თავდამსხმელს აცვია ქართული არმიის კამუფლირებული ფორმა... - რაზე მიანიშნებს ბანკის მძარცველის ჩაცმულობა, შეიარაღება და ქცევები - კვირის პალიტრა

თავდამსხმელს აცვია ქართული არმიის კამუფლირებული ფორმა... - რაზე მიანიშნებს ბანკის მძარცველის ჩაცმულობა, შეიარაღება და ქცევები

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული მძარცველის მწირე ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ, 21:00 სთ-სთვის შეიძლება მცირე დასკვნების გაკეთება:

1. მძარცველს აცვია ქართული არმიის კამუფლირებული ფორმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მიიღო საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა.

2. ის შეირაღებულია "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატით, სავარაუდოდ, დასაკეცკონდახიანი მოდელით, შეიძლება "აკს-74" მოდიფიკაციის.

3. მას ფორმაზე მორგებული აქვს განტვირთვის ჟილეტი, რომელშიც სათადარიგო მჭიდეები უწყვია, სავარაუდოდ 5,45 მმ კალიბრის ვაზნებით.

4. მარჯვენა ხელში, შავი ხელთათმანით უკავია ხელყუმბარა, როგორც ერთ-ერთი მძევალი ამტკიცებს. უცნობია ამ ხელყუმბარის მოდელი, მაგრამ დიდი ალბათობით, ის შეიძლება ან "რგდ"-ს ან "ფ-1"-ის ტიპის იყოს, თუკი ეს უკანასკნელია, მაშინ უფრო სახიფათო სიტუაციაა, რადგან "ფ-1" ძლიერ ხელყუმბარად ითვლება და მისი ნამსხვრევები 7 მ-ის რადიუსში სრული დაზიანების გარანტიას იძლევიან (ისე ნამსხვრევების ნაწილი შეიძლება 200 მეტრამდეც კი გაიტყორცნოს), რაც უფრო საშიშია დახურულ სივრცეში, ოთახში, სადაც მძევლები იმყოფებიან.

5. ნიღბიანი თავდამსხმელი ზის სკამზე, მაშინ როდესაც მძევლები იატაკზე სხედან, რაც კამუფლირებულფორმიან და ავტომატიან თავდამსხმელს მათი სილუეტებისგან განასხვავების და იმის გათვალისწინებით, რომ ბანკის ამ ოთახს იატაკამდე შუშები აქვს, სპეცრაზმის სნაიპერებს ზუსტი მოქმედების გარკვეულ შანსს აძლევს, მითუმეტეს, რომ ვიდეოკადრებში დაფიქსირდნენ თანამედროვე მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანებით შეიარაღებული სპეცრაზმელები.

6. ზუსტი სნაიპერული გასროლის შემთხვევაში თავდასხმელს არ ექნება არც საშუალება და არც დრო ავტომატის გამოსაყენებლად, მაგრამ მას თუ მართლაც მოხსნილი აქვს დამცველი რგოლი ხელყუმბარიდან და ის ხელიდან გაუვარდა, აფეთქება 3-4 წმ-ში მოხდება.

7. ის, რომ თავდამსხმელს ქართულდროშიანი შევრონი კამუფლირებული ფორმის მარჯვენა ხელზე უკეთია, შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ მას სამხედრო სამსახური აქვს გავლილი და იცის სამხედრო ფორმის ტარების წესები.

8. ის ვიდეოკადრში, როდესაც მობილური ტელეფონი მისკენაა მიმართული თვალებსაც მალავს, მიუხედავად იმისა, რომ შავი ნიღაბი მის სახესა და კისერს მთლიანად ფარავს, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ უფრთხის დროზე ადრე მისი ვინაობის იდენტიფიცირებას თვალებით და ასევე ხელებით, რისთვისაც შავი ხელთათმანებიც აცვია.

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო