პუტინმა აღიარა, რომ ალიევს "მწვანე აუნთო"... - კვირის პალიტრა

პუტინმა აღიარა, რომ ალიევს "მწვანე აუნთო"...

ყარაბაღის მესამე ომის დაწყებიდან თითქმის ერთი თვის თავზე (როდესაც ეს სტატია იწერება), აზერბაიჯანის არმიამ ნელი ტემპით, მაგრამ მაინც მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას, ძირითადად, ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე.

ბაქომ მთლიანად დაიბრუნა კონტროლი აზერბაიჯან-ირანის საზღვრის 134 კმ-იან მონაკვეთზე, რომელსაც ბოლო 26 წელი სომხური მხარე აკონტროლებდა.

გარდა ამისა, აზერბაიჯანელი სამხედროები მიადგნენ სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთს, რაც რეალურს ხდის ყარაბაღის მესამე ომის უფრო ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში გადაზრდას უშუალოდ სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთებში.

მაგრამ მოვლენების ასე განვითარება არ შეესაბამება ოფიციალური ბაქოს ინტერესებს - აზერბაიჯანის არმიის გენერალიტეტისთვის უფრო მნიშვნელოვანია შეტევების გაგრძელება ჩრდილოეთ მიმართულებით, ლაჩინის დერეფნის გადასაკეტად.

ამ 26 წლის განმავლობაში, რაც სომხეთი მთიანი ყარაბაღის გარდა, აზერბაიჯანის კიდევ შვიდ რაიონს აკონტროლებდა (რომლებიც არასოდეს შედიოდა მთიანი ყარაბაღის საბჭოთა ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში), ერევანს სტეფანაკერტთან სწორედ ამ რაიონებზე გამავალი სამი ძირითადი გზა აკავშირებდა ჩრდილოეთში, სამხრეთსა და ცენტრში, ლაჩინის დერეფნის სახით.

სამხრეთი მიმართულება აზერბაიჯანელების განკარგულებაში დაბრუნდა, ჩრდილოეთი მაგისტრალი აზერბაიჯანული არტილერიის სამიზნეა, სისტემატურად იბომბება და იმ გზის გამოყენებით ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გადაჯგუფება სომხეთისთვის სახიფათოა.

რჩება მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალი, ლაჩინის დერეფანი, რომელიც სომხებმა განვლილ წლებში ასფალტირებულ, კეთილმოწყობილ საავტომობილო გზად აქციეს და მისი გამტარუნარიანობა (მიუხედავად რთული მთაგორიანი რელიეფისა) მაღალია.

აზერბაიჯანის საბრძოლო დანაყოფები სამხრეთ მიმართულებიდან თითქმის 30 კმ-მდე მიუახლოვდნენ ლაჩინის გზას და უკვე შეუძლიათ მისი საარტილერიო "დამუშავება", თუმცა ბაქოს გეგმაშია შეტევის გაგრძელება, რათა ქვეითებმა და ჯავშანტექნიკამ საიმედოდ გადაკეტონ ეს დერეფანი.

გასაგები ხდება, რომ ზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს არაღიარებული მთიანი ყარაბაღი ერთგვარ "ქვაბში" მოაქციოს და მთლიანად აღადგინოს კონტროლი სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე, რის შემდეგაც ალყაში აღმოჩენილი ყარაბაღის ძირითადი ქალაქების - სტეფანაკერტისა (რომელსაც აზერბაიჯანელები ჰანკენდს ეძახიან) და შუშის ბედი გადაწყვეტილი იქნება...

რამ განაპირობა აზერბაიჯანის არმიის ნელი, მაგრამ რეალური ტაქტიკური უპირატესობა ყარაბაღის მესამე ომში?

უპირველესად, რა თქმა უნდა, უკეთესმა, თანამედროვე შეიარაღებამ (ძვირად ღირებული, მაგრამ უზუსტესი მართვადი რაკეტებისა და ბომბების გამოყენება) და შეტევის ახალმა ტაქტიკამ (შეტევის ძირითად მიმართულებად სამხრეთის და არა ცენტრალური ფლანგის არჩევა, რომელიც ყველაზე უკეთ ჰქონდათ სომხებს გამაგრებული), თუმცა უმთავრესი მაინც პოლიტიკური რეალობა აღმოჩნდა.

ყარაბაღის პირველ ომში, რომელიც 1994 წელს, ფაქტობრივად, სომხეთის გამარჯვებით დამთავრდა, ერევანს მხარში ფარულადაც და აშკარადაც მოსკოვი ამოუდგა, რამაც, ძირითადად, განაპირობა სომხების სამხედრო წარმატება.

მეორე ომში, რომელიც 2016 წელს სულ ოთხი დღე გაგრძელდა, პირველად გამოჩნდა როგორც აზერბაიჯანის არმიის ახალი ტაქტიკა და თანამედროვე შეიარაღება, ისე ახალი პოლიტიკური რეალობაც - კრემლმა ნეიტრალური პოზიცია აირჩია, რაც ოფიციალური ერევნისთვის ცივი წყლის გადასხმის ტოლფასი გახდა.

და, აი, ერთი თვეა, ყარაბაღის მესამე ომი გრძელდება და სომხები ამაოდ ელიან რუსეთის ისეთივე სამხედრო და პოლიტიკურ მხარდაჭერას, როგორმაც 1990-იანი წლების დასაწყისში, ყარაბაღის პირველ ომში, მათ გამარჯვება მოუტანა, მაგრამ სომხეთის ხელისუფლებამ და მოსახლეობამაც დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ჯერ კიდევ სჯერათ, რომ რუსეთი სომხეთის და მით უმეტეს - ყარაბაღის გამო აზერბაიჯანს დაბომბავს ან ალიევს დატუქსავს...

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 22 ოქტომბერს თავის სატელევიზიო მონოლოგში აუღელვებლად განაცხადა, სომხეთიც და აზერბაიჯანიც რუსეთისთვის თანაბარი პარტნიორები არიან და ძალიან ცუდია, რომ იბრძვიან, მაგრამ უსასრულოდ ასე ვერ გაგრძელდებოდა, რომ აზერბაიჯანს თავისი ტერიტორიები ვერ ეკონტროლებინაო...

ანუ რუსეთის პირველი პირისგან გაცხადდა ის, რაც ისედაც ნათელი იყო - ყარაბაღის პირველი ომისგან განსხვავებით, მესამე ომში კრემლმა ბაქოს ტერიტორიების ბრძოლით დასაბრუნებლად "მწვანე აუნთო".