არჩევნები და არმია - კვირის პალიტრა

არჩევნები და არმია

"საპარლამენტო არჩევნებზე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა და მათი ოჯახის წევრების ხმებს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება..."

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და პოლიტიკურ წრეებში დაუნდობელი საინფორმაციო თუ კულუარული ბრძოლა მიმდინარეობს.

კონსტიტუცია კრძალავს თავდაცვის ძალებში პოლიტიკოსებისა და პარტიების მუშაობას და ის ბაკქანალია, რაც სამოქალაქო ცხოვრებაში გაბატონდა, საბედნიეროდ, ვერ აღწევს ქართული არმიის ყაზარმებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავდაცვის ძალების მოსამსახურეები საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და 31 ოქტომბერს მათაც მოუწევთ მოქალაქეობრივი ვალის მოხდა - საარჩევნო ურნასთან მისვლა. ვის მისცემს ხმას ფორმიანი მოქალაქე, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი რაოდენობა არცთუ უმნიშვნელოა. 2020 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემების თანახმად, ძალოვან სტრუქტურებში 82 ათასზე მეტი საშტატო ერთეულია. აქედან თავდაცვის სამინისტროში 40 646 შტატია (მათგან თავდაცვის ძალებში - 37 893), შსს-ში - 30 418, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში - 3 634, სუს-ში - 3 452, პენიტენციარულ სისტემაში - 4 070; დაზვერვის სამსახურში ეს ციფრი გასაგები მიზეზების გამო გასაიდუმლოებულია. მართალია, ყველა საშტატო ერთეული შევსებული არ არის, მაგრამ საერთო სურათი მაინც კარგად ჩანს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ძალოვანთა სრულწლოვანი ოჯახის წევრების რაოდენობაც, რომელთა უმეტესობა, ალბათ, ერთსა და იმავე პარტიას მისცემს ხმას.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3,5 მილიონია, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფთა რიცხვი უფრო ნაკლებია.

ძალოვანი სტრუქტურების პირადი შემადგენლობისა და მათი ოჯახის წევრების (ერთ ოჯახში საშუალოდ სამი სრულწლოვნის გათვალისწინებით) რაოდენობა 240 ათას ამომრჩეველზე მეტია და ქვეყანაში მყოფ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 8-9%-ს მაინც შეადგენს.

ამომრჩეველთა ამ კატეგორიის გულის მოგება სურს როგორც ხელისუფლებას, ისე - ოპოზიციას, თუმცა ზუსტად განსაზღვრა, რომელმა სამხედრომ რომელი პარტიის ნომერი შემოხაზა საარჩევნო ფურცელზე, შეუძლებელია, რადგან, საბედნიეროდ, სამხედრო ნაწილების ტერიტორიებზე აღარ არსებობს დახურული საარჩევნო უბნები (როგორც შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლების დროს ხდებოდა) და ვერავინ აიძულებს ვერც სავალდებულო და ვერც კონტრაქტით მოსამსახურეს, ამა თუ იმ კანდიდატს მისცეს ხმა.

ქართული სამხედრო კონტინგენტისთვის მხოლოდ ავღანეთში, მაზარი-შარიფსა და ბაგრამში შეიქმნება ორი დახურული საარჩევნო უბანი და მათი მონაცემებით გაირკვევა, რომელ პარტიას დაუჭირა მხარი იქ მყოფმა 900-მდე სამხედრომ.

ისე კი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რაც თავდაცვის სამინისტროში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, იქნება ეს ფულადი ანაზღაურების გაზრდა, სამედიცინო დაზღვევის პირობების გაუმჯობესება, საკვების ხარისხის გამოკეთება, ახალი სამხედრო ფორმების ჩამოტანა, სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის მექანიზმის დახვეწა, ყაზარმებისა და სასადილოების კაპიტალური რემონტი და სხვა. საინტერესოა, როგორ გაითვალისწინებს ბოლო წლის დადებით ცვლილებებს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა საარჩევნო ფურცლის ხელში აღების დროს.