ბალისტიკური "სკადები" საქართველოს საზღვართან გვიფეთქდება - კვირის პალიტრა

ბალისტიკური "სკადები" საქართველოს საზღვართან გვიფეთქდება

განჯა აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქია და იქ დღეს 336 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც, წესით, არ უნდა შეხებოდათ მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული ომი, რადგან საბრძოლო მოქმედებათა არეალის უკიდურესი ჩრდილოეთ ნაწილიდან არანაკლებ 50 კმ-ით არიან დაშორებული, მაგრამ...

ომის დაწყების შემდეგ განჯა სამჯერ დაიბომბა. თუ პირველ შემთხვევაში ქალაქის უბნებში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "სმერჩის" შვიდი რაკეტა აფეთქდა, მეორედ და მესამედ ამ აზერბაიჯანულ ქალაქში უკვე ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების "ელბრუსის" (ნატოს კლასიფიკაციით "სკადის") ტიპის ბალისტიკური რაკეტები ჩაცვივდა, რომლებმაც სახლები დაანგრია; ორ ათეულზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, უფრო მეტი კი დაიჭრა.

რა სამხედრო აუცილებლობა დაინახა ერევანმა, რომ სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მოძველებული, თუმცა, ამასთანავე, ყველაზე დიდი ბალისტიკური რაკეტები ესროლა თუნდაც მტრის, მაგრამ მაინც მშვიდობიანი ქალაქის მოსახლეობისთვის და თანაც მაინცდამაინც ღამით?

სომხეთის ხელისუფლება განჯის ყოველი დაბომბვის შემდეგ უარყოფდა, რომ ბალისტიკური "სკადები" სომხეთის ტერიტორიიდან გაუშვეს, რითიც ირიბად მიანიშნებდა, რომ ეს აუღიარებელი მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ გააკეთა სტეფანაკერტისა და შუშის აზერბაიჯანული "სმერჩებითა" და "ურაგანებით" უმოწყალოდ დაბომბვის საპასუხოდ. შეიძლება ამ "სკადებს" სტარტი მართლაც არ აუღია სომხეთის ტერიტორიიდან (თუმცა ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებს) და ისინი მთიანი ყარაბაღიდან გაისროლეს, მაგრამ ხომ ყველამ იცის, რომ "სკადები" სწორედ სომხეთის არმიის შეიარაღებაში იყო და არა - მთიანი ყარაბაღის საბრძოლო დანაყოფების არსენალში?

გასაგებია, რომ ფრონტის ხაზიდან ასე დაშორებული განჯისა და მინგეჩაურის სისტემატური სარაკეტო დაბომბვებით ერევანი ცდილობს ბაქო საპასუხო ნაბიჯზე "გამოიტყუოს" და რომელიმე სომხური ქალაქი დააბომბვინოს, რათა მოსკოვისგან კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ამოქმედება მოითხოვოს, მაგრამ ერევნის ეს მოქმედება სამხედრო დანაშაულის კვალიფიკაციას უახლოვდება.

არ გვინდოდა ასეთი შედარება, მაგრამ როდესაც ფრონტის ხაზზე ძალიან გაუჭირდა, ჰიტლერმა პირველი ბალისტიკური "ფაუ-2"-ებით ლონდონი და პარიზი დაბომბა, ხოლო "უდაბნოს ქარიშხლის" დროს კუთხეში მიმწყვდეულმა სადამ ჰუსეინმა ასეთივე "სკადები" გაუშვა ისრაელის ქალაქებისკენ.

ისე, რაღა შორს წავიდეთ - ვინც აფხაზეთის ომის დროს სოხუმში ვყოფილვართ, გვახსოვს, როგორ გამოჰყავდათ აფხაზ სეპარატისტებს ტანკი ეშერაში განთავსებული რუსული სამხედრო სეისმოლოგიური სადგურის ღობესთან და იქიდან ესროდნენ სოხუმის დასახლებულ უბნებს. ქართველი არტილერისტების საპასუხო ცეცხლის შედეგად თითო-ოროლა ჭურვი რუსული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზეც ვარდებოდა, რის შემდეგაც გუდაუთიდან რუსი გენერლები მოიერიშე თვითმფრინავებს უშვებდნენ და ქართული ჰაუბიცების განადგურების მოტივით ისევ სოხუმის ქუჩებს ბომბავდნენ.

