დაწყებიდან მესამე კვირის თავზე, 17 ოქტომბერს, აზერბაიჯანმა ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე ქალაქი ფიზული გაათავისუფლა, რაც მანამდე გათავისუფლებული ქალაქების - ჰადრუტისა და ჯაბრაილის, ასევე ხუთ ათეულამდე სოფლის გათვალისწინებით (რომლებსაც აზერბაიჯანელები აკონტროლებენ) უთუოდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს.

ფრონტის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებებზე ბაქოს სამხედრო წარმატება შემთხვევითი არ არის, რადგან აქ მთაგორიანი რელიეფი არ არის და აზერბაიჯანულ ტანკებსა და ჯავშანტექნიკას შეტევა შედარებით უადვილდება.

ფრონტის ჩრდილოეთი ნაწილი მთაგორიანია და იქ აზერბაიჯანის გენერალიტეტმა შეტევის სხვა ტაქტიკა აირჩია - ნაკლები ჯავშანტექნიკა და მეტი ქვეითი, რომელთა ნაწილს სომხების თავდაცვის ზღუდეების ზურგში სხამენ.

რაც შეეხება ფრონტის ცენტრალურ მიმართულებას, რომელიც სწორედ სტეფანაკერტის (იგივე ჰენკენდის) გასწვრივ არის, ამ მხარეს აზერბაიჯანელებს იერიში არ დაუწყიათ, რადგან სამი ათეული წელია, სომხებმა ამ მიმართულების დასაცავად სამმაგი და ოთხმაგი, ეშელონირებული თავდაცვის ზღუდეები მოაწყვეს, ყველა გზა დანაღმეს და იქ მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის გავლა თითქმის შეუძლებელია.

ფლანგებიდან აზერბაიჯანელების შეტევა სომხებს რთულ მდგომარეობაში აგდებს, რადგან მათ შესაჩერებლად ერევანი იძულებულია, არცთუ დიდი ძალები დაქსაქსოს ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე, რომლებიც ერთმანეთისგან არანაკლებ 100 კმ-ით არის დაშორებული. ამასთან, მთაგორიან რელიეფზე გამავალ მცირერიცხოვან გზებზე დამატებითი ძალების გადასროლა ძნელია.

ფრონტის ხაზის სამხრეთ მონაკვეთზე წარმატების მიღწევამ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს საშუალება მისცა, სახელმწიფო დროშა აღემართათ ირანის საზღვართან იმ საგუშაგოზე, რომელზეც 26 წელზე მეტხანს სომხეთის დროშა ფრიალებდა.

ბაქო ცდილობს, მრავალი წლის შემდეგ ირანთან 132 კმ-იანი სახელმწიფო საზღვრის კონტროლი დაიბრუნოს, რაც ნიშნავს, რომ ის მთლიანად დაეუფლება სამხრეთ მიმართულებას.

"ჯერ ხუთს, შემდეგ ორ რაიონს გავათავისუფლებთ და მერე ვილაპარაკოთ მთიანი ყარაბაღის სტატუსზე", - მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 15 ოქტომბერს. ამით მან ყველას მიანიშნა, რომ აზერბაიჯანის არმია შუა გზაზე არ შეჩერდება და ჯერ იმ შვიდ რაიონს გაათავისუფლებს, რომლებიც არასდროს ყოფილა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში.

1994 წელს სომხეთმა აზერბაიჯანის კუთვნილი ამ შვიდი რაიონის დაპყრობით მთიანი ყარაბაღის გარშემო შექმნა ერთგვარი ბუფერული ზონა როგორც საგზაო კომუნიკაციების უზრუნველსაყოფად, ისე თავდაცვითი ზღუდეების ასაგებად, რასაც დღეს ერევანი კარგად იყენებს აზერბაიჯანული არმიის ფართომასშტაბიანი შეტევების ტემპის შესანელებლად.

საერთაშორისო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომლებიც ბაქოსთვის 26 წელი უშედეგოდ გრძელდებოდა, ყოველთვის დგებოდა საკითხი ამ შვიდი რაიონის აზერბაიჯანისთვის უცილობელი დაბრუნების შესახებ, თუმცა სომხეთმა ეს არ გააკეთა, რაც სამხედრო თვალსაზრისით გასაგები გახლდათ - ამით სომხეთი კარგავდა სახმელეთო კომუნიკაციას თვითაღიარებულ მთიან ყარაბაღთან, რაც ამ რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლების სწრაფ კრახს მოასწავებდა.

თუკი აზერბაიჯანი ნელი ტემპით, მაგრამ მაინც შეძლებს ამ შვიდი რაიონის დაბრუნებას და მით უმეტეს - ლაჩინის დერეფნის გადაკეტვას, ეს ბაქოს უდიდეს წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან უშუალოდ სტეფანაკერტსა და შუშაზე იერიშის მიტანის გარეშე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის 26-წლიანი ისტორია დამთავრდება...

P.S. მთიან ყარაბაღში სომხეთის თავდაცვის ზღუდეები ნელ-ნელა ემსგავსება იმ კაშხალს, საიდანაც დაგუბებული წყალი ჟონავს, ადრე თუ გვიან კი შეიძლება კაშხალი ჩამოინგრეს და წყალმა იხუვლოს...

სომხეთის არმიის როგორც შეიარაღების, ისე საბრძოლო მასალების რესურსი იწურება, ფრონტზე განცდილი ყოველი მარცხის შემდეგ არმიის პირადი შემადგენლობის საბრძოლო სულისკვეთებაც ქვეითდება და არ არის გამორიცხული, უკან დახევა მალე გაქცევად იქცეს...