დეზინფორმაცია და "სამხედრო ეშმაკობები" ყარაბაღის კონფლიქტში - კვირის პალიტრა

დეზინფორმაცია და "სამხედრო ეშმაკობები" ყარაბაღის კონფლიქტში

ბრძოლის ველზე ტაქტიკური წარმატებები ხშირად "სამხედრო ეშმაკობების" შედეგადაც მიიღწევა, როდესაც მოწინააღმდეგე მხარის დეზინფორმაცია  სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ხორციელდება.

ყარაბაღის მესამე, შეიძლება ითქვას ომის, დაწყებისთანავე სომეხმა მეზენიტეებმა Ан-2 ტიპის "ბიპლანი" ჩამოაგდეს, რაც ერევანში სომხეთის არმიის დიდ მიღწევად წარმოაჩინეს.

ამ ტიპის ერთძრავიანი თვითმფრინავი, რომელსაც ათი მგზავრის გადაყვანა შეუძლია, საბჭოთა კავშირში 1947 წლიდან იწარმოებოდა და მას მოფერებით "კუკურუზნიკსაც" ეძახდნენ, სოფლის მეურნეობაში გამოყენების (ხორბლისა თუ სიმინდის ყანების საჰაერო შესაწამვლად) გამო.

რა საქმე შეიძლება ჰქონოდა ნახევარ საუკუნეზე უფრო "ბებერ" სამგზავრო თვითმფრინავს ფრონტის ხაზის თავზე, ან ისეთი რა გაუჭირდა აზერბაიჯანს, რომელიც ულტრათანამედროვე დრონებს იყენებს წერტილოვანი საჰაერო დარტყმებისთვის, რომ ფრთებზე ნაჭერგადაკრული საფრენი აპარატი შეტევაზე გაეშვა? 'კუკურუზნიკები' ჯერ კიდევ დაფრინავენ აზერბაიჯანული "კუკურუზნიკის" ჩამოგდებით გახარებულმა სომეხმა სამხედროებმა მისი დაცემის ადგილზე მფრინავების გვამების ძებნა დაიწყეს, მაგრამ ვერავის მიაგნეს, რის გამოც დაასკვნეს, თითქოს მფრინავებმა სომხური საზენიტო რაკეტის მოხვედრამდე მოასწრეს პარაშუტებით გადმოხტომა...

სინამდვილეში იმ "კუკურუზნიკში" არც არავინ მჯდარა, არც მგზავრები და არც პილოტები... რადგან აზერბაიჯანელებმა ამ საფრენ რარიტეტს დისტანციურად მართვის მოწყობილობა დაუმონტაჟეს და იგი, ფაქტობრივად, დრონად გადააქციეს!

ასეთი იმპროვიზირებული დრონის გამოყენება არანაკლებ ორი მიზნით შეიძლება:

პირველი - თითქმის ერთი ტონა ტროტილით დატვირთული უპილოტო "კუკურუზნიკი" შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც დრონი-კამიკაძე (თუკი მიზნამდე მიფრენის საშუალება მისცა მოწინააღმდეგემ);

მეორე - მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის პროვოცირებასა და მისი საზენიტო საშუალებების აღმოსაჩენად.

აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სწორედ ეს სამხედრო ეშმაკობა გამოიყენეს, როდესაც სომხების პოზიციისკენ უპილოტოდ გადაკეთებული "კუკურუზნიკი" გაუშვეს.

სომხების რადიოლოკატორებმა, რა თქმა უნდა, აღმოაჩინეს ნელა და საშუალო სიმაღლეზე მფრენი 12 მ სიგრძისა და 18 მ ფრთაგაშლილობის "ბიპლანი", რომელსაც რადიოლოკაციური არეკვლის დიდი მაჩვენებელი აქვს და მისკენ "ოსას" ტიპის საზენიტო რაკეტები გაუშვეს.

სომეხი მეზენიტეების სიხარული აზერბაიჯანული დრონი-"კუკურუზნიკის" ჩამოგდების გამო დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან რამდენიმე წუთში ის სომხური საზენიტო-სარაკეტო "ოსა", რომლიდანაც სტარტი საზენიტო რაკეტებმა აიღო, წერტილოვანი საჰაერო დარტყმით იქნა განადგურებული. 'ოსა' საზენიტო რაკეტას უშვებს როგორც აღმოჩნდა, უპილოტო "კუკურუზნიკი" სომხების საჰაერო თავდაცვის გასააქტიურებლად იქნა "შეგზავნილი", რის შემდეგაც მაღალ სიმაღლეზე "ჩამოკიდებულმა", თურქული წარმოების უპილოტო სადაზვერვო-დამრტყმელმა "ბაირაქტარმა" აღმოაჩინა სომხური საზენიტო "ოსა" და ის ზუსტი დარტყმით გაანადგურა...

მას შემდეგ სომეხმა მეზენიტეებმა კიდევ რამდენიმე "კუკურუზნიკი" ჩამოაგდეს და მორიგი საჰაერო გამარჯვებები მიიწერეს, მაგრამ, საერთო ჯამში, წააგეს, რადგან მათი საზენიტო დანადგარები მოწინააღმდეგემ აღმოაჩინა და გაანადგურა, ხოლო ასეთი "კუკურუზნიკების", რომელთა საფრენი რესურსი ამოწურულია, მაგრამ ბოლო გაფრენას მაინც შეძლებენ, მთელი პოლკი (70 თვითმფრინავამდე)  მოგროვილი აქვთ აზერბაიჯანელებს  და მათი შემდგომი გამოყენება-დაკარგვაც (მათ შორის - დრონი-კამიკაძეების ვარიანტშიც) არ დაენანებათ... ევლახის აეროდრომზე თავმოყრილი აზერბაიჯანული 'კუკურუზნიკები' სამხედრო ეშმაკობა აზერბაიჯანული თანამედროვე საბრძოლო დრონების წინააღმდეგ სომხურმა მხარემაც გამოიყენა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის დიდი ზარზეიმით ავრცელებს მორიგ ვიდეორგოლებს, სადაც კარგად ჩანს ძალზე ეფექტიანი წერტილოვანი საჰაერო დარტყმები, მაგრამ ორი ასეთი ვიდეოს დეტალურად შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ასე ნაქები უპილოტო-კამიკაძის - "ჰაროპის" მართვის ოპერატორების მოტყუებაც ყოფილა შესაძლებელი - ორი სომხური საზენიტო "ოსა", რომლის განადგურებაც დაიკვეხნა აზერბაიჯანულმა მხარემ, სინამდვილეში - ფანერისგან დამზადებული, "ოსას" მიმსგავსებული მულაჟი გახლდათ... სომხებმა ფანერის 'ოსათი' მოატყუეს აზერბაიჯანული დრონი-კამიკაძე პ.ს. ჩამოწერილი, მაგრამ ბოლო გაფრენის რესურსის მქონე საბრძოლო თვითმფრინავების უპილოტო-კამიკაძეებად გამოყენების იდეა პრეზიდენტ პუტინს 21-ე საუკუნის დასაწყისში შესთავაზა წარმოშობით ქართველმა, ცნობილმა რუსმა კონსტრუქტორმა და აკადემიკოსმა გივი ჯანჯღავამ, რომელიც МиГ-29 და Су-27 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების ციფრული სამიზნე-სანავიგაციო კომლექსების შექმნას ხელმძღვანელობდა.

პ.ს.ს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსული მოიერიშის მიერ მარნეულის აეროდრომზე მოულოდნელად მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად სამი ქართული "კუკურუზნიკი" გაგვინადგურდა და იქვე მყოფი რამდენიმე მფრინავი და სპეციალისტი დაგვეღუპა...

(სპეციალურად საიტისთვის)