განჯა პირდაპირი ხაზით სულ რაღაც 40-ოდე კმ-ით არის დაშორებული საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარს დედოფლისწყაროს რაიონში. სომხეთის მიერ ამ აზერბაიჯანული ქალაქისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტები არანაკლებ ნახევარი საუკუნის წინ არის დამზადებული და არსებობს დიდი ალბათობა, რომ ისედაც არაზუსტი "სკადის" (მიზნის აცილების მაქსიმალური მანძილი 500 მ-ს უახლოვდება) მართვის მოძველებული, ავტონომიური ინერციული დამიზნების სისტემა სტარტის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდეს და ფრენა ჩრდილოეთით გააგრძელოს, განჯის ჩრდილოეთით კი საქართველოა, "სკადის" ფრენის მაქსიმალური მანძილიც 300 კმ-ს უახლოვდება და შესაძლოა სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან წამოსულმა მართვადაკარგულმა "სკადმა"თბილისამდე ჩამოაღწიოს. აზერბაიჯანული დრონი-კამიკაძეების კახეთის ზვრებში დაუპატიჟებელი "სტუმრობის" პრეცედენტი (რაც, საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ დასრულდა) ხომ უკვე გვაქვს!..

საიდან აქვს სომხეთს "სკადები"?!

1990 წლისთვის, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის განკარგულებაში იყო ელბრუსის" ("სკადის") ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო დანადგარებით შეიარაღებული სამი სარაკეტო ბრიგადა. 90-ე სარაკეტო ბრიგადა დისლოცირებული გახლდათ საქართველოში, შაუმიანში. 136-ე ბრიგადა განთავსებული იყო აზერბაიჯანში, პერეკეშკიულში, ხოლო 176-ე - სომხეთში, ქალაქ არტიკთან. თითოეული სარაკეტო ბრიგადის შეიარაღებაში "სკადის" გამშვები 12 დანადგარი ირიცხებოდა. მათ არსენალში არანაკლებ სამი ათეული რაკეტა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსმა სამხედროებმა საქართველოდან "სკადები" გაიტანეს (მათი მართვის ოფიცერი გახლდათ საქართველოს მომავალი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც დიდი ომის დაწყების შემთხვევაში ბირთვულქობინიანი "სკადის" გაშვება ევალებოდა ნატოს წევრი თურქეთის ქალაქ ვანის მიმართულებით), ისევე, როგორც აზერბაიჯანიდან, ხოლო სომხეთს შეიარაღებაში გადასცეს "სკადის" გასაშვები რვა დანადგარი და არანაკლებ 24 ბალისტიკური რაკეტა.

11 მ სიგრძისა და 5,8 ტონა მასის "სკადის" ბალისტიკურ რაკეტაში (რომელსაც ტონამდე მასის საბრძოლო ქობინი მიაქვს) ტოქსიკურ თხევად საწვავს ასხამენ, რაც მის ექსპლუატაციას რთულსა და სახიფათოს ხდის. "სკადის" ბოლო რაკეტა საბჭოთა კავშირმა 1988 წელს დაამზადა და ამ რაკეტების საგარანტიო ვადა 22 წელია, ანუ განჯისკენ გაშვებულ "სკადებს" ან საგარანტიო ვადა გაუგრძელეს, ან რუსეთის "ხელშეუხებელი მარაგის" საწყობებიდან გამოუგზავნეს თხევადი საწვავის კომპონენტებთან ერთად, რომელთა არქონას მართლაც განიცდიდა სომხეთის არმია.

მაღალჩინოსანმა სომეხმა სამხედროებმა თბილისთანაც მოსინჯეს ნიადაგი, იქნებ სარაკეტო საწვავის დამჟანგველი მელანჟი (კონცენტრირებულ აზოტმჟავაში გახსნილი ამილი) მოგვყიდოთო, მაგრამ მაშინ სახიფათო მელანჟის მარაგს ქართველი სპეციალისტები ეუთოს სპეციალური პროგრამითა და დაფინანსებით ანადგურებდნენ და სომხეთს, სურვილის შემთხვევაშიც კი ვერავინ გადასცემდა.