5-დოლარიანი "ლიმონკით" 5 საათში ნაშოვნი 500 ათასი დოლარი?!
5-დოლარიანი "ლიმონკით" 5 საათში ნაშოვნი 500 ათასი დოლარი?!
ზუსტად სამი თვის წინ, 23 ივლისს, უკრაინაში ყოფილმა სამხედრომ ხელყუმბარის აფეთქების მუქარით მძევლად აიყვანა პოლიციელი, მოითხოვა მანქანა­ და მოახერხა ტყეში გაუჩინარება... ერთი კვირის შემდეგ ის აღმოაჩინეს, მაგრამ­ ისევ მოახერხა პოლიციელის მძევლად აყვანა, რის შემდეგ ყოფილი სამხედრო სნაიპერმა მოკლა, მძევლისთვის კი სამი წამი საკმარისი აღმოჩნდა, თავისთვის ეშველა, სანამ ხელყუმბარა მოკლულის ხელში აფეთქდებოდა... მარცხნივ წახვალ - ინანებ, მარჯვნივ წახვალ - მაინც ინანებ. დაახლოებით ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა დღევანდელი ხელისუფლება ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალის
დაყაჩაღებისას.

ძალისმიერი სპეცოპერაციის მომზადების დრო და საშუალებები შსს-საც და სუს-ის ანტიტერორისტულ ცენტრსაც საკმარისად ჰქონდათ, არც მაღალკვალიფიციური სნაიპერების ნაკლებობას განვიცდით, ზეზუსტ სნაიპერულ შაშხანებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია - ბანკის სიახლოვეს საცეცხლე პოზიციებზე სპეცრაზმელებს მძლავრი ოპტიკური სამიზნეებით ისეთი თანამედროვე მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანები ჰქონდათ მომარჯვებული, ბუზს მოარტყამდნენ, მით უმეტეს,
რომ სროლის მანძილი მხოლოდ ორი-სამი ათეული მეტრი იყო. ბანკის შენობის შემინულ ოთახში შეიარაღებული და ნიღბიანი მძარცველის მძევლებისგან განსხვავება რთული არ იყო, მაგრამ ოთახის სქელ შუშას შეეძლო, ტყვიის ტრაექტორია შეეცვალა.

სნაიპერული ცეცხლით (როდესაც რამდენიმე სნაიპერი ერთდროულად ერთ მიზანს ესვრის) თავდამსხმელის წარმატებით ლიკვიდაციის შემთხვევაშიც კი საფრთხე არ გაქრებოდა, პირიქით, გააქტიურდებოდა,­ რადგან მოკლულ თავდამსხმელს ხელიდან ხელყუმბარა გაუვარდებოდა და 3-4 წმ-ში აფეთქდებოდა (თუ, რა თქმა უნდა, ხელყუმბარას დამცველი რგოლი მოხსნილი ჰქონდა და საბრძოლო მდგომარეობაში იყო).

მძარცველის ხელყუმბარა (რომელიც ვიდეოკადრებში კარგად არ ჩანს და მისი სახეობის დადგენა ძნელია) ან "რგდ"-ს, ან "ფ-1" ტიპის უნდა ყოფილიყო. თუ "ფ-1" (რომელსაც "ლიმონკასაც" ეძახიან) ტიპის ხელყუმბარა იყო, მაშინ ერთ პატარა ოთახში თავმოყრილ 19-ვე მძევალს სასიკვდილო საფრთხე დაემუქრებოდა, რადგან აფეთქებისას წარმოქმნილი დაახლოებით 300 ნამსხვრევი 7 მეტრის რადიუსში ასპროც­ენტიანი დაზიანების გარანტიას იძლევა, ზოგიერთი მსხვილი ნამსხვრევი კი შეიძლება ორ ასეულ მეტრამდეც კი გაიტყორცნოს.

"რგდ-5" ტიპის ხელყუმბარის აფეთქებისას წარმოქმნილი დამაზიანებელი ეფექტი­ უფრო ნაკლებია, თუმცა დახურულ სივრცეში არც მისი აფეთქება იქნებოდა უხიფათო იატაკზე მჭიდროდ მსხდომი 19 მძევლისთვის.

სპეციალისტებმა, რომლებიც ჩვენზე უკეთ ერკვევიან ამ დეტალებში, ალბათ, აუხსნეს ხელისუფლების წარმომადგენლებს (რომელთაც უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება­ მძევლების სპეცოპერაციით გათავისუფლების შესახებ), რომ ოთახში ხელყუმბარის აფეთქება მძევლების ნაწილის დაჭრას ან სულაც დაღუპვას გამოიწვევდა და მათი სრული უსაფრთხოების გარანტია არ არს­ებობდა. სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ ვერც მარცხნივ წასვლა გარისკა და ვერც - მარჯვნივ. ის დაჰყაბულდა მძარცველის მოთხოვნებს, გადასცა გამოსასყიდი ნახევარი მლნ დოლარი და უსაფრთხოდ გაუშვა.

ხელისუფლების ასეთი მოქმედება გას­აგებია - საპარლამენტო არჩევნებამდე ათიოდე დღით ადრე ქალაქის ცენტრში სროლითა და აფეთქებით სპეცოპერაციის ჩატარება, რასაც, ალბათ, მძევლების დაშავება ან სულაც დაღუპვა მოჰყვებოდა, ოპოზიციისთვის არჩევნებში გამარჯვების ხონჩით მირთმევის ტოლფასი იქნებოდა...

სპეცოპერაციის პირველი ეტაპი ხელისუფლებამ წარმატებით ჩაატარა, მაგრამ სწორედ ამ მომენტიდან მას წამმზომი ჩაერთო,­ რადგან თანხით სამშვიდობოზე გაშვებული შეიარაღებული მძარცველის არჩევნებამდე დაკავება სწორედ ხელისუფლების პრესტიჟის საქმეა...

პ.ს. 24 ოქტომბრის შუადღეს, როდესაც­ ეს სტატია იწერებოდა, გაუჩინარებული მძარცველის პოვნის შესახებ ინფორმაცია ისევ არ არსებობდა, თუმცა 26 ოქტომბრის მონაცემებით, დამნაშავე პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მისი დაკავების ღონისძიებები.

ჯიხაშკარელ ტერორისტებთან აწეული ჭიქა...


ეს პატარა მოგონება ჩემი ჟურნალისტური პრაქტიკიდან გახლავთ...
1998 წლის თებერვალში ორმა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა ტყე-ღრეში სიარულის შემდეგ მოვახერხეთ შინაგანი ჯარების ალყაში უჩუმრად გაძრომა და სოფელ ჯიხაშკარში ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერეთ პრეზიდენტ შევარდნაძეზე ტერორისტული აქტის განმახორციელებელ გოჩა ესებუასა და მისი ჯგუფის მიერ ზუგდიდში მძევლად აყვანილ გაეროს ოთხ სამხედრო დამკვირვებელთან.

მიუხედავად იმისა, რომ ტერაქტების მონაწილეებს გამართლება არა აქვთ და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ, ჟურნალისტურ თვალს ერთი რამ მაინც მოხვდა - უცხოელი მძევლები ჯიხაშკარში ისეთ სუფრასთან ისხდნენ და ისეთ პატივში იყვნენ, როგორსაც მსოფლიოს ვერც ერთ სხვა კუთხეში მძევლობაგამოვლილი ვერ დაიკვეხნის. "სტოკჰოლმის სინდრომი" ზენიტში იყო...

  • დიდი უცნაურობა - სკამზე მჯდომი ნიღბიანი და ავტომატიანი მძარცველის გვერდით, იატაკზე,­ ახალგაზრდა მამაკაცი მძევლები ისხდნენ, ხოლო მოშორებით - ქალები. ლოგიკურად პირიქით უნდა ყოფილიყო, რადგან მონდომების შემთხვევაში ხელის გაწვდენაზე მყოფ ჯან-ღონით სავსე მამაკაცებს თავისუფლად შეეძლოთ მძარცველის ხელის ხელყუმბარასთან ერთად ბლოკირება. ან იქნებ იმ 19 მძევლიდან ვიღაც მძარცველის თანამზრახველი იყო და ამიტომაც დაისვა თავის სიახლოვეს, რომ მისგან საფრთხეს კი არა, დაცვას მოელოდა?
  • მძარცველმა მძევლებს რატომღაც არ ჩამოართვა მობილური ტელეფონები, არადა, მძევლების აყვანის ისტორიაში ეს თითქმის კანონზომიერია. ვერ მოიფიქრა თუ განზრახ დაუტოვა? მძევალთა ნაწილმა მობილურით საინტერესო ფოტო-ვიდეოკადრებიც კი გადაიღო...
  • ისევე როგორც სამი წლის წინ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ტერორისტების აყვანის ოპერაციისას, არც ზუგდიდში ჩქარობდა ხელისუფლება, მედიისთვის სისტემატურად ელემენტარული ინფორმაცია მაინც მიეწოდებინა, ზოგიერთი სატელევიზიო არხი კი ისევ არღვევდა ანტიტერორისტული ოპერაციის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას - პირდაპირი ეთერით არავითარ შემთხვევაში არ გადაიცეს სპეცრაზმის წევრების გადაადგილება...
  • ბანკის მძარცველი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა, რათა მისი იდენტიფიკაცია გართულებულიყო. მან ნიღაბი და ხელთათმანები გამოიყენა, რომ არც თითის ანაბეჭდები დაეტოვებინა და არც - დნმ-ის კვალი...
  • "კალაშნიკოვიან" მძარცველს მძევლები ბანკის შენობაში უფრო დიდხანს რომ დაეტოვებინა, ზოგიერთ მძევალს მის მიმართ შეიძლება "სტოკჰოლმის სინდრომი", ანუ დიდი სიმპათიაც კი გასჩენოდა...
  • თავდამსხმელმა სწორად გათვალა, რომ ხელისუფლება არჩევნების წინ მძევლების გამოსახსნელად სროლას არ გარისკავდა...
  • ბანკის ძარცვის პირველივე წუთებიდან მძევლების მიმართ გამომჟღავნებული აგრესიითა და ავტომატის სროლით მძარცველმა პოლიცია დაარწმუნა, რომ ის უკან არ დაიხევდა...
  • გახსნილი ხელყუმბარის ფაქტორმა გადამწყვეტი როლი ითამაშა, რადგან მისი აფეთქება მძარცველის გარშემო შემოკრებილი მძევლების სიკვდილს გამოიწვევდა.
  • დიდი თანხის ბანკიდან წარმატებით გატანაში თავდამსხმელს კარგად დაეხმარა სამხედრო და, შესაძლოა, სპეცმომზადებაც, რაც კარგად ჩანდა მის შეიარაღება-აღჭურვილობა-მოქმედებაში.
  • შეიარაღებული თავდამსხმელის გაუვნებლება ყველაზე მოსახერხებელი ბანკიდან გამოსვლისას იყო მისი მაღლა აწეული მარჯვენა ხელის, რომელშიც ხელყუმბარა ეჭირა, სწრაფი დაფიქსირებისა და ბლოკირების საშუალებით...
  • სამხედრო ფორმით მსოფლიოში ბევრი ბანკი გაუძარცვავთ, მაგრამ მასზე მიბნეული სახელმწიფო დროშით - არა...

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
30-11-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
30-11-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები