ბრალდებულ ბადრი ესებუამდე 22 წლით ადრე მისმა მოგვარემ გაეროს ოთხი სამხედრო დამკვირვებელი აიყვანა მძევლად...
ბრალდებულ ბადრი ესებუამდე 22 წლით ადრე მისმა მოგვარემ გაეროს ოთხი სამხედრო დამკვირვებელი აიყვანა მძევლად...
ფოტო:ბადრი ესებუა, გოჩა ესებუა
1998 წელი საქართველოსთვის ძალიან რთული გამოდგა. ჯერ იყო და, 9 თებერვალს თბილისში, კრწანისთან პრეზიდენტ შევარდნაძის შეჯავშნულ "მერსედესს" ცხვირში ყუმბარსატყორცნის კუმულაციურქობინიანი რაკეტა მოარტყეს, ათ დღეში სამეგრელოში გაეროს ოთხი სამხედრო დამკვირვებელი მძევლად აიყვანეს და სოფელ ჯიხაშკარში ჰყავდათ გამოკეტილი, რამაც მსოფლიო დონის რეზონანსი გამოიწვია. მაისში გალში ნამდვილი ომი დაიწყო, ინტენსიური სროლითა და ქართველების სახლების გადაწვით, ხოლო აგვისტოში - ამჯერად კაკო ელიავამ - სენაკის ბრიგადიდან ტანკები "მოიპარა" და ქუთაისისკენ დაძრა...

როგორც ს
ამხედრო ჟურნალისტს, ყველა ამ მოვლენის ეპიცენტრში მომიწია ყოფნა, შევარდნაძის აფეთქებული "მერსედესის" იმავე ღამეს დათვალიერებიდან ელიავას "მოპარული" ტანკების სენაკის ბრიგადაში დაბრუნების ჩათვლით, მაგრამ ყველაზე თავგადასავლიანი მაინც ჯიხაშკარში, ტერორისტებთან და უცხოელ მძევლებთან მალულად შეპარვა აღმოჩნდა.
სოფელთან ძირითადი მისასვლელები შინაგანი ჯარების მებრძოლებსა და პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი და  "კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიური მასალის
მოსაპოვებლად, ორმა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა ტყე-ღრე შემოვლითი გზებით ვიარეთ, ჯიხაშკარში მებონიას სახლისთვის რომ მიგვეგნო, სადაც გაეროს წარმომადგენლები ჰყავდათ მძევლად აყვანილი.
გოჩა ესებუა უცხოელ მძევლებთან ერთად ჯიხაშკარში. 1998 წლის 21 თებერვალი.
ადგილზე ისეთი სურათი დაგვხდა, რომ მსოფლიოს ისტორიაში მძევლობაგამოვლილი ვერცერთი ადამიანი ვერ დაიკვეხნიდა - მეგრული სტუმართმასპინძლობით გაშლილ სუფრასთან "სტოკჰოლმის სინდრომი" ზენიტში იყო ასული: მძევალ-ტერორისტი ერთმანეთს ჭიქას უჭახუნებდა და მეგობრობას ეფიცებოდა...

მსოფლიოს ტერორიზმის ისტორიაში ამ ერთ-ერთი, ყველაზე დაუჯერებელი ფაქტის ორგანიზატორი კი გოჩა ესებუა გახლდათ, რომელიც 1991 წლიდან პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარეს იბრძოდა, მას გაჰყვა ჩეჩნეთში და იქ მოამზადა ჯგუფი, რომელიც 1998 წლის 9 თებერვალს თბილისში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის კორტეჟს თავს დაესხა.
როდესაც შსს-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმისა და მძევლების აყვანაში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია და ის ბადრი ესებუა გახლავთო, ძალაუნებურად გავავლე პარალელები.
  ბრალდებული ბადრი ესებუა მძევლებთან ერთად ზუგდიდში, ბანკში. 2020 წლის 21 ოქტომბერი.
ორმა ესებუამ 22 წლის ინტერვალით აიყვანა მძევლები და ორივე მათგანს ბრალი წაუყენეს, როგორც ტერორისტებს, მაგრამ არცერთ ესებუას მძევლებისთვის, საბედნიეროდ, არაფერი დაუშავებია - პირველი ელარჯით უმასპინძლდებოდა მძევლებს, მეორე კი ხაჭაპურით დანაყრებას არ უშლიდა.

ჩემთვის უცნობია, ტერორიზმში ბრალდებულ ამ მოგვარეებს შორის არსებობს თუ არა ნათესაური კავშირი, მაგრამ დღეს უკვე აშკარაა, რომ მაშინ, 22 წლის წინ, გოჩა ესებუა სპეცსამსახურებმა გამოიყენეს (არა მარტო ადგილობრივმა), რათა შევარდნაძის მოკვლით საქართველოში ქაოსი დაწყებულიყო.

იმედია, ბადრი ესებუა, რომელსაც სამართალდამცავებმა ბრალდებულის სტატუსი მიანიჭეს, არავის წინასწარ დაწერილი სცენარით არ მოქმედებდა და იგი ცოცხალი გადარჩება, რადგან მისი მოგვარე, მძევლების მშვიდობიანად განთავისუფლებიდან ცოტა ხანში, ალყაში მოაქციეს და ლიკვიდირება მოახდინეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ცოცხლად დაკავება შესაძლებელი გახლდათ. უბრალოდ, იმ ესებუამ ძალიან ბევრი რამ იცოდა...

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